ვიოლა ფონ კრამონი: საქართველოს დესტაბილიზაცია პუტინის მიზანია – ახლა ამას ჩარევის გარეშე აღწევს

“საქართველოს დესტაბილიზაცია ყოველთვის იყო პუტინის მიზანი, ახლა ამას აღწევს ისე, რომ ჩარევაც არ უწევს, ეს არ უნდა დავუშვათ”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში.

საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესზე საუბრისას ვიოლა ფონ კრამონმა სთხოვა ყველას, იფიქრონ სამშობლოზე და მოიქცნენ პასუხისმგებლიანად.

„იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი კითხავს თავის ლიდერებს, რა გააკეთეთ ამ თვეების განმავლობაში. სად არის ის, რასაც გვპირდებოდით არჩევნებამდე. შეასრულეთ ჩვენი მოლოდინები. თქვენც, მედიაც უნდა იყოთ კრიტიკული, რადგან პოლიტიკური თამაშების დრო დასრულდა, ამის ნაცვლად საჭიროა სერიოზული წინადადებები კრიზისის გადასაჭრელად. ვიცი, რომ ეს იოლი არ არის. ვიცი, რომ „ქართული ოცნებაც“ და ოპოზიციაც ხანდახან ძალიან ჯიუტია. მაგრამ კომპრომისების გარეშე ჩვენ უბრალოდ, ჩიხში შევალთ. ვიცი, ვინ მოიგებს ამით. ეს არ არის ევროკავშირი და აშშ-ი. ეს არც საქართველო იქნება. ეს იქნება ის კაცი კრემლში. ამიტომ ეს არავის ინტერესებში არ შედის. საქართველოს დესტაბილიზაცია ყოველთვის იყო პუტინის სურვილი და მიზანი. ახლა ის ამ მიზანს აღწევს, თან ისე რომ თავად ჩარევაც არ უწევს. ამიტომ ეს არ უნდა დავუშვათ. საქართველოში ჩვენ ჯერ კიდევ ვხედავთ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებას და მე ვიტყოდი, მოდი, დავძლიოთ ეს მართლმსაჯულების ყოვლისმომცველი რეფორმის გზით. ამის ფარგლებში ჩვენ უნდა შევქმნათ სხვადასხვა ინსტრუმენტები, თუ როგორ შეიძლება ამ კონკრეტული პირების ამნისტიის საკითხის გადაწყვეტა. მე იმედი მაქვს, რომ წარმოვადგენთ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება მისაღები. ჩემი აზრით, ეს უნდა იყო მოლაპარაკებების საგანი, როდესაც დიალოგი გაგრძელდება. ეს უნდა იყო პაკეტის ნაწილი. არ აღვიქვამ ამას კრიტიკულ მომენტად. მე ვფიქრობ, რომ მანევრებისთვის სივრცე არსებობს. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება შანსი საქართველოსთვის გადავლახოთ ეს არარეფორმირებული მართლმსაჯულება, როგორც ასეთი. ჩემთვის ეს პატიმრები არიან უფრო დიდი პრობლემის ნაწილი. ეს არ არის ერთი ინდივიდუალური პატიმარი, არამედ ჩემთვის ეს არის ზოგადად, პოლიტიზებული მართლმსაჯულების საკითხი საქართველოში. ვისურვებდი, მეთქვა, რომ შემდეგი თვითმფრინავით მოვფრინავთ საქართვლოში. მაგრამ ევროპარლამენტის თავმჯდომარე ნებართვას არ გვაძლევს და შეზღუდული ვართ ამ ციფრული ფორმატით, რეალური მოლაპარაკებების ონლაინ რეჟიმში წარმართვა არ არის შესაძლებელი. ამიტომ გვაქვს ეს ბარიერი, ამიტომ ვერ ვიქნებით მოლაპარაკებების ჯგუფში. მაგრამ ვგეგმავთ მომავალში ჩამოსვლას და იმედი გვაქვს, როდესაც პანდემია დასრულდება, შევქმნით ჯგუფს, რომელშიც მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსების იქნებიან. შესაძლოა, ეს იყოს შერეული ჯგუფი ევროპიდან და აშშ-დან და შემდეგ დავუჭერთ მხარს ამ მოლაპარაკებებს. ვთხოვ ყველას, იფიქრეთ თქვენს სამშობლოზე და მოიქეცით პასუხისმგებლიანად. ჩემი გადასაწყვეტი არ არის ტექნიკური საკითხები, მაგრამ იმედია, რომ მათ გააცნობიერონ, რა დევს ფსონზე“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

წყარო: პირველი არხი

banner
წინა სტატიაშიმოლაპარაკებები გაგრძელდება, ეს არ იყო ბოლო ვიზიტი თბილისში
შემდეგი სტატიადეკანოზი ილია ჭიღლაძე: ოსებმა იკორთიდან წმინდა მოწამეთა ნეშტები გაიტაცეს