ვიქტორ დოლიძემ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას თანაპრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მიმართა

„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა წევრმა ვიქტორ დოლიძემ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას თანაპრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ წერილობით მიმართა.

ვიქტორ დოლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მისი, როგორც დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას უკავშირდება.

მისი თქმით, მას 19 ნოემბრის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსი შეუწყდება.

„ჩემთვის გავლილი ოთხი წელი ნამდვილად დიდი საპარლამენტო გამოცდილება იყო, რომლის განმავლობაშიც, ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება შევძელით.მათ შორის იყო ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესის დაწყება, საპარლამენტო კონტაქტების გაღრმავება, ასოცირების კომიტეტის დაარსება, უვიზო მიმოსვლის დასაწყებად შესაბამისი პროცედურების გატარება ევროპარლამენტში, ევროკავშირის ქვეყნებისა და ევროპარლამენტის მიერ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია, ვიშეგრადის, ბალტიის, ჩრდილოეთ ევროპის და სხვა საპარლამენტო ჯგუფებთან თანამშრომლობის დაარსება და გაღრმავება და ა.შ”, – აცხადებს დოლიძე.

არსებული ინფორმაციით, ვიქტორ დოლიძის კანდიდატურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე განიხილება.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი : „საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში ვიმსჯელებთ”
შემდეგი სტატიაპუტინმა ტრამპს გამარჯვება მოულოცა