ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა მცირე ფრაგმენტმა ბიჭვინთიდან, სადაც ადგილობრივებს ქართულად მიმართავენ: “ბებო, გამარჯობა, როგორა ხართ, როგორ, გენაცვალე? მალე ჩამოვალთ, მალე!” და შემდეგ რუსულად ამატებენ: “გადაგარჩენთ, გადაგარჩენთ!”, რასაც ადგილობრივის მხრიდან ღიმილი და ხელის დაქნევა მოჰყვა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების ყურადღება მიიქცია და სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ვიდეომ შეურაცხყო აფხაზეთის მოსახლეობის ეროვნული გრძნობები.
მოკვლევის ფარგლებში, უშიშროებამ იპოვა და გამოკითხა ვიდეოსტრიმის ავტორი, ბიჭვინთელი, რუსეთ-საქართველოს ომოს აფხაზეთის მონაკვეთის მონაწილე, ვინმე მიხაილოვი, რომელსაც სტრიმის დროს ჩაერთო ქართველი (სწორედ მისი საუბარი გახდა განხილვისა და შფოთვის საგანი). უშიშროების ზეწოლის ქვეშ, მიხაილოვმა ბოდიში მოიხადა სტრიმის ამ ნაწილის გამო, განაცხადა რა, რომ მღელვარების გამოწვევა მისი გაუცნობიერებელი მოქმედების შედეგია, რადგან ვერ გაითვალისწინა, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ვიდეოს გავრცელებას.
ამავე დროს, “თაიმერი” ესაუბრა იმ პირს, ვინც ვიდეოსტრიმის დროს მიხაილოვს ჩაერთო და ექსკლუზიური ინტერვიუც ჩაწერა მასთან:
“სტრიმის დროს ადგილობრივებს ქართულად ველაპარაკებოდი. ჩემი მიზანი იყო, მისთვის მეჩვენებინა, რომ ხალხს შორის არანაირი შუღლი არ არის და რომ ქართულის გაგონება ოკუპირებულ აფხაზეთში არავის აღიზიანებს. ასეც მოხდა. მაგრამ მერე რაც მოხდა, ეს უკვე იმას აჩვენებს, თუ როგორ ძალიან ეშინიათ აფხაზეთში მყოფ კრემლის წარმომადგენლებს აფხაზეთში ჩვენი დაბრუნების ხსენებისაც კი”, – ამბობს “თაიმერთან” მიხეილ კვატაშიძე, ორგანიზაცია “ამრას” დამფუძნებელი. ვიდეო ‘თაიმერს” სწორედ ავტორმა მიაწოდა.














