ვიქტორია ნულანდი: ვარშავის სამიტზე ნატო კიდევ ერთხელ დაადასტურებს საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით 2008 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწლეობა. კომიტეტის სხდომა რუსეთის მიერ საზღვრების, შეთანხმბებისა და ადამიანის უფლებების დარღვევას ეხებოდა.

კომიტეტის წევრებმა ვიქტორია ნულანდს რამდენიმე შეკითხვა საქართველოს შესახებ დაუსვეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, საქართველოსთან ურთიერთობებში აშშ-ის განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისკენაა მიმართული.

“ვარშავის სამიტზე ნატო კიდევ ერთხელ დაადასტურებს საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით 2008 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას. ვცდილობთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს, ასევე ნატო-საქართველოს ურთიერთობებში უსაფრთხოების საკითხზე გავამახვილოთ ყურადღება. ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტად ვიყოთ ორიენტირებული შიდა უსაფრთხოების საჭიროებებსა და თავდაცვისუნარიანობაზე”, – განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.

როგორც სახელმწიფო მდივნის მოადგილემ განაცხადა, აშშ ეხმარება რეფორმების განხორციელებაში იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდიან.

“ნატო-ს ტერიტორიის დაცვასთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ ევროპაში იმ ქვეყნების მდგრადობის გასაძლიერებლად, რომლებიც მოსკოვის მხრიდან ზეწოლას განიცდიან. ეს ძალისხმევა არის ჩვენ მტკიცე და ღრმა პოზიციის ნაწილი, რომ ქვეყნებს უნდა შეეძლოთ, თავად აირჩიონ საკუთარი მომავალი. დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის, ეკონომიკური რეფორმებისთვის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის და პარტნიორების მდგრადობის გასაძლიერებლად, ჩვენ მოვითხოვეთ 787 მილიონი ევროპასა და ევრაზიის დასაფინანსებლად, მათ შორის იმ ქვეყნების, რომლებიც რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდან, განსაკუთრებით, უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის და დასავლეთ ბალკანეთის. საქართველოში, მოდლოვასა და უკრაინაში ჩვენი მხარდაჭერა მიზნად ისახავს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებისა და ცენტრალურ და დასავლეთ ევროპის მზარდი ბაზრებისკენ მიმართვას”, – განაცხადა ვიქტორია ნულანდმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცავებმა აჭარაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკი ამოიღეს
შემდეგი სტატიაზაქარია ქუცნაშვილი: “ყველას მოვუწოდებ დაიცვან წინასაარჩევნო კამპანიის ყველა მოთხოვნა“