
საგადასახადო კოდექსში “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი ცვლილებების მიხედვით, 2026 წლიდან საინვესტიციო ოქროს იმპორტი და მიწოდება დღგ-სგან გათავისუფლდება.
კანონპროექტის ავტორი ფინანსთა სამინისტროა. უწყებაში განმარტავენ, რომ საინვესტიციო ოქროს დღგ-ით დაბეგვრის არსებული რეჟიმი საქართველოში საინვესტიციო მიზნის მქონე საქონლის იმპორტს აფერხებს.
ეკონომისტები ფიქრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი და საქართველოში მსხვილი ბიზნესის მფლობელები ამ გზით სანქციებისგან თავის არიდებას ცდილობენ.
გიორგი ხიშტოვანი განმარტავს, რომ საქართველოში შეიძლება სულ ათასამდე ადამიანი იყოს, ვინც ოქროში თანხების ინვესტირებაზე ფიქრობს და ყველა მათგანი ცნობილია “ქართული ოცნებისთვის”.
ეს წრე არის ძალიან ვიწრო საქართველოში შეიძლება ათასი ადამიანი იყოს საერთო ჯამში, ვინც პირობითდ კილოიან ოქროში ფიქრობდეს ინვესტირებას თანხების. ამიტომ მგონია, რომ ეს არის ძალიან ექსკლუზიური სქემა და მე ვფიქრობ რომ მორგებული არის, ანუ უკვე ყველა ვინც ამით უნდა ისარგებლოს, არის ცნობილი “ქართული ოცნებისთვის”.
ეს იწყება, ჩემი აზრით, ამ პარტიის საპატიო თავმჯდომარეთი, ბიძინა ივანიშვილით, მაგრამ არ მგონია ვრცელდებოდეს მხოლოდ მასზე. დღეს ძალიან ბევრი მსხვილი ბიზნესი ფიქრობს, მოხდება თუ არა მისი დასანქცირება, შესაბამისად ეძებს გზებს, როგორ გადაიზღვიოს ეს რისკი და ასეთ გზად როგორც ჩანს დაინახა ოქროში თანხების ჩადება, შეიძლება ამ უკანასკნელმა მოვლენებმა, ზოდების აღმოჩენამ მაღალჩინოსნებში, მისცა ამის სიგნალი. შესაბამისად “ქართული ოცნება” ამ “პარლამენტის” სახით ეხმარება მას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში ნაკლები თანხის გადახდა მოუწიოს ასეთ დროს,” – ამბობს გიორგი ხიშტოვანი.













