27.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ვიქტორ ყიფიანი: რუბიოს განცხადებიდან ჩანს, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში პრობლემები რჩება

მარკო რუბიოს განცხადებიდან ჩანს, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში პრობლემები რჩება და არსად გამქრალა, ეს გარკვეულწილად შეიძლება იყოს „ოცნების“ მისამართით წამმზომის ჩართვაც,- ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე და საზოგადოებრივი მოძრაობა „ჯერ საქართველო – Georgia First-ის“ თანადამფუძნებელი ვიქტორ ყიფიანი აცხადებს.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, რომ ამერიკული მხარის გააქტიურება გარკვეულწილად შეიძლება წამმზომის ჩართვადაც აღვიქვათ „ოცნების“ მისამართით.

„უკეთ რომ ვთქვათ, საქართველოს ხელისუფლებასა და ამერიკის ადმინისტრაციას შორის არის პრობლემები. ეს პრობლემები არის საკმაოდ მწვავე და ფუნდამენტური და პრობლემების გამოსასწორებლად ძირითადი ტვირთი არის საქართველოს ხელისუფლების მხარეს. ამერიკული მხარე მოლოდინშია კონკრეტული მიმართულებების მიხედვით, თუ რა ნაბიჯები გადაიდგმება ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით.

განცხადებიდან ჩანს, რომ უარყოფითი მემკვიდრეობითობა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში რჩება. ესეც ხომ ბაიდენის ადმინისტრაცია არ არის, ტრამპის ადმინისტრაციაა. შესაბამისად, პრობლემები რჩება, ეს პრობლემები არსად გამქრალა. ამერიკული მხრიდან გააქტიურებული დიპლომატია, საკითხის ძალიან ხისტად დაყენებაა, გარკვეულწილად შეიძლება წამმზომის ჩართვაც „ოცნების“ მისამართით, რომ ან ეს საკითხები მოგვარდება, ან შეიძლება სხვა გაგრძელება იყო. რა გაგრძელება იქნება, ამაზე საუბარი რთულია“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

ვიქტორ ყიფიანმა გადაცემაში 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ შეიძლება ეს იყო გარკვეული ტაქტიკური სვლა ამერიკელ პარტნიორებთან ბოლო დროის კონტაქტების ფონზე.

„მაქვს სურვილი ვთქვა, რომ ეს ხომ არ ჯდება ხელწერის შეცვლაში, თუმცა ჯერ ასეთი დასკვნის გაკეთება ნაჩქარევია. შეიძლება ეს იყო გარკვეული ტაქტიკური სვლა თუნდაც ბოლო დროის კონტაქტების ფონზე, რაც ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან წარმოებს. ეს ხომ არ არის ტაქტიკური წიაღსვლები? ერთის მხრივ, გულწრფელად მაქვს სურვილი, ასე წავიკითხო, მაგრამ ჩვენ გვაქვს მეორე რიგის მოვლენები და აბსოლუტურად განსხვავებული პროცესები, რომლებიც თავისი სიმძიმით ჩრდილავენ იმას, რაზედაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. ჩვენ თუ შევუპირისპირებთ ამ კონკრეტულ ფრაგმენტებს და ზოგად ფონს, რომელიც მძიმდება და კიდევ უფრო ტოქსიკური ხდება, ამ შეფარდების ფონზე, ასეთი დასკვნის გაკეთება კიდევ უფრო არასაკმარისი და ნაადრევია. ჯერ არასაკმარისი საფუძველი გვაქვს ვთქვათ, რომ საშინაო პოლიტიკაში, მიდგომაში რაღაც შემობრუნებას ადგილი აქვს“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

banner
წინა სტატიაშიმარკ რუტე: უკრაინა ახლა იმდენად წარმატებულია, რომ პუტინს 9 მაისის აღლუმის მოწყობა მხოლოდ ზელენსკის ოფიციალური საპრეზიდენტო ნებართვის საფუძველზე შეუძლია
შემდეგი სტატიააბას არაღჩი: ნებისმიერ მტრულ ქმედებას დაუყოვნებელი და გადამწყვეტი პასუხი მოჰყვება