ვინ რას წაიყვანს რუსთავი 2-ის ძველი სახეებიდან გვარამიას მთავარ არხზე

region
ავტ.: region აგვისტო 29, 2019 14:22

ვინ რას წაიყვანს რუსთავი 2-ის ძველი სახეებიდან გვარამიას მთავარ არხზე

რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მთავარ არხზე ყვითელი გადაცემები არ იქნება. ამის შესახებ მან ფეისბუქგვერდზე ისაუბრა.

გვარამიას ინფორმაციით, მთავარი საინფორმაციო გამოშვება მთავარი ამბები ეთერში საღამოს ცხრა საათზე გავა. მისივე ცნობით, გიორგი გაბუნია არხზე წაიყვანს გადაცემას, რომელიც პოსტსკრიპტუმის მსგავსი იქნება. გადაცემას კი ახალი პოსტსკრიპტუმი ან კვირის მთავარი ერქმევა.

ნიკა გვარამია ეკა კვესიტაძესთან ერთად ისევ საერთო გადაცემას წაიყვანს. ნანუკას შოუს წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი ეთერში ახალი სოციალური გადაცემით გავა. მისი ცნობით, გადაცემა იქნება ადამიანებზე, რომლებსაც საქართველოში უამრავი პრობლემა აქვთ. რაც შეეხება კომედი ჯგუფს, მათ მთავარ არხზე სამი გადაცემა ექნებათ.

მთავარი არხი მაუწყებლობას 9 სექტემბერს დაიწყებს. გვარამია ამბობს, რომ მთავარი არხი მაუწყებლობას, დროებით, ტელეკომპანია იბერიას შენობაში დაიწყებს. მისივე თქმით, ისინი იბერიას ტექნიკასაც გამოიყენებენ. მანვე აღნიშნა, რომ არხის შენობად დიდ დიღომში მდებარე ასტრაპარკი განიხილება, თუმცა, მოლაპარაკებები ბოლომდე დასრულებული არ არის.

ნიკა გვარამიამ ახალი არხის დაფუძნება მას შემდეგ დააანონსა, რაც რუსთავი 2-ის ახალმა მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავის 2-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გაათავისუფლებენ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარ პროდიუსერს, გიორგი ლაფერაშვილს; პოლიტიკური გადაცემების წამყვანებს, გიორგი გაბუნიასა და ეკა კვესიტაძეს და გასართობი გადაცემის ავტორსა და წამყვანს, ნანუკა ჟორჟოლიანს. ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ მათი გათავისუფლების მიზეზად “ინტერესთა კონფლიქტი” და “შიდა ომები” დაასახელა.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში დატოვეს კურიერის წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა. 21 აგვისტოს ტელეკომპანია თითქმის სრული შემადგენლობით დატოვეს ჟურნალისტებმა. რუსთავი 2 დატოვა რამდენიმე პროდიუსერმა, ასევე, გადაცემების შაბათის შუადღის და კვირის სხვა შუადღის წამყვანებმა. ტელევიზია, ასევე, დატოვა P.S.-ის გუნდმა, ვანო ჯავახიშვილმა, თამუნა ლეკვეშვილმა და რეგიონის ჟურნალისტებმა. კომედი ჯგუფის ნაწილი კი რუსთავი 2-ში დარჩა.

region
ავტ.: region აგვისტო 29, 2019 14:22

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,952
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics