სტრასბურგის დიდი პალატის გადაწყვეტილება 20 ივნისის საქმეზე უკვე ცნობილია, თუმცა მთავარი კითხვა კვლავ უპასუხოდ რჩება – ვისი ბრძანებით გამოიყენეს სპეცრაზმელებმა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები.
ევროპული სასამართლოს განაჩენში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე დაახლოებით 800 რეზინის ტყვია გაისროლეს. ამავე გადაწყვეტილების მიხედვით, რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არც შინაგან საქმეთა იმდროინდელ მინისტრს და არც მის მოადგილეებს არ გაუციათ. სასამართლო ამ გარემოებას რაციის ჩანაწერებზე დაყრდნობით ასაბუთებს.
სტრასბურგი წერს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და მისი მოადგილეები რეზინის ტყვიების გამოყენებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა მათი პოზიცია სპეცრაზმელებამდე ადგილზე არ მისულა – შესაბამისი მითითება უშუალო ხელმძღვანელებს ქვედანაყოფებისთვის არ გადაუციათ.
ამ ფონზე ჩნდება კითხვა, ვის დაემორჩილა სპეცრაზმი. პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანებას მინისტრის გარდა ვერავინ გასცემდა, ან თუ ასეთი ბრძანება არ ყოფილა, შესაძლოა 800 რეზინის ტყვიის გამოყენება პოლიციელების ინდივიდუალური გადაწყვეტილება ყოფილიყო.
იმ პერიოდში სპეცრაზმს გიორგი ყაყიჩაშვილი ხელმძღვანელობდა. სტრასბურგის გადაწყვეტილების მიხედვით, მან გიორგი გახარიას პოზიცია მოისმინა, თუმცა ეს მითითება ადგილზე პოლიციისთვის არ გადაუცია. მიუხედავად ამისა, ყაყიჩაშვილი გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ფიგურად არ ქცეულა – 20 ივნისის მოვლენებიდან რამდენიმე თვეში „ქართულმა ოცნებამ“ იგი საფრანგეთში სამხედრო ატაშედ გაამწესა.
ივანიშვილის გუნდი პასუხისმგებლობას მთლიანად გიორგი გახარიას აკისრებს და მის დასჯას მოითხოვს, თუმცა ამ დრომდე ვერც საქართველოს პროკურატურა ამტკიცებს, რომ რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება სწორედ გახარიამ გასცა. ყოფილი პრემიერისთვის წარდგენილ ბრალის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიამ რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ მიიღო, რაც მათი გამოყენება უკვე დაწყებული იყო.
ეს გარემოება ნიშნავს, რომ სპეცრაზმის მიერ რეზინის ტყვიების გამოყენებამდე გიორგი გახარიას შესაბამისი ინფორმაცია არ ჰქონია. ამ ეტაპზე კითხვებზე პასუხი თავად ყოფილმა პრემიერმა უნდა გასცეს, თუმცა იგი ჯერჯერობით არც სტრასბურგის გადაწყვეტილებას გამოხმაურებია.

















