მთავრობა სოციალური დახმარების პოლიტიკის შეცვლას გეგმავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სოციალურ შემწეობას იმაზე მეტი პირი იღებს, ვიდრე რეალურად არის სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემებით, საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი სოციალურ დახმარებას იღებს. კერძოდ, მიმდინარე წლის ოქტომბერში შემწეობას ჯამში 708 245 ადამიანი იღებდა, აქედან 461 796 პირი მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო 246 449 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეთა სიაშია, რომელთაც 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად უნარჩუნდებათ.
















