ვინ თანამშრომლობდა ჰიტლერთან? პოლონურ-უკრაინული სკანდალი

ვინ თანამშრომლობდა ჰიტლერთან – უკრაინული ნაციონალიზმის მამა -სტეპან ბანდერა თუ პოლონეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს მეთაური იუზეფ პილსუცკი? ეს კითხვა,  დღეს უკრაინული მედიისა და სოციალური ქსელების მთავარი თემაა და მომავალში შესაძლებელია პოლონურ-უკრაინულ ურთიერთობებში დაძაბულობის ფაქტორი  გახდეს.
პოლონეთის სეიმმა მხარი დაუჭირა ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის კანონში შესწორებას, რომლის მიხედვითაც იკრძალება უკრაინული ნაციონალიზმის ფუძემდებლის, სტეპან ბანდერას იდეოლოგიის პროპაგანდა და უკრაინელი ნაციონალისტების გერმანელ ფაშისტებთან კავშირის უარყოფა…
პოლონური მედიის ცნობით, ,,ბანდერელების,, პროპაგანდისა და მათი ფაშისტებთან კავშირის უარყოფის გამო,  პოლონეთის მოქალაქეებს შესაძლებელია 3 წლამდე ციხე მიუსაჯონ.
ზემოაღნიშნულმა ინფორმაციამ, შესაძლებელია ითქვას, რომ უკრაინელი ნაციონალისტების გარდა ამ ქვეყნის პატრიოტთა მნიშვნელოვანი ნაწილიც აღაშფოთა. უკრაინელ ჟურნალისტთა და ბლოგერთა ნაწილმა, პოლონეთის ხელისუფლება ისტორიის ფალსიფიკაციაში დაადანაშაულა.
როგორც ცნობილია, უკრაინის ნაციონალიზმის ფუძემდებელი და საბჭოეთის დაუძინებელი მტერი სტეპან ბანდერა, რომელიც უკრაინაში 1927 წლიდან საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყებებსა და ტერაქტებსაც ხელმძღვანელობდა,  1934 წელს პოლონეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა…  თუმცა, მოგვიანებით ეს სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს. ბანდერამ, პატიმრობას მხოლოდ 1939 წელს, გერმანიის მიერ პოლონეთზე თავდასხმის დროს დააღწია თავი და უკრაინაში გადავიდა, სადაც იატაკქვეშა მოღვაწეობას ეწეოდა საბჭოეთის წინააღმდეგ. 1941 წელს, გერმანიის მიერ საბჭოთა კავშირში შეჭრის შემდგომ, ფაშისტებმა ბანდერა დააპატიმრეს და ის, 1944 წლამდე, გერმანელთა საკონცენტრაციო ბანაკში ჰყავდათ გამომწყვდეული. 1959 წელს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ მიუნხენში,  საბჭოთა ,,კა-გე-ბეს,, აგენტმა ბოგდან სტაშინსკიმ – სტეპან ბანდერა მოკლა.
1934 წლიდან 1944 წლამდე, ფაშისტური გერმანიის არსებობის ბოლო 10 წლიდან  – 8 წელი, სტეპან ბანდერა  ციხეში იჯდა, (5 წელი პოლონეთის, ბოლო 3 წელი გერმანიის) აქედან გამომდინარე, ის ვერანაირად ვერ იქნებოდა ფაშისტების თანამზრახველი, სამართლიანად თვლიან უკრაინელები.
უკრაინელებს მიაჩნიათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბანდერა ნაციონალისტი იყო, მას არასდროს ჰქონია გერმანელ ფაშისტებთან კარგი ურთიერთობა და მის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკში გატარებული წლებიც ამის დადასტურებაა. ,,ეს რუსული ნარატივია და ამ ნარატივს, პოლონელები საკუთარი ეროვნული გმირის ფაშისტებთან კავშირის დასაფარად იყენებენ,, აცხადებენ უკრაინელები და სკანდალურ ფოტოს აქვეყნებენ, სადაც  დამოუკიდებლობა აღდგენილი პოლონეთის სახელმწიფოს პირველი მეთაურის, ეროვნული გმირის – იუზეფ პილსუცკის  დაკრძალვის ცერემონიალზე (1935 წელს), ფაშისტური გერმანიის ფიურერი და მისი დელეგაცია, ყველაზე წინა პლანზე, ჭირისუფალზე უფრო საპატიო ადგილას სხედან, რითაც დასტურდება, ჰიტლერისა და პილსუცკის განსაკუთრებული დამოკიდებულება ერთმანეთთან. თუმცა, თავად პოლონური წყაროების ცნობით, დაკრძალვაზე გერმანულ დელეგაციას არა ჰიტლერი, არამედ ჰერმან გერინგი ხელმძღვანელობდა, რაც არც თუ დამაჯერებლად ჟღერს იქიდან გამომდინარე, რომ გერინგს იმ პერიოდში  ავიაციის მინისტრის პოსტი ეჭირა. ასეა თუ ისე, პილსუცკი იყო პოლონეთის პირველი პირი იმ დროს, როდესაც მისმა ხელისუფლებამ საბჭოეთთან მებრძოლი ბანდერა დააპატიმრა და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. დოკუმენტალურად დადასტურებულია, რომ პილსუცკი აქტიურად ებრძოდა დასავლეთ უკრაინაში უკრაინელ პატრიოტებს,  პარალელურად კი კარგი დამოკიდებულება ჰქონდა როგორც ფაშისტურ გერმანიასთან, ასევე საბჭოეთის ლიდერ იოსებ სტალინთან, რომელმაც გარდაცვალების შემდეგ პილუცკის ,,პოლონეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ორგანიზატორი და პოლონელი ხალხის ბელადი,, უწოდა.

კახაბერ ადამია / ,,თაიმერი,, / უცხოური მედიის ანალიზი 

banner
წინა სტატიაშიგოგი თათუხაშვილი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიახუბუტია მისი და ბიძინა ივანიშვილის გაფლანგული მილიონების კვალს ეძებს და გამოძიებას ითხოვს