,,ვისაც აქვს იდეები თბილისთან დაკავშირებით, მზად ვარ თანამშრომლობისთვის – ჩვენ ოპონენტები ვიყავით და არა მტრები”

“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ოპონენტებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, – ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ღია იქნება თბილისის თითოეული გულშემატკივრისთვის, ნებისმიერი კონსტრუქციული ძალისთვის და თუნდაც მისი ყოფილი კონკურენტებისთვისაც, რომლებსაც “კონკრეტული რეალისტური იდეები აქვთ და სურთ, რომ საკუთარი წვლილი შეიტანონ ჩვენი დედაქალაქის უკეთესი მომავლის მშენებლობაში”.

“მე ამაზე უკვე ვისაუბრე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მართლაც, თუ მათ გააჩნიათ კონკრეტული ხედვები, იდეები, კონკრეტული პროექტები თბილისთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გულწრფელად ვამბობ, რომ თანამშრომლობისთვის მზად ვარ”, – განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, რომელ კონკურენტებს გულისხმობს კონკრეტულად, კახა კალაძის განცხადებით, მან დებატების მსვლელობის დროსაც არაერთხელ განაცხადა, რომ ეს ქალაქი მარტო კახა კალაძის და მარტო “ქართული ოცნების” არ არის.

“ჩვენ ყველას გვიყვარს, ყველას გვაქვს სურვილი, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი, იყოს უფრო ლამაზი, კეთილმოწყობილი, ეკოლოგიურად სუფთა, განახლებული ტრანსპორტით და ა.შ. ყველა ჩემს ოპონენტს, ვისაც სურვილი ექნება სამომავლოდ და ვინც წარმოადგენს თავის ხედვას, კონკრეტულ პროექტს თუნდაც ქალაქში განსახორციელებლად და ეს ქალაქისთვის მისაღები იქნება, ვიმეორებ, რომ მზად ვარ თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიყავით ოპონენტები, მაგრამ არ ვყოფილვართ მტრები”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – არჩევნებში არავინ დამარცხებულა, ამ არჩევნებში გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა
შემდეგი სტატია,,ნადვილად ვერავინ დამასწრებდა, მიმელოცა გამარჯვებული კანდიდატისთვის, ეს, რომ მას ღირსეულად გაეკეთებინა”