უკრაინის მესამე პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართა და რუსეთთან საწვავით ვაჭრობის საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
იუშჩენკოს განცხადებით, უკრაინისთვის შეჩერებისკენ მოწოდება და რუსეთისთვის ენერგორესურსებით ვაჭრობის შესაძლებლობის მიცემა მტკივნეულია, რადგან რუსეთიდან მიღებული შემოსავალი შესაძლოა უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელებას მოხმარდეს.
„ამ დიზელიდან მიღებული ყოველი დოლარი არის შეძენილი რაკეტა, რომელიც ხვალ ჩვენს სახლებს დაეცემა. ასეთი სისხლისღვრის დროს აგრესორთან ვაჭრობა მისი სამხედრო მანქანის გამოკვებას ნიშნავს“, — წერს იუშჩენკო.
უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ტრამპს ასევე შეახსენა, რომ უკრაინას მსოფლიოში სიდიდით მესამე ბირთვული პოტენციალი ჰქონდა, თუმცა ქვეყანამ ბირთვულ იარაღზე ნებაყოფლობით თქვა უარი და დიდი სახელმწიფოების დაპირებებს ენდო.
„ამერიკამ იკისრა მორალური და სამართლებრივი ვალდებულება, ყოფილიყო ჩვენი ფარი და დამცველი. განა შეიძლება დღეს, როდესაც ვერაგი მტერი თავს დაგვესხა, დავივიწყოთ ამ დოკუმენტზე დიდი ამერიკის ხელმოწერა?!“ — აღნიშნავს იუშჩენკო.
წერილში უკრაინის მესამე პრეზიდენტს ისტორიული პარალელიც მოჰყავს. მისი თქმით, 1930-იან წლებში აშშ იმედოვნებდა, რომ იაპონიასთან ნავთობით ვაჭრობა სტაბილურობის შენარჩუნებას შეუწყობდა ხელს, თუმცა საბოლოოდ ეს პოლიტიკა პერლ-ჰარბორის ტრაგედიით დასრულდა.
„იაპონურმა თვითმფრინავებმა, ამერიკული საწვავის გამოყენებით, თქვენი ფლოტი დაბომბეს“, — წერს იუშჩენკო.


















