ვიქტორ დოლიძე: ჩვენი მოქალაქეები ევროკავშირის ზონაში უვიზოდ მოგზაურობას, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისიდან შეძლებენ

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ვარაუდობს, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას მომავალი წლის დასაწყისში შეძლებენ.

ამის შესახებ ვიქტორ დოლიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„დღევანდელი გადაწყვეტილებების შემდეგ, როდესაც პრაქტიკულად მოხდა შეთანხმება შეჩერების მექანიზმზე, ამ პროცესის დაჩქარება უფრო შესაძლებელი გახდა.
არ გამოვრიცხავ, რომ მომავალი კვირის ევროპარლამენტის სხდომაზე პროცედურა დაჩქარდეს. თქვენ იცით, რომ ე.წ ტრიალოგი, რომელიც მიმდინარეობს ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიასა და ევროპარლამენტს შორის, 14 დეკემბერს გაიმართება, სადაც შესაძლებელი გახდება კენჭისყრაზე პროცედურის გაგრძელება.

ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან მალე, საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რაც გზას გაუხსნის ჩვენს მოქალაქეებს, უვიზოდ იმოგზაურონ, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისიდან ევროკავშირისა და შენგენის ზონაში.
ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ერთგვარი საინფორმაციო სტრატეგია გვქონდეს თანამოქალაქეებისთვის. უბრალოდ, ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა დოლიძემ.

LIBE-ს კომიტეტმა ვიზალიბერალიზაციის ე.წ. შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული ვარიანტი გუშინ მიიღო. კომიტეტის ინფორმაციით, „შეჩერების მექანიზმს“ ევროპარლამენტის წევრები პლენარულ სესიაზე სავარაუდოდ, მომავალ კვირას უყრიან კენჭს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე: საკონსტიტუციო კომისია ყველა ვარიანტში საკანონმდებლო ფორმატში უნდა შექმნილიყო
შემდეგი სტატია“მზად ვართ, უვიზო მიმოსვლის სარგებელი ხელმისაწვდომი გავხადოთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებისთვისაც”