,,ისეთი კანონებისთვის დაგვიჭერია მხარი, რომელიც ბევრის თვალში არაკონსტიტუციური იყო”

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი კონსტიტუციას შეესაბამება და თუ ადამიანებს ამის მხარდაჭერა არ უნდათ, მათ გავახსენებ, რომ ისეთ კანონებს დავუჭირეთ მხარი, რომელიც ბევრი ადამიანის თვალში არაკონსტიტუციური იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, კანონპროექტის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში ყოფნას საბოლოო ჯამში საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს.

„ალბათ, საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა ხვალიდან დაიწყება. სესიაზე მინიმუმ ორი მოსმენა უნდა მოვასწროთ. უმრავლესობას ბევრ ისეთ საკითხზე აქვს მხარი დაჭერილი, როცა ანალოგიურად კონკრეტულ მუხლებზე, ანტიკონსტიტუციურობაზე მიუთითებდნენ.

სამთავრობო პაკეტს გაგახსენებთ, რომელიც საბანკო რეგულაციებს, ქონების განკარგვას, ლომბარდების საკითხსა და კერძო საკუთრების განკარგვის საკითხებს ეხებოდა. ეს საკითხები საკონსტიტუციო სასამართლოში არავის არ გაუსაჩივრებია, თუ გაასაჩივრებენ და სხვა შედეგი იქნება, კანონი გაუქმდება”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

საუბარია, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტზე, რომელიც ცხრა დეპუტატმა მოამზადა. კანონპროექტის მიხედვით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტები გახსნა – დაკავებულია ხუთი პირი
შემდეგი სტატიაTBC ბანკის დამფუძნებლები დუმილს არღვევენ – მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბრალდებებზე ისაუბრეს