ვისი ოფისის ხელმძღვანელი გამოიჭირეს კრემლთან კავშირში

რამდენიმე დღის წინ, კატალონიის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი კარლეს პუჩდემონი, იტალიაში, კუნძულ სარდინიაზე დააკავეს. ის პატიმრობიდან გაათავისუფლეს, თუმცა 4 ოქტომბერს სასამართლოში უნდა გამოცხადდეს, სადაც ესპანეთში მისი ექსტრადირების საკითხი გადაწყდება. პუჩდემონის გადაცემას ესპანეთი ითხოვს, რადგან სწორედ ეს ადამიანი ითვლება ესპანეთის შუაგულში სეპარატიზმის და სამოქალაქო დესტაბილიზაციის ერთ-ერთ მთავარ ინიციატორად.

კარლეს პუჩდემონი კატალონიის სეპარატისტული მთავრობის ხელმძღვანელი იყო, რომელმაც 2017 წელს ესპანეთისგან კატალონიის გამოყოფის და დამოუკიდებლობის მიღების მიზნით რეფერენდუმი ჩაატარა. კატალონიის მოსახლეობის ნახევარმა რეფერენდუმის შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა, ოფიციალურმა მადრიდმა ის უკანონოდ სცნო და მალევე სეპარატისტების 12 ლიდერი დააპატიმრა. კარლეს პუჩდემონმა გაქცევა შეძლო და ბელგიას შეაფარა თავი. რამდენიმე წლის განმავლობაში მას ევროპარლამენტის დეპუტატის მანდატი იცავდა. თუმცა ახლა ასე აღარ არის. განსაკუთრებით საინტერესო ამ ეპოპეაში კი ის არის, რომ როგორც ჩანს, არსებობენ არა მხოლოდ უბრალოდ კატალონიელი სეპარატისტები და მათი ლიდერი, რომელსაც ასე ძალიან სურს ესპანეთი ქაოსმა და ეროვნულმა შუღლმა მოიცვას.

არსებობს კიდევ ერთი ჩრდილოვანი მოთამაშე, რომელსაც სწორედ ასეთი თემების გამოყენებით სახელმწიფოების დაშლა და განადგურების უდიდესი გამოცდილება დაუგროვდა. გავიხსენოთ, სეპარატისტების გამოყენებით სხვადასხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევა და დესტაბილიზაციის გამოწვევა ხომ რუსეთის ხელისუფლების საყვარელი საქმიანობაა. ხშირად, კრემლი ამ მიზნის შესასრულებლად დეზინფორმაციის უსასრულო ნაკადებს და ადამიანების აზროვნების სათავისოდ შეცვლასაც იყენებს. როგორც ჩანს, ერთ-ერთ ასეთ მიზნად კრემლი შუაგულ ევროპაში არეულობის მოწყობა დაისახა, განსაკუთრებით კი მას მერე, რაც სწორედ ევროკავშირის ქვეყნებმა მას სასტიკი სანქციები დაუწესეს.

დიდი ხანია არსებობდა ეჭვები მის შესახებ, რომ კატალონიელი სეპარატისტების რეფერენდუმი და ესპანეთისგან „განთავისუფლების“ მოთხოვნა კრემლის დერეფნებში დაიგეგმა. ეს ეჭვები სულ უფრო მეტად მყარდება. რამდენიმე დღის წინ, ესპანელ სამართალდამცველებზე დაყრდნობით, ადგილობრივმა მედიამ „კატალონიის საქმეზე“ ახალი ინფორმაცია გაავრცელა. მოცემულია უამრავი ფაქტობრივი მასალა, მათ შორის პუჩდემონის ოფისის ხელმძღვანელის ჟოზეფ ლუი ალაის კორესპოდენციიდან ამონარიდები. როგორც ირკვევა, ალაი ახლო კავშირში იყო რუს ბიზნესმენ ალექსანდრ დმიტრიენკოსთან. დმიტრიენკო რუსულ სპეცსამსახურებთან და მაფიასთან დაახლოებული პირია. გასაჯაროებულ კორესპონდენციაში პუჩდემონის მარჯვენა ხელი ჟოზეფ ალაი დმიტრიენკოს უწოდებს „ჩვენს კაცს“ რუსეთში, რომელსაც „შეუძლია გახსნას ბევრი კარი მოსკოვში“. ასევე ცნობილი ხდება, რომ დმიტრიენკოსთან ასოცირებული კომპანიები კატალონიელი სეპარატისტების პროექტებს აფინანსებდნენ იმ ჩინური კომპანიის დახმარებით, რომელიც რუსულ ნავთობს ჰყიდის.

ირკვევა, რომ ჟოზეფ ლუი ალაი რამდენიმეჯერ იმყოფებოდა რუსეთში დმიტრიენკოსთან ერთად, სადაც მათი სპეცსამსახურების წარმომადგენლებთანაც ჰქონდათ შეხვედრები. ალაიმ და პუჩდემონმა უკვე დაადასტურეს მოსკოვში გამართული ეს ვიზიტები, თუმცა მათ შესახებ აქამდე საჯაროდ არასოდეს უსაუბრიათ. თავის გასამართლებლად მათ დასძინეს, რომ მხოლოდ ფორმალური შეხვედრები ჰქონდათ მაღალჩინოსნებთან და მედიასთან. ასევე, გასაჯაროებული კორესპონდენციიდან ირკვევა, რომ კატალონიის ხელისუფლება განზრახ არ აკეთებდა განცხადებებს პოლიტიკურად სენსიტიურ თემებზე. მაგალითად, მათ დუმილით უპასუხეს რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტს. როგორც ახლა ირკვევა, ეს დუმილი მრავლისმეტყველი იყო-„ჩემი რეკომენდაციაა ნავალნის საკითხზე დუმილის შენარჩუნება“-მიუწერია მაშინ ალაის პუჩდემონისთვის. ნათელია, ეს სწორედ კრემლის მოთხოვნით მოხდა. ასევე, ჟოზეფ ლუი ალაის მიმოწერა ჰქონდა „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელთან, ევგენი პრიმაკოვ უმცროსთან, რომელზეც კატალონიელი ამბობდა, რომ ის „უფრო გავლენიანია ვიდრე ლავროვი“.

მათ მიმოწერაში, ორმხრივი მხარდაჭერის გამომხატველი მრავალი ფრაზა იძებნება. არა და, ამ დროს, ოფიციალური მოსკოვი კატალონიის საკითხზე ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა და არანაირად არ უჭერდა ღიად მხარს სეპარატისტულ მთავრობას.
აღსანიშნავი ისიც არის, რომ 2017 წელს, ესპანეთში გავრცელდა ოფიციალური ცნობები იმის შესახებ, რომ ღია და დახურული რუსული ჯგუფები ტვიტერის, ფეისბუქის და სხვა სოციალური ქსელების მეშვეობით ცდილობდნენ სეპარატიზმის გაღვივებას. „ბოტები“ ცდილობდნენ კატალონიის მოსახლეობა იმაში დაერწმუნებინათ, რომ ისინი დამოუკიდებლობას იმსახურებდნენ. მაშინ, ათასობით „ბოტი“ აღმოაჩინეს, რომლებიც სწორედ ამ მიზნებისთვის მუშაობდნენ და რომელთა 70% რუსეთიდან იმართებოდა.

წლების წინ საქართველოში სეპარატისტული მოძრაობები სწორედ კრემლის მხარდაჭერით და დაფინანსებით აღმოცენდა, რასაც საქართველოს ნაწილის ოკუპაცია მოყვა და ეს ხომ უდავოა. იგივე მოხდა უკრაინაშიც, ამ პროცესებს ამ ქვეყნის ნაწილის ანექსიაც მოყვა. როგორც ვხედავთ, ახლა კრემლი და მისი სპეცსამსახურები შუაგულ ევროპას გადასწვდნენ და იქაც ცდილობენ სუვერენული, დემოკრატიული და დალაგებული ქვეყნის შუაზე გახლეჩას.

ნინო სოფრომაძე

banner
წინა სტატიაშიმეგრელიშვილი – საქართველოში ედუარდ შევარდნაძის შემდეგ ეკლესია ძალიან ახლოს არის შერწყმული პოლიტიკასთან
შემდეგი სტატიადოლიძე – ვადამდელი არჩევნები აუცილებელია, რათა ქვეყანას განვითარების ახალი მუხტი მიეცეს