ვინც ხელს აფარებს ფაშისტს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე, სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შორისაც არიან

ვინც ხელს აფარებს ფაშიზტს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ გვარამიას ფაშისტურ განცხადებას დღემდე არასამთავრობო ორგანიზაციები არ გამოხმაურებიან.

„ასეთი გამოხმაურება არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან არ მოგვისმენია. მეტიც, ერთ-ერთმა მათგანმა, კერძოდ, მიხეილ ბენიძემ ნიკა გვარამიას დაცვაც კი იკადრა, ანუ რეალურად უკადრებელი იკადრა, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია. სამოქალაქო სექტორის როლი და სამოქალაქო საზოგადოების იდეა არის უმნიშვნელოვანესი, მათ შორის ქართულ-ამერიკული, ქართულ-ევროპული და ზოგადად ქართულ დასავლური ურთიერთობების კონტექსტში.

პერსონალიები, რომლებიც ზოგიერთ ორგანიზაციას სათავეში უდგანან, სამწუხაროდ, პოლიტიკურად ანგაჟირებულობის ან პოლიტიკური მიკუთვნებულობის გამო აზიანებენ თავად ამ იდეას. ჩვენი შეშფოთების საგანი სწორედ ესაა, რომ ზოგიერთი პოლიტიზირებული პერსონის გამო, ზიანდება თავად იდეა და არასამთავრობო სექტორის როლი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, რაც დაუშვებელია. გვინდა, ხაზგასმით განვაცხადოთ, ვინც ხელს აფარებს ფაშისტს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე. სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შორისაც არიან.

ქართული ფაშიზმი ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს და პასუხისმგებელნი ვართ იმაზე, რომ საქართველოში მომავალში ვეღარ გაიდგამს ფესვებს. 28 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ყველამ უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი ნაციონალური მოძრაობის ისტერიულ და უნიათო ფაშიზმს და ხმა მივცეთ ჭეშმარიტად ევროპულ, ევროპელ და ღირსეულ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიამ ფეისბუქპოსტი გაავრცელა, რომელშიც წერს: „უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს, აფინანსებს ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება“.

banner
წინა სტატიაშიოთარ ფარცხალაძის ადვოკატი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება სოფელ ახალსოფელში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით