ვინმემ ვინმეს თუ დაუმესიჯა და უთხრა, რომ ვიწყებთ აქციის დაშლას, ეს არ არის გაფრთხილება – სალაძე 20 ივნისის სისხლიან დარბევაზე

„ვინმემ ვინმეს თუ დაუმესიჯა და უთხრა, რომ ვიწყებთ აქციის დაშლას, ეს თავისთავად არ არის გაფრთხილება,“ – ეს განცხადება, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ გააკეთა.

სულხან სალაძე შს მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებას ეხმაურება, როდესაც მან თქვა, რომ სისხლიან ღამეს აქციის დაშლასთან დაკავშირებით მომიტინგეების გაფრთხილება დაძაბული მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა.

სულხან სალაძის განცხადებით, უმჯობესი იქნება თუ შსს-ს ერთიანი პოზიცია ექნება აქციის დაშლასთან დაკავშირებით, რადგან გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ მისი მოადგილისგან განსხვავებით, თქვა რომ მომიტინგეები რამდენჯერმე გააფრთხილეს.

„გაფრთხილება ნიშნავს იმას, რომ იქ მყოფ ადამიანებს უნდა გაეგოთ, რომ იწყებოდა სპეციალური საპოლიციო ღონისძიებების გამოყენება. სამინისტროს უნდა ჰქონდეს ერთი ნათელი და მკაფიო პოზიცია იყო გაფრთხილება თუ არ იყო გაფრთხილება. შეუძლებელია, ერთი პირის, მინისტრის შემთხვევაში, ეს ყოფილიყო, რომ გაფრთხილება არ იყო და არ იყო ამის საჭიროება. ხოლო მინისტრის მოადგილის შემთხვევაში, იყო გაფრთხილების საჭიროება ან პირიქით, მათ მიერ გაცვლილი როლები. პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ისევ დღის წესრიგში დგას მინისტრის. ამ ნაწილზე გამოძიების საჭიროება ისევ დღის წესრიგის ნაწილია და ახლა სამინისტროში ერთი ჩინოვნიკი და მეორე ჩინოვნიკი დაობს იმაზე, გაიცა თუ არა გაფრთხილება, ეს მათი დავის საგანია,“ – განაცხადა სულხან სალაძემ.

შს მინისტრის მოადგილე აღიარებს, რომ 20 ივნისის ღამეს მომიტინგეები არ გაუფრთხილებიათ. კახა საბანაძე ამბობს, რომ პარლამენტის წინ დაძაბული ვითარების გამო მშვიდობიანი მომიტინგეების გაფრთხილების დრო არ ჰქონდათ.

საბანაძის ეს განცხადება ეწინააღმდეგება გიორგი გახარიას ტელე ინტერვიუს, სადაც პირველი პოლიციელი ამბობდა, რომ გადაწყვეტილების შემდეგ აქციის მონაწილეები 4-ჯერ გააფრთხილეს. გახარიას მოადგილე იმასაც აცხადებს, რომ 20 ივნისის რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მომიტინგეები არ დაზარალებულან.

banner
წინა სტატიაში20 ივნისის სისხლიანი დარბევა – აქციაზე დაკავებულები ბრალის წარდგენას წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება
შემდეგი სტატიაბევრი ვერსიას ავრცელებენ, რომ ამ ვერსიებიდან საზოგადოებამ აარჩიოს, განსაკუთრებით კი ხელისუფლების მხარდამჭერი საზოგადოების ნაწილი – მშვენიერაძე 20 ივნისის დარბევაზე