უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კიევში მას შემდეგ ჩავიდა, რაც მისმა ქვეყანამ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა (1 ივლისიდან) დაიკავა.
„უნგრეთის პრეზიდენტობის მიზანია ხელი შეუწყოს ევროკავშირის წინაშე მდგარი გამოწვევების გადაჭრას. ამიტომ ჩემი პირველი მოგზაურობა კიევში იყო“, – წერს ორბანი ფეისბუქზე ფოტოს ქვეშ, სადაც ზელენსკის ხელს ართმევს.
ორბანის სპიკერმა Reuters-ს განუცხადა, რომ ორი ლიდერი განიხილავენ ორმხრივ ურთიერთობებს და რომ “მოლაპარაკებების ყველაზე მნიშვნელოვანი თემა მშვიდობის შესაძლებლობაა”. სააგენტო ორბანს უწოდებს პოლიტიკოსს, რომელსაც “ყველა ევროპელ ლიდერს შორის ყველაზე თბილი ურთიერთობა აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან”.
ორბანი ომის დაწყების შემდეგ პირველად ჩავიდა კიევში. მანამდე ორბანი კიევს 2012 წელს ეწვია ვიქტორ იანუკოვიჩთან შესახვედრად.