საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც ტელეკომპანია „გირჩის“ ეთერში, იაგო ხვიჩიას გადაცემაში სტუმრად მყოფ ქუთაისელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ეხმიანება. ექსპრეზიდენტის უკმაყოფილება ბაგრატის ტაძრის აღდგენის ისტორიის ინტერპრეტაციამ და მისი როლის უგულებელყოფამ გამოიწვია.
სააკაშვილის განცხადებით, გადაცემაში ტაძრის რეკონსტრუქცია მთლიანად ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს, კალისტრატეს მიაწერეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
„კალისტრატესთან ვმეგობრობდი, ნამდვილად კარგი კაცი იყო, მაგრამ მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ბაგრატის აღდგენასთან და ეს ამბავი ტელევიზიით გაიგო. ტაძრის აღდგენა თავიდან ბოლომდე ჩემი ინიციატივა იყო და ეს განვახორციელე კიდეც ნიკა რურუასთან ერთად. ამ ორ ქუთაისელ პოლიტიკანს კი მინდა ვუთხრა — `ვირო მადლიო~ ნამდვილად თქვენზე და თქვენნაირებზეა ნათქვამი“, — წერს მიხეილ სააკაშვილი.
მესამე პრეზიდენტის შეფასებით, ოპოზიციონერი მედროვეები მისი სახელის არხსენებით ცდილობენ ქულების დაწერას, თუმცა რეალურად საკუთარ ადამიანურ წონას „პლინტუსის ქვემოთ“ აგდებენ. მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ კარგად ახსოვს რეალური ისტორია და ტაძარს სწორედ ამიტომ სჯის.
„თქვენგან განსხვავებით, ქოცებს მშვენივრად ახსოვთ, თუ ვინ აღადგინა ბაგრატი, ამიტომ არ აქვს ტაძარს ნამდვილი თანამედროვე მინათება, მხოლოდ ძლივს მბჟუტავი ნათურები ანათებს და ამიტომ არ უვლიან სათანადოდ.
არსებობენ პოლიტიკანები და არიან პოლიტიკოსები. პოლიტიკოსი ცხოვრობს თავისი მისიით, მას აქვს ისტორიის მისეული ხედვა და საკუთარი თავგანწირვის ფასად ყველაფერს აკეთებს მის რეალობად ქცევისთვის. მრავალრიცხოვანი პოლიტიკანები კი ადვილად იცვლიან შეხედულებებს, დაიარებიან პარტიიდან პარტიაში… ისტორია მათ ჭიჭყინს, სიჩუმეს, ტყუილებს ან სიმხდალეს არ იმახსოვრებს“, — აცხადებს ექსპრეზიდენტი.
მიხეილ სააკაშვილმა იმ გრანდიოზულ გეგმებზეც ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც იმერეთის რეგიონში იგეგმებოდა და აღნიშნა, რომ დღეს ქუთაისი „დაცლილი და განადგურებულია“.
„ჩემი ხედვით, ქუთაისის აეროპორტი უნდა გაზრდილიყო დუბაის მასშტაბამდე. მთელი მთავრობა იქ უნდა გადასულიყო, ქუთაისი გახდებოდა ტექნოლოგიების და ინოვაციების ქალაქი. წყალტუბო უნდა გამხდარიყო მარაკეშზე უკეთესი და ქუთაისიდან უნდა გაკეთებულიყო მოკლე გზა გვირაბით სვანეთამდე, სადაც წელიწადში 2 მილიონი ტურისტი ჩავიდოდა ევროპის საუკეთესო სათხილამურო კურორტებზე.
ამ მედროვეების პირობებში, რაც შევძელი, ისიც სასწაულად მეჩვენება. გვჭირდება ახალი, არაკონფორმისტი ხალხი და ბევრად უფრო მეტს შევძლებთ“, — აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.















