“ვინც უკადრებელი იკადრეთ, ვინც უზრდელობთ, ვინც სიბინძურეს ავრცელებთ, განცხადების ეს ნაწილი თქვენ გეხებათ”

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიღებული განცხადების იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელშიც პარტიის ლიდერების მიმართ წარმოებულ კამპანიაზეა საუბარი, განმარტებებს აკეთებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით თარგამაძე განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

“ზოგიერთი ითხოვს, დავაკონკრეტოთ, ვის ეხება ენმ-ის განცხადების ის აბზაცი, სადაც საუბარია პარტიის ლიდერების მიმართ წარმოებული ბინძური კამპანიის მონაწილეებთან გამიჯვნაზე.

პირდაპირ გეტყვით – ვინც იცით, რომ ამ კამპანიაში მონაწილეობთ, ვინც უკადრებელი იკადრეთ, ვინც უზრდელობთ, ვინც გლუვთან გარიგებაზე საუბრობთ, ვინც თავი ნამდვილ მებრძოლებზე მეტ მებრძოლებად მოგაქვთ, ოღონდ, რაღა თქმა უნდა, ვირტუალურად, ვინც სიბინძურეს ავრცელებთ, განცხადების ეს ნაწილი თქვენ გეხებათ.

თქვენი პოზიციით თავად გაემიჯნეთ “ნაციონალურ მოძრაობას” და რაღა თქმა უნდა, აწი ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო, ხოლო ის, რომ ხშირ შემთხვევაში, თქვენ საკუთარ სიბინძურეს მიხეილ სააკაშვილისადმი ერთგულებაში ფუთავთ, სურათს და დამოკიდებულებას სრულებით არ ცვლის. “ნაციონალურმა მოძრაობამ” პოზიცია გამოხატა. თქვენ “ნაციონალური მოძრაობის” სახელით საუბრის უფლება არ გაქვთ. ასეა და წერტილი”, – აცხადებს გივი თარგამაძე.

“ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიღებულ განცხადებას ავრცელებს.

“სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ პარტიული აქტივისტების ნაწილი, პარტიასთან აფილირებული ზოგიერთი ჯგუფი და სოციალურ მედიაში მიმდინარე დისკუსიის ზოგიერთი აქტიური მონაწილე გასცდა ნორმალური განხილვის ფარგლებს და პარტიის ლიდერების მიმართ ყოვლად ბინძური კამპანია აწარმოა. ეს კამპანია ეფუძნებოდა სიცრუეს და პარტიის ლიდერების მიმართ აშკარა ცილისწამებას. ამ კამპანიამ სარგებელი მოუტანა ივანიშვილის რეჟიმს, რომლის მომხრეებიც დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ ამ სამარცხვინო პროცესს.

კატეგორიულად ვგმობთ შეთქმულების თეორიებს ენმ-ის ლიდერებისა და ივანიშვილის გარიგების შესახებ და ვემიჯნებით ყველას, ვინც შეურაცხმყოფელი ფორმით პარტიის დისკრედიტაციის კამპანიაში ჩაერთო. ასეთი ცილისმწამებლური ბრალდებების გამავრცელებლები ვერ იქნებიან ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის ნაწილი, ან პარტიასთან რაიმე სახით აფილირებულნი”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიზვარეში რკინიგზის ლიანდაგზე მომუშავე ქართველი მუშების მხარდასაჭერად თბილისიდან სტუდენტები ჩავიდნენ
შემდეგი სტატიამახათას მთაზე ზეთისხილის ბაღების გაშენება დაიწყო