ვისაც საქართველოსთან ურთიერთობა სურს, ამ რუსების ძახილს თავი გაანებონ და წესიერად გველაპარაკონ – მეუფე იაკობი

ვისაც საქართველოსთან ურთიერთობა სურს, ამ რუსების ძახილს თავი გაანებონ და წესიერად გველაპარაკონ – ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ქადაგების დროს განაცხადა.

მეუფე იაკობი ამბობს, რომ მისთვის ძნელი მოსასამენია, როდესაც ქვეყნის შეიგნით და გარეთ იძახიან, რომ საქართველოს რუსეთისკენ მიდის. “თვითონ გაიხედონ სად მიდიან” – ამბობს მეუფე იაკობი და აცხადებს, რომ ვისაც ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა არ სურს, თავად აქვთ ასარჩევი.

„ჩვენთან ქართული ენა როდის შეიზღუდა, როდესაც ოკუპაცია მოხდა საქართველოში, გაუქმდა ჯერ სახელმწიფოებრიობა და და შემდეგ, რამდენიმე წელიწადში მოაყოლეს კიდევ ეკლესიის ავტოკეფალიის ჩამორთმევა. შემდეგ უკვე ქართველი კაცი აღარ დადიოდა რუსულ წირვა-ლოცვაზე და იცით, რომ, მადლობა ღმერთს, 1917 წელს ჩვენმა დიდმა მამულიშვილებმა ილია ჭავჭავაძის თანამებრძოლებმა, სასულიერო პირებმა, გააკეთეს ის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობამდე ჯერ ეკლესიამ გაახსენა მთელ საქართველოს ის, რომ დამოუკიდებლობა და თავისუფლება აუცილებელი იყო და ჩვენი ეკლესია გახდა ავტოკეფალიური. ამას, მომდევნო წელს მოჰყვა თავისთავად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაც. მე თვითონ გერგეტის სამებაზე ვარ აღკვეცილი, პირველი ბერი მე ვიყავი, ვინც იქ აღიკვეცა, იქ რომ ფრესკას ვწმენდდი, ობივით რაღაც იყო და პატარაზე შევახე ჩვარი სიფრთხილით და უცებ გადმოვარდა და უკან გამოჩნდა უძველესი ქართული ფერწერა, მეთოთხმეტე საუკუნის, რომელიც რუსებს კირით ჰქონდათ შელესილი და რუსული ხატწერით იყო გამაგრებული. ამიტომ, ჩემთვის ძალიან ძნელი მოსასმენია, საქართველოში იქნება თუ უცხოეთიდან, როდესაც ჩვენს ქვეყანაზე ამბობენ, რომ რუსეთისკენ მიდიანო, თვითონ გაიხედონ სად მიდიან და როგორ მიდიან. ნებისმიერი ქართველის შეურაცხყოფაა. ჩვენ თვითონ ვიბრძოდით რუსეთთან აფხაზეთის ტერიტორიაზე, ბევრმა ჩვენმა მეგობარმა თავიც დადო, ჩვენ თუ ცოცხლები ვართ ახლა, უფალმა დაგვტოვა ასე ცოცხლები და ჩვენც თავის გასაწირად ვიყავით წასულები. ვიღაცებს ახლა არც უბრძოლიათ ჩვენი ქვეყნისთვის, დღეს ვინც ლაპარაკობს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარედანაც ასე უდიერად მოგვიხსენებდეს, რომ ოკუპანტის მხარეს ვიყოთ, ეს არის ჩვენი დიდი შეურაცხყოფა. თუ გინდათ ქართველები შეურაცხყოთ გარედან თუ შიგნიდან, იძახეთ და პატივისცემას, თქვენსას, ნებისმიერისას, დავკარგავთ. თუ გაწყობთ ჩვენთან ურთიერთობები არ გქონდეთ, თვითონ გაქვთ ასარჩევი. საქართველოს სჭირდება მშვიდობა, ჩვენს ხალხს სჭირდება, რომ ეკონომიკურად მოძლიერდეს, ახალგაზრდებს სჭირდებათ იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანები იყვნენ არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ გარეთაც, საუკეთესო განათლება. უდიდესი კულტურის ერი ვართ და აუცილებლად ერთად უნდა ვაკეთოთ ეს. ყველას ვთხოვ, რომ ვისაც საქართველოსთან, ჩვენნაირ ხალხთან ურთიერთობა სურს, ამ რუსების ძახილს თავი გაანებონ და გველაპარაკონ წესიერად. რა სჭირდება ჩემს ერს? ეკონომიკაში დაგვეხმარეთ! მარტო კანონს ხომ ვერ შეჭამ?! კანონებშიც ბევრი პროგრესი გვაქვს და ეკონომიკასა და განათლებაში რომ გვექნება პროგრესი, ყველაფერს მოვაგვარებთ“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

banner
წინა სტატიაშიგამოძიების ფარგლებში მოპოვებული მატერიალური მტკიცებულებებიც კი ადასტურებს, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა – ფარულავა
შემდეგი სტატიაგამოძიება დაიწყო მხოლოდ 187-ე მუხლით, რაც არასწორია, რადგან აქ პირდაპირ იკვეთება წინასწარ ორგანიზებული ჯგუფის მიერ თავდასხმა კერძო საკუთრებაზე – ტყეშელაძე