“ვინც ახლა ამას დაიჯერებს, პირდაპირ კახა თარგამაძის სახელობის პრემიაზე უნდა იქნეს წარდგენილი”

რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი პოეტ ზვიად რატიანის სასამართლოსთან დაკავშირებით, რომელიც დღეს გაიმართა, “ფეისბუქ”-პოსტს აქვეყნებს. პოლიტიკოსის თქმით, პოლიციელების თავდაპირველი ინფორმაცია რატიანის დაკავების შესახებ და სასამართლო ჩვენება ძალიან განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან:

“ზვიად რატიანის საამართლო პროცესზე გახლდით. განაჩენი გამოცხადდება 29 დეკემბერს. განსაკუთრებით საინტერესო რაც მომეჩვენა, ისაა, რომ პოლიციამ პრაქტიკულად შეცვალა პირველი ჩვენება, რომლის მიხედვითაც ისინი ახორციელებდნენ საპოლიციო კონტროლს (ანუ რეიდს), გააჩერეს მოქალაქე რატიანი, რომელსაც მოთხოვეს საბუთები, რაზედაც პასუხად მიიღეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ამიტომ იძლებული გახდნენ განყოფილებაში გადაეყვანთ.ეს ვერსიაა ასახული მათ მიერ დაწერილ ახსნა-განმარტებაშიც.

სასამართლოში კი მოწმე პოლიციელებმა ვითარება დახატეს შემდეგნაირად: ისინი საპოლიციო კონტროლს (ანუ რეიდს) კი არ ახორციელებდნენ, არამედ უბრალოდ მისეირნობდნენ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე თამარ მეფის გამზირისკენ (ამ დროს მანქანა რატომღაც გერმანიის საელჩოსთან ჰქონდათ დატოვებული) და შემოესმათ ხმამაღალი გინება, მივიდნენ ახლოს და ხედავენ, რომ მოდის მთვრალი რატიანი და ხმამაღლა იგინება (პირდაპირ “ვეფხისტყაოსანი” გაგახსენდება კაცს: “ზახილი მესმა, შევხედენ, მოყმე ამაყად ყიოდა.”), შეწუხდნენ პოლიციელები და თავაზიანად ჰკითხეს, რა გნებავთ, ვინ ბრძანდებითო. იმან კიდევ, თქვენ ვინ ჩემი ისა ხართ, როგორ ვერ მცნობთ ამხელა კაცს, არ იცით ვინ უნდა გააჩეროთ თქვენი დედა და ასე და ისეო. პოლიციელებმა კვლავ თავაზიანად, მოქალაქევ იქნებ თქვენი პირადობის დამადასტურებელი საბუთი წარმოგვიდგინოთო, რაზედაც მთვრალი პოეტი სულ გადაირია, გინებით ხომ აგინა მათაც, პიპინიასაც, ჯერ ერთ პოლიციელს ჩააფარა სახეში, მერე მეორეს და ესენიც იძულებული გახდნენ ნაზად და ლამაზად დაეკავებინათ, მოკრძალებით დაედოთ ხელბორკილი და გამოძახებული მანქანით გადაეყვანათ განყოფილებაში, თუმცა ბორკილდადებული რატიანი არ წყვეტდა წინააღმდეგობას და ერთ პოლიციელს უკბინა კიდეც. მთელი ამ ხნის განმავლობაში კი ერთ-ერთი პოლიციელი ეპიზოდურად იღებდა მთელ ამ ამბავს მობილურით.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მეორე ვერსია არის თაკო გვაზავას ცნობილი ფბ პოსტის ოდნავ უტრირებული გადამღერება (თავად ეს პოსტიც საქმეში ფიგურირებს, როგორც პოსტი). მართალია.პოლიციელები ჩვენების ამბავშიც ვერ ჩამოყალიბდნენ იმაზე, იყო თუ არა იმ დროს საცობი, მაგრამ ეგ წვრილმანია.

მე პირადად ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ შსს-ში საერთოდ გვაზავას პოსტზე გადააწყვეს თავდაპირველი ჩვენებები.

აი, ეგეთი ამბებია. ვინც ახლა ამას დაიჯერებს (თავად ზვიადის ჩვენებით, ეს პოლიციელები მოგვიანებით მოვიდნენ და მანამდე უფორმო ოპერებმა მიაყენეს შეურაცხყოფა), პირდაპირ კახა თარგამაძის სახელობის პრემიაზე უნდა იქნეს წარდგენილი, ჩემის მოკრძალებულიუ აზრით, ან ჰა ჰა, ოქროს ფრთაზე” – წერს დავით ზურაბიშვილი.

banner
წინა სტატიაში19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში სპეცრაზმი შეცდომით შევიდა? – პანკისის სპეცოპერაციის ახალი დეტალები
შემდეგი სტატიასოფელ ძველ ანაგაში აფეთქების შედეგად 11 წლის მოზარდი დაიღუპა