“ვინმე თუ ფიქრობს, რომ ჩემი გადაწყვეტილების გამო ან მრცხვენია, ან უკან ვიხევ, არა”-წილოსანი

ვინმე თუ ფიქრობს, რომ ჩემი გადაწყვეტილების გამო ან მრცხვენია, ან უკან ვიხევ, არა – ეს განცხადება ​ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ლანჩხუთში გააკეთა.

კომენტარი ნინო წილოსანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მას ლანჩხუთში საპროტესტო აქციით დახვდნენ და ბიუროს კარზე სტიკერები – “სირცხვილია”, “შენ მოგვატყუე”-ს გაკვრას ცდილობენ.

“მე არავის ვემალები, ვისაც აქვს სურვილი შემხვდეს – შევხვდები, ეს არის ჩემი პასუხისმგებლობის მაღალი დონე. ვინმე თუ ფიქრობს, რომ ჩემი გადაწყვეტილების გამო ან მრცხვენია, ან უკან ვიხევ – არა. პასუხისმგებელი ვარ ყველა იმ გადაწყვეტილებაზე, რასაც ვიღებ და ამ პასუხისმგებლობას დავაკონვენტირებ მოსახლეობის ნდობაში.

ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ 2020 წელს პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნებოდა ქვეყნისთვის ძალიან დიდი რისკების შემცველი, რადგან ბევრი რადიკალური ძალა მოძლიერდებოდა პარლამენტში და იქნებოდა მათი იქ ყოფნის რეალური შესაძლებლობა, რადგან არ არის პოლიტიკური მდგომარეობა ისე გაძლიერებული, რაც ჩვენ გვინდოდა რომ მომხდარიყო და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2020 ყოფილიყო გარდამავალი ეტაპი, ამასთანავე დეცენტრალიზაციის ის გეგმა, რომელიც ჩვენ გვაქვს, უნდა დასრულდეს 2024 წელს, რაც გულისხმობს, რომ მაჟორიტარების ჩართულობა ნაკლები იქნებოდა და გაძლიერდებოდა ადგილობრივი თვითმმართველობა. აქედან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება და დავიცავ მას ბოლომდე,”- განაცხადა ნინო წილოსანმა.

banner
წინა სტატიაშიაჭარის მთავრობის შენობასთან აქციაზე დაკავებული ოთხივე პირი მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა
შემდეგი სტატია“გუშინ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური სუიციდი ჩაიტარა”