ვინ იქნება ბურჭულაძის საარჩევნო სიაში და რომელი პარტიას ვისთან მართავს მოლაპარაკებას

somxeti-archevnebiნადირობა მაჟორიტარობის კანდიდატებზე

მიუხედავად იმისა, რომ კამპანია ოფიციალურად არ დაწყებულა, სარჩევნო ციებ-ცხელება პიკს აღწევს და მარტო საზოგადებას კი არა, თავად პოლიტიკაში ჩართულ ადამიანებსაც აინტერესებთ, თუ ვინ მოხვდებიან ამა თუ იმ პარტიის საარჩევნო სიაში. უნდა ითქვას, რომ ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს და კულუარებშიც ვარაუდების დონეზე ლაპარკობენ, თუმცა ყველა ან თითქმის ყველა კულუარული ინფორმაცია, ადრე თუ გვიან, როგორც წესი, მართლდება ხოლმე.

ასე მოხდა პაატა ბურჭულაძის შემთხვევაშიც – „საქართველოს განვითარების ფონდზე“ დიდი ხანია, ამბობენ, რომ არჩევნების წინ პარტიად გადაკეთდება. ეს ცნობა ერთ-ერთი საჯარო გამოსვლისას საოპერო მომღერალმა, პრინციპში, დაადასტურა.

„თაიმერმა“ კი, დამოუკიდებელი არხებით იმის გაგებაც შეძლო, რომ ბურჭულაძის ფონდის პარტიად გადაკეთების თავყრილობა მაისის ბოლოს გაიმართება. გარდა ამისა, ჩვენი წყაროებისგან ისიც ცნობილი ხდება, რომ ერთ-ერთი, ვინც ბურჭულაძის პარტიის პირველ ათეულში იქნება, რუსთავის ყოფილი მერი მერაბ ტყეშელაშვილია.

„თამერის“ წყაროების მონაცემებით, 2016 წლის არჩევნებისთვის განსაკუთრებული მზადება კახეთის რეგიონში შეინიშნება. ასე, მაგალითად, გურჯაანში „ოცნებამ“ მაჟორიტარად შესაძლოა, ღვინის კომპანია „ასკანელი ძმების“ მეპატრონე ჩხაიძე დაასახელოს. გარდა ამისა, გურჯაანში სერიოზული პოზიციები, როგორც „თაიემრს“ უთხრეს, ნაციონალ გიორგი ღინიაშვილსაც აქვს, რომელიც რაიონის მოქმედი მაჟორიტარია და რომელამც 2012 წელს მანანა ბერიკაშვილი დაამარცხა. „ოცნება“ გურჯანში მაჟორიტარობის, თურმე, მეორე კანდიდატურასაც გაინიხილავს და ის კახეთის ყოფილი გუბერნატორის, ბიძინა სონღულაშვილის შვილია.

„ოცნებას“ ჯერ ვერ გადაუწყვეტია, სიღნაღში მაჟორიტარად ისევ მოქმედი მაჟორიტარი გელა გელაშვილი წარადგინოს თუ არა, არადა, როგორც „თაიმერის“ წყარო ამბობს, გელაშვილი სერიოზული ფიგურაა და რაიონშიც გავლენით სარგებლობს.

ასევე, გაურკვეველი სიტუაციაა ყვარელთან დაკავშირებითაც, სადაც მარიკა ვერულაშვილს, როგორც ამბობენ, მაჟორიტარობის შანსი, პრინციპში, აღარ აქვს და შესაბამისად, მისი დასახელება „ოცნებას“ ხელს არ აძლევს.

„ზოგადად, ბურჭულაძე კარგად მუშაობს, ანუ იმის თქმა მინდა, რომ რამდენიმე თვეა, რეგიონებში დადის, ხალხს ხვდება და ცდილობს, ხელი მოსახლეობის პულსზე ედოს.

ამას გარდა, ბურჭულაძის ფონდი ცდილობს, სხვადასხვა რაიონში ისეთი მაჟორიტარობის კანდიდატები შეარჩიოს, ვისაც ადგილობრივებში დიდი ავტორიტეტი და გავლენა აქვთ. მაგალითად, მაქვს ინფორმაცია, რომ საგარეჯოს რაიონში ბურჭულაძის ფონდი გარკვეულ მოლაპარაკებებს ეკონომიკის მეცნერებათა დოქტორ სოლომონ პავლიაშვილთან აწარმოებს, რომელსაც საგარეჯოში დიდ პატივს სცემენ. პავლიაშვილთან „მესიჯებს“ „პატრიოტთა ალიანსიც“ აგზავნის და სთავზობს, რომ მათ სიაში იყოს, მაგრამ პავლიაშვილი, რომელიც საგარეჯოს მაჟორიტარი ერთხელ უკვე იყო, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და დამოუკიდებელი მაჟორიტარის სტატუსს ინარჩუნებს,“ – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო და დასძენს, რომ ოქტობრის არჩევნებზე ერთ-ერთი ცხელი წერტილი სწორედ საგარეჯოს რაიონი იქნება, სადაც, კულაურული ინფორმაციით, „ოცნებას“ მაჟორიტარობის კანდიდატი არ ჰყავს და მმართველი პარტიაც სოლომ პავლიაშვილის პერსონაზე ფიქრობს.

„ოცნებაში“ დიდი არეულობაა“, – ესეც ჩვენი წყაროს სიტყვებია, რომელიც ამბობს, რომ „ოცნების“ გამსვლელ სიაში შეიძლება, ვერ ვიხილოთ ეკა ბესელია. სამაგიეროდ, „ოცნებამ“ სიაში, შესაძლოა, ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი შეიყვანოს, თუმცა ამ კულუარულ ხმებს ოფიციალურდ არავინ ადასტურებს და „ოცნების“ სახეები პირად საუბრებში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ საარჩევნოდ ძალიან ბევრი საინტერესო პიროვნება გამოჩნდება.

ბევრი „საინტერესო პიროვნების“ გამოჩენას ელოდებიან „პატრიოტთა ალიანსშიც“, თუმცა კულუარებში ამბობენ, რომ „ალიანსის“ „საინტერესო სახეები“ კარგად დავიწყებული ძველი პერსონები იქნებიან. მაგალითად, დადის ხმები, რომ ამ პოლიტიკურ ძალაში შეიძლება, ფრიდონ ინჯია ვიხილოთ.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, უკვე ითქვა, რომ ექსმმართველი პარტიის სიაში შესაძლებელია, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე გამოჩნდეს და ის პირველ ხუთეულში იყოს, თუმცა როგორც „თაიმერის“ წყარო ამბობს, გოცირიძეს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

„ვაშაძის მიერ „ნაცმოძრაობის“ დატოვება პოლიტიკურ ასპარეზზე სურათს რეალურად ვერ შეცვლის, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვაშაძეს თავისი გუნდი ჰყავს, რომელიც ახალგაზრდებისგან არის დაკომპლექტებული და თუ ის პარტიას ჩამოაყალიბებს, ალბათ, საარჩევნო ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდება, თუმცა პირადად მე, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვაშაძე ივანიშვილმა გადაიბირა. ეს მე უფრო მიშას თამაში მგონია, ანუ სააკაშვილი ცდილობს, ოდიოზურ წარმონაქმნად გადაქცეულ „ნაცმოძრაობას“ როგორმე გაემიჯნოს და თავისი ხალხი პოლიტიკაში სხვა მაქინაციებით დატოვოს, თუმცა ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, რისი საფუზველიც მაქვს კიდეც, – აღნიშნავს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელიც იმ მინიშნებასაც აკეთებს, რომ ოქტომბრის არჩევნები, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მსგავსად, ნინო ბურჯანაძისთვის შეიძლება, წარუმატებელი აღმოჩნდეს, – ყველა, ვინც პოლიტიკურ პროცესებს ზერელედ მაინც აკვირდება, ხვდება, რომ ბურჯანაძის დრო დამთავრდა. ზოგადად, ამ წუთას პრორუსულ და პროდასავლურ შეხედულებებს არ ვგულისხმობ, მაგრამ „პატრიოტთა ალიანსმა“ ელექტორატი, პრინცპში, ბურჯანაძეს წაართვა. ამას გარდა, ბურჯანაძეს, იგივე ქვემო ქართლში ხმებს მამალაძე-მოლაშვილის ახალი პარტიაც წაართმევს. ასე რომ, შეიძლება, ისეც მოხდეს, რომ ეს პარტია საარჩევნო ბარიერის ზღვარზე აღმოჩნდეს და მერე უკვე პოლიტიკური ვაჭრობის საგანი გახდეს, პარლამენტში შეუშვებენ თუ არა.“

„თაიმერის“ წყარო ჩვენთან საუბრის დროს კიდევ ერთ მინიშნებას აკეთებს და ამბობს, რომ სრულიად ახალი სტრატეგია შეიძლება, აირჩიოს ალასანიას „თავისუფალმა დემოკრატებმა“. მართალია, ჩვენი წყარო არ აკონკრეტებს, მაგრამ აცხადებს, რომ ალასანიამ იგივე  მაჟორიტარების კანდიდატები, დიდი ალბათობით, შესაძლებელია, პოლიტიკური წრეებისთვის სრულიად უცნობი პიროვნებებისგან შეარჩიოს, რაც იმ ფონზე, როცა მოსახლეობას გაცვეთილი სახეების ნიჰილიზმი აქვს, უდავოდ, მომგებიანი სტრატეგია იქნება.

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოს თანაინვესტირების ფონდი, “დაზღვევის კომპანია ქართუ” და ასოციაცია “ატუ”, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ს მიმართავენ
შემდეგი სტატიანიკა გვარამია:”ანონსში მოხსენიებულო კომპანიებო, მიმართეთ სასამართლოს