ვიოლა ფონ კრამონი – მარტო პროტესტი და გარეთ ყვირილი, ჩემი აზრით, არაფრის მომტანი არ არის

საჭიროა უფრო კონსტრუქციული ძალების მოძებნა პარლამენტში და მათი მანდატის გამოყენება, მარტო პროტესტი და გარეთ ყვირილი, ჩემი აზრით, არაფრის მომტანი არ არის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტარების მონაწილეობით გამართულ ვებინარზე განაცხადა.

„ჩვენ ძალიან ვეცადეთ, რომ საბოლოოდ დაგვეწყო პარლამენტთაშორისი დიალოგი და ყველა ინსტრუმენტი გამოგვეყენებინა, რაც აქვს ევროპარლამენტარებს, ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რადგან მას წამყვანი ადგილი უჭირავს დემოკრატიის მხარდაჭერის კუთხით. ჩვენ მოსამზადებელი შეხვედრები გვქონდა, როგორც ონლაინრეჟიმში, ასევე ზაფხულის პერიოდში. იყო მმართველი პარტიის სამწუხარო გადაწყვეტილება, რომ დაეტოვებინათ 19 აპრილის შეთანხმება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ივლისის ბოლოს მე ვეცადე, დავლაპარაკებოდი პარლამენტარებს და სხვადასხვა ჩართულ პირებს, რომ გვქონოდა პირისპირ დიალოგი.

ვფიქრობ, ყველა ძალიან წუხდა არსებული პოლიტიკური ვითარების გამო, რაშიც შევიდა საქართველო და არავის არ ჰქონდა იდეა, როგორ უნდა გამოვიდეს აქედან. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო მენახა, რომ პარლამენტში არის ჯგუფი, რომლებიც რეალურად მუშაობს ამ კონცეფციაზე, ასევე მიდგომებზე, მაგრამ ეს კარგად არ იყო მიღებული არც მედიის, არც ამომრჩევლებისა და საზოგადოების მიერ. ამიტომ ჩემი მხრიდან პრობლემის ერთ-ერთი ნაწილი, მათ შორის მედიისთვისაც, არის, რომ შეიძლება უფრო მეტად უნდა ჩახედონ დეტალებს, საპარლამენტო საქმიანობას, ვინ ასრულებს მანდატით დაკისრებულ ვალდებულებებს. მე ინდივიდუალურად დაველაპარაკე დეპუტატებს, გახარიას ჯგუფიდან, „რესპუბლიკელების“ ჯგუფიდან და სხვებს, რომლებიც ხელს აწერდნენ ამ შეთანხმებას. მზად იყვნენ კომპრომისზე წასასვლელად და ემუშავათ დეპოლარიზციის კუთხით, მაგრამ მედიამ ეს კარგად ვერ დაიჭირა. ბოლო არჩევნების დროს და არა მხოლოდ, უფრო ფართოდ რომ შევხედოთ, უფრო ფართო პოლიტიკური განვითარების კუთხით, ვფიქრობ, ეს იყო ძალიან ძნელი, რომ გვენახა ეს კონსტრუქციული ძალები და კონსტრუქციული მიდგომა“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

მისი თქმით, გასათვალისწინებელია, მმართველი პარტიის სიძულვილის რიტორიკას და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, რა შედეგები მოაქვს.

„რაც შეეხება მმართველ პარტიას, ვფიქრობ ჩვენ ერთი მხრივ, გვჭირდება მათი პარტნიორობა პარლამენტში, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რა შედეგები მოაქვს სიძლვილის რიტორიკას და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას. მე გავაფრთხილე მმართველი პარტიის წევრები, რომ მიუხედავად ევროკავშირისკენ მათი მისწრაფებისა, გაწევრიანების კუთხით ახლა ყველაზე შორს არიან, ვიდრე ოდესმე. ევროკავშირის, როგორც ბატონმა ელჩმა ბრძანა, ასოცირების შეთანხმება, ეს არის პოლიტიკური ჩარჩო, რომელიც არ არის შესრულებული. ძალიან შორს ვართ ჩვენ, როგორც სასამართლო რეფორმების, ასევე სხვა რეფორმების კუთხით. ყოველდღიურად ისინი გადიან ამ ვალდებულებიდან. ასევე ეს არის ფინანსური პასუხისმგებლობა და ჩვენთვის ეს მიუღებელია, რომ გადასახადების გადამხდელების ფული იხარჯება და ფაქტობრივად არ სრულდება ეს ვალდებულებები, არა მხოლოდ დემოკრატიული რეფორმების კუთხით, არამედ მოქალაქეებისთვის. ეს არ არის რეფორმა ევროკავშირისთვის, ეს არის რეფორმა საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს ანტიევროპული რიტორიკა ძალიან გამაღიზიანებელი იყო ჩემთვის და საგონებელში ჩამაგდო. ყოველთვის მეგონა, რომ საქართველო პროევროპული ქვეყანაა, ძალიან გამაღიზიანა ახალმა ტონმა, ახალმა რიტორიკამ, რომ ჩვენ კუთხეში დაგვაყენეს, თითქოს საქართველოს თავს ვახვევთ ისეთ რამეს, ისეთ ღირებულებებს, რაც მათ არ უნდათ. საგონებელში ჩამაგდო ამის გაგონებამ მმართველი პარტიისგან. მეორე მხრივ, ვფიქრობ, როდესაც პროგრესზე ვსაუბრობთ, როგორ უნდა მივაწვდინოთ ხმა პარლამენტის წევრებს, რომ ეს დიალოგი შედგეს. როგორ უნდა მოვემზადოთ ამისთვის. არის თუ არა ახლა დრო ამისთვის, თუ ჯერ გადავდოთ ეს და დაველოდოთ პროევროპულ მიდგომას მმართველი პარტიიდან და პარლამენტში. საჭიროა უფრო კონსტრუქციული ძალების მოძებნა პარლამენტში და მათი მანდატის გამოყენება, ასევე მარტო პროტესტი და გარეთ ყვირილი, ჩემი აზრით, არაფრის მომტანი არ არის“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

banner
წინა სტატიაშიგლდანის რაიონში 15 მისამართზე ბავშვთა გასართობი სივრცე მოეწყო
შემდეგი სტატიავიოლა ფონ კრამონი – გადასახადების გადამხდელთა ფული იხარჯება და ფაქტობრივად არ სრულდება ვალდებულებები