ვიქტორ დოლიძე: საქართველო ნატოს პრინციპების და ღირებულებების ერთგულია, მომავალი წლის სამიტი მადრიდში ნატოსთან ჩვენი მომავალი თანამშრომლობის ქვაკუთხედი იქნება

საქართველო ნატოს პრინციპების და ღირებულებების ერთგულია-ამის შესახებ ნატოში საქართველოს წარმომადგენელმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მომავალი წლის სამიტი მადრიდში ნატოსთან საქართველოს მომავალი თანამშრომლობის ქვაკუთხედი იქნება.

„შიდა პოლიტიკის თემები ყოველთვის ჟღერდება პარტნიორებთან ურთიერთობისას მით უმეტეს, ასპირანტ ქვეყნებთან მაშინ, როდესაც ჩვენ უკვე ჩვენი ურთიერთობების დასასრულ აკორდზე ვართ გადასული იმ თვალსაზრისით, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს ჩვენი გაწევრიანება ნატოში და ამას თან სდევს დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის მომავალი წლის სამიტი მადრიდში, რომელიც ნატოსთან ჩვენი მომავალი თანამშრომლობის ქვაკუთხედი იქნება.

გამომდინარე იქიდან, რომ ახალი სტრატეგიული კონცეფცია იქნება მიღებული, სადაც ღია კარის პოლიტიკა დაფიქსირდება. ასევე აღნიშნული იქნება ასპირანტი ქვეყნების მისწრაფებები და ის რეკომენდაციები, რომელიც მინისტერიალზე მინისტრებმა შეიმუშავეს, მათ შორის დემოკრატიის უზრუნველყოფისა და რეფორმების გატარების თვალსაზრისით. საქართველო ერთგულია ამ პრინციპების, ერთგულია ნატოს ღირებულებების, ჩვენ ამ გზაზე ვდგავართ და ამას არასდროს გადავუხვევთ. უნდა გავაძლიეროთ რეფორმები და წინსვლა. იქ, სადაც არის პრობლემები, უნდა მოგვარდეს, სადაც არის უფრო მეტი ინტენსივობით გადასადგმელი ნაბიჯები, მეტი ინტენსივობით უნდა გადაიდგას. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, ისევე როგორც ჩვენი ნატოელი კოლეგები, რომ საქართველო დიახაც, ამ თვალსაზრისით ფლაგმანს წარმოადგენს და ჩვენ წინ თუ არა, უკან არავითარ შემთხვევაში აღარ წავალთ“,- განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი- მადლობას ვუხდი ესტონეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ნატოსთან დაკავშირებული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის
შემდეგი სტატიაზალკალიანი: საზოგადოებამ იხილა საჯარო გზავნილები, რომელიც ძალიან მკაფიო პასუხია, თუ რა მოლოდინები უნდა გვქონდეს ნატოში ინტეგრაციის კუთხით