ვიქტორ დოლიძე – ნატოში ყველა აფასებს იმ ფაქტს, რომ რეგიონში ჩვენ ვართ მოწინავე ქვეყანა

ნატოში საქართველოს ელჩის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ნატოს ღირებულებებიდან გამომდინარე, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ამ კუთხით, ყველა აფასებს იმ ფაქტს, რომ საქართველო რეგიონში მოწინავე ქვეყანაა და მომავალი გადასადგმელი ნაბიჯებიც ზედმიწევნით, რაც შეიძლება სწორად უნდა გადაიდგას. დოლიძის თქმით, ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია ნატოსთვის, რადგან მიმდინარეობს სტრატეგიული კონცეფციის დოკუმენტის გადახედვა და ამ პროცესში საქართველო ძალიან აქტიურად არის ჩართული.

„ჩვენ გვინდა მაქსიმალური პროგრესი გვქონდეს ამ პროცესიდან. წელს, როგორც მოგეხსენებათ, დაგეგმილია ნატოს სამიტები უმაღლეს დონეზე და აქედან გამომდინარე გვინდა ამ დოკუმენტში აისახოს მაქსიმალურად, საქართველოს არა მხოლოდ მისწრაფება, არამედ გაფართოების პროცესის მნიშვნელობა და ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია. დოკუმენტში უნდა აისახოს გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა ბუქარესტის სამიტზე, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი.“-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის კომენტირებისას.

ნატოში საქართველოს ელჩის განმარტებით, გაფართოების პროცესი არის ზოგადად მნიშვნელოვანი პროცესი და თავის წვლილს, კონტრიბუციას შეიტანს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კონტექსტში. დოლიძის განცხადებით, ავღანეთსა და ზოგადად ნატოს ოპერაციებში საქართველოს წვლილი, არის ამ პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ სამი პირის მიმართ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიაკრისტიან დანიელსონი – არის სერიოზული საკითხები, რომლებიც რჩება გადასაწყვეტი