ვინ დატოვა დევნილები დახმარების გარეშე!

კორონავირუსმა უამრავი ადამიანი დატოვა ლუკმაპურის გარეშე. დევნილებს, რომლებსაც არც აქამდე ჰქონიათ დალხენილი ცხოვრება, მსოფლიო პანდემიამ კიდევ უფრო გაურთულა ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი დევნილი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, მათ არ შეეხოთ ის დახმარება, რომელიც საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგის ფარგლებში გამოყო. რატომ დარჩნენ დევნილები დახმარების გარეშე, ვინ ზრუნავს მათზე და როგორ ცხოვრობენ აფხაზეთში დარჩენილი ქართველები – ამის შესახებ „თაიმერს“ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „დევნილთა ხმის“ დამფუძნებელი ვალერი კატუკია ესაუბრება.
– ხელისუფლებამ მართალია დაამტკიცა ანტიკრიზისული გეგმა, მაგრამ დახმარებას საქართველოს ათასობით მოქალაქე ვერ მიიღებს. მათ შორის არიან დევნილებიც. თქვენი აზრით, რატომ აუარა მათ მთავრობამ გვერდი?
– ანტიკრიზისულ გეგმაში დევნილები იმიტომ არ მოხვდნენ, რომ დევნილთა თემაზე მომუშავე ინსტიტუტები მოიქცნენ ძალიან უნიათოდ. მათ საკმარისად რომ ეაქტიურათ, დევნილთა რაღაც კატეგორია მაინც მოხვდებოდა ანტიკრიზისულ გეგმაში. ვინმეს რომ აეხსნა ხელისუფლებისთვის თუ რა საჭიროების წინაშე დგანან დევნილები, აუცილებლად გამოინახებოდა მათთვის თანხა. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, აფხაზეთის მთავრობა და დევნილთა სააგენტო, რომელიც გახლავთ ჯანდაცვის სამინისტროს სსიპი, არ იყვნენ საკმარისად აქტიურები. ისინი მოიქცნენ უნიათოდ და დღეს დევნილები არ ფიგურირებენ ანტიკრიზისულ გეგმაში.
რაკი ეს სამი ინსტიტუტი ვერ ახერხებს იმას, რომ მიაწვდინოს ხმა შესაბამის უწყებებს, მე მინდა ვთხოვო პრემიერ–მინისტრს, რომ თავად მოისმინოს დევნილთა ხმა. ისინი არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში და იქნებ არის შესაძლებელი, რომ დამატების სახით ისინი შეიყვანონ ანტიკრიზისულ გეგმაში.
– გახარიამ განა თავად არ იცის, რომ დევნილები მძიმე მდგომარეობაში არიან?
– ქვეყანა დღეს ისეთ მდგომარეობაშია, რომ შეუძლებელია ერთმა ადამიანმა ყველაფერი იცოდეს. ეს ჩემი მხრიდან მთავრობის დაცვა არ არის. პრემიერმა იცის თუ არა, მე არ ვიცი. სამაგიეროდ ვიცი, რომ შესაბამისმა უწყებებმა უნდა იმუშავონ დევნილებზე და მოითხოვონ ხელისუფლებისგან მათი ინტერესების გათვალისწინება, მაგრამ თუ ეუბნებიან მთავრობას და უარს იღებენ დევნილთა დახმარებაზე, მაშინ კეთილი ინებონ და ამის შესახებ ხმამაღლა განაცხადონ.
სამწუხაროდ, ამ სამმა უწყებამ დაიკავა სრულიად გაურკვეველი პოზიცია. მათ იმის „გაპრავებაც“ კი დაიწყეს, თუ რატომ ვერ მოხვდნენ დევნილები ანტიკრიზისულ გეგმაში.

– „გაპრავებაში“ რას გულისხმობთ?
– ამბობდნენ, დევნილები ისედაც არიან სხვადასხვა კატეგორიაშიო. როდესაც სამ უწყებას აქვს ასეთი პოზიცია, ძნელია ისაუბრა პრემიერის ცოდნა–არცოდნაზე. მთავრობის მეთაურს ვიღაცამ ხომ უნდა მიუტანოს ამბავი დევნილების გასაჭირზე?!
– ქვეყანაში ისეთი გაჭირვებაა, რომ მთავრობის მეთაური ვიღაცის მიტანილი ამბის გარეშეც უნდა ხვდებოდეს, რომ დევნილები მძიმე დღეში იქნებიან, არა?
– გასაგებია, მაგრამ დევნილთა თემაზე მომუშავე ინსტიტუტები ხომ იმისთვის არსებობენ, რომ მათი უფლებები დაიცვან. ის მაინც გააკეთონ, რომ მათი გასაჭირი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების ყურამდე მიიტანონ. გაორმაგებული ფუნქციები და ბიუჯეტი რისთვის სჭირდებათ, ეს თუ არ გააკეთეს?
– დევნილთა გასაჭირზე არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შეუძლია საუბარი…
– ჩვენც ვგრძნობთ ამაზე პასუხისმგებლობას. პირადად მე, სადაც ხმა მიმიწვდება, ყველგან ვსაუბრობ დევნილების მძიმე ყოფაზე. რაც შეეხება დევნილთა თემაზე მომუშავე უწყებებს, ისინი საქმეს ვერ აკეთებენ და ახლავე გეტყვით რატომ. აფხაზეთის მთავრობას ამტკიცებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭო. ეს ის უმაღლესი საბჭოა, რომელიც 1991 წელს იქნა არჩეული. ძალიან ბევრი საუბარი მიდის იმაზე, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები და თავიდან იქნას არჩეული უმაღლესი საბჭო. დღეს იმ ხალხის ნახევარზე მეტი ცოცხალიც კი აღარაა, ვინც 29 წლის წინ ეს უმაღლესი საბჭო აირჩია. მეტი ლეგიტიმაციისთვის საჭიროა ახალი არჩევნების ჩატარება. უმაღლეს საბჭოში უნდა შევიდნენ ადამიანები, ვისაც დევნილები ენდობიან. როდესაც ასეთი უმაღლესი საბჭო დაამტკიცებს მთავრობას, იმ მთავრობას ცხადია უფრო მეტი ლეგიტიმაცია ექნება, ვიდრე დღევანდელს აქვს.

აფხაზეთის მთავრობამ და უმაღლესმა საბჭომ დევნილი საზოგადოების ნდობა უნდა დაიბრუნონ. ეს ახალი არჩევნების გარეშე არ იქნება. რაც არ უნდა ილაპარაკონ რომ ლეგიტიმურები არიან, ნდობას ამით ვერ მოიპოვებენ.
– მოდით თემა შევცვალოთ. თუ გაქვთ ინფორმაცია აფხაზეთში ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველების შესახებ, რა ხდება აფხაზეთში და როგორ ცხოვრობენ პანდემიის დროს?
– იქ ცხოვრება ჩვეულ რიტმში მიდის. კატასტროფას იქ ადგილი არ აქვს. უბრალოდ, მათთვის დახმარების მიწოდება გაჭირდა. სხვა მხრივ მათთვის პანდემიას ცხოვრება სერიოზულად არ გაურთულებია.

ავტორი: შირენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიერთადერთი მედიკამენტი, რომელსაც ვიღებდი და ისიც მას შემდეგ, რაც ყველა სიმპტომი გამოიხატა, ეს იყო პლაქვენილი
შემდეგი სტატიასაქართველომ ერთ-ერთმა პირველმა გამოხატა სურვილი და დაინტერესება, რომ მონაწილეობა მიიღოს მედიკამენტ „კამოსტატის“ კვლევის პროცესში