ვინ დაგეგმა „ნაცების“ შეთქმულება სააკაშვილის წინააღმდეგ

saakashvili-nacebiრა თამაშს თამაშობს მიშა

 

თაიმერის“ ინფორმაციით, დეკემბრის ბოლოს, ესე იგი, ახალ წლამდე, ყოფილი მმართველი პარტია ყრილობას გამართავს, თუმცა ყრილობამ, როგორც „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი ინფორომატორი ამბობს, შეიძლება, არა მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს და საქმე იქამდეც მივიდეს, რომ „ნაციონალების“ პარტიულ შეკრებაზე პატრულის გამოძახება გახდეს საჭირო.

„ახლა, თუ ფიქრობთ, რომ „ნაცების“ ყრილობაზე „ქოცები“ მივლენ და დებოშს მოაწყობენ, ძალიან ცდებით. მე როგორც ვიცი, ერთმანეთს თვითონ „ნაციონალები“ დაერევიან. დაპირისპირების მიზეზი, ალბათ, ის გახდება, რომ ჩემი ინფორმაციით, ყრილობა შეიძლება, დახურულ ფორმატში ჩატარდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყრილობაზე პარტიის მარტო იმ წევრებს დაპატიჟებენ დელეგატის სტატუსით, რომლებიც ბოკერიას პოზიციებს იზიარებენ. მიშას ერთგულ ხალხს კი „მოქესტავენ“, მაგრამ ყრილობა ფარულად ხომ ვერ ჩატარდება? ამიტომ, მიშას ხალხი ყრილობაზე დასწრებას შეეცდება და არეულობა სწორედ ამას მოჰყვება,“ – აღნიშნავს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი ინფორმატორი, რომელიც ასევე, უშვებს ალბათობას, რომ ამ არეულობის შემდეგ „ნაცმოძრაობის“, როგორც პარტიის არსებობაც კი დადგეს დღის წესრიგში.

„ნაციონალებში“ დაწყებული არეულობის, რასაკვირველია, სათავისოდ გამოყენებას „ქართული ოცნება“ შეეცდება, ანუ მმართველ გუნდს სხვა თუ არაფერი, სალაპარაკო მიეცემა, აი, ხომ ხედავთ, „ნაცები“ ერთმანეთს ჭამენო, მაგრამ ამ ურთიერთდაპირისპირებით, როგორც „თაიმერს“ ეუბნებიან, ყველაზე დიდი ხეირი მაინც, შეიძლება ყოფილმა პრეზიდენტმა ნახოს.

„კი ბატონო, ბევრს ჰგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი ცაიტ-ნოტშია და მას საქართველოში პოლიტიკური დასაყრდენი აღარ ეყოლება, მაგრამ როგორც მე მაქვს ინფორმაცია, მიშა ამ ეტაპზე ქართულ პოლიტიკაში აქტიურ ჩართვას არც აპირებს, რადგან მისი მიზნები მთლიანად უკრაინას უკავშირდება. აი, მას მერე კი, რაც იქ პოზიციებს მოიმაგრებს, შეიძლება, საქართველოზეც გადმოერთოს,“ – ამბობს „თაიმერის“ ინფორმატორი, რომელსაც პირადი ურთიერთობა ყოფილ მმართველი გუნდის ზოგიერთ წარმომადგენელთან აქვს.

ზოგადად, მიშამ რომ რაღაც ჩაიფიქრა, აშკარაა, თორემ ისინი, ვინც ყოფილ პრეზიდენტსა და ყოფილ გუბერნატორს კარგად იცნობენ, ამბობენ, რომ სააკაშვილი ის ტიპი არ არის, რომელიც ფარ-ხმალს ასე მარტივად ყრის და თამაშიდანაც უხმაუროდ გადის.

„მიშას ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ მსმენია, რომ ის წაგებას არ ეგუება. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უბრძოლველად დათმოს, – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი ინფორმატორი და აქვე, დასძენს, რომ ის ყველაფერი, რაც ბოკერიამ დაიწყო რაღაცნაირად ლევან რამიშვილის ხელწერას ჰგავს, – არ ვიცი, დამეთანხმებით თუ არა, მაგრამ რამიშვილი, 90-იან წლების ბოლოდან მოყოლებული, პოლიტიკის „რუხი კარდინალია“, თუმცა ის ღიად თითქმის არასოდეს არსად ჩნდება, თუ არ ჩავთვლით „ვარდების რევოლუციის“ წინა პერიოდს, როცა ასპარეზზე „კმარა“ გამოჩნდა, უფრო ადრე კი, ის „თავისუფლების ინსტიტუტის“ სახე იყო, თუმცა ბოლო წლებში, ლევან რამიშვილი, პრინციპში, აღარ აქტიურობს. ყოველ შემთხვევაში, პირადად მე, მისი ინტერვიუებიც კი აღარ მინახავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოლიტიკური ამბიციები არ აქვს. ჰოდა, რატომღაც მგონია, რომ „ნაცებში“ დაწყებული არეულობის გეგმაც სწორედ მისი შედგენილია.“

ამ ვერსიას არსებობის უფლება, რასაკვირველია, აქვს, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ რამიშვილ-ბოკერიას მეგობრობა ოდითგან ცნობილია – ისინი „თავისუფლების ინსტიტუტშიც“ ერთად იყვნენ და „კმარას“ სათავეებთანაც. ზოგადად, ითვლება, რომ „კმარას“, რამიშვილ-ბოკერიასთან ერთად, გიგი უგულავაც ხელმძღვანელობდა. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ სააკაშვილის ჩამოცილებაზე მინიშნებები გიგი უგულავამ საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში გააკეთა, ანუ თბილისის ყოფილმა მერმა განაცხადა, რომ ის ენმ-ს თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს და კარგი იქნება, თუ სხვა ძველი ლიდერებიც მიბაძავენ და ადგილს ახალგაზრდებს დაუთმობენ, თუმცა ამ მინიშნების მიუხედავად, „თაიმერს“ ინფორმატორმა უთხრა, რომ ერთ-ერთი პრეტენდენტი, ვინც შეიძლება ყოფილი მმართველი პარტიის თავმჯდომარე გახდეს, შეიძლება, სწორედ გიგი უგულავა იყოს.

„ნაციონალებში“ დაწყებულ აბრაკადაბრაში, აღსანიშნავია, რომ პატიმრობაში მყოფი სხვა ლიდერები, კერძოდ, ბაჩო ახალია და ვანო მერაბიშვილი ღიად არ ერევიან, თუმცა არაოფიციალური არხებით ვრცელდება ინფორაცია, რომ ახალაიები და მერაბიშვილიც სააკაშვილის მხარეს დგანან.

სხვათა შორის, სააკაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ასეთი მოსაზრებაც მუსირებს, რომ ის ოდესის გუბერნატორობიდან ვითომ პოროშენკოსთან შეთანხმებით გადადგა, ანუ ლაპარაკი იმაზეა, რომ უკრაინაში თანდათან პოპულარული ხდება ყოფილი პრემიერი იულია ტიმოშენკო, რაც პოროშენკოსთვის აშკარად საფრთხის შემცველია. ამიტომ, საჭირო იყო ისეთი პიროვნების გამოძებნა, რომელიც იულიას, როგორც ოპოზიციის ლიდერს, გავლენას წაართმევს. ასეთად კი, სავსებით დასაშვებია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილი ჩათვალა.

ზოგადად, პოლიტიკაში ასეთი თამაშები გამორიცხული არ არის, თუმცა ისიც ითქვა, რომ სააკაშვილი ალიანს თითქოს ტიმოშენკოსთან შექმნის, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ თავის დროზე სააკაშვილსა და ტიმოშენკოს შორის გარკვეული უთანხმოება მოხდა. უფრო მეტიც, როგორც „თაიმერის“ ინკოგნიტო წყარო ამბობს, წლების წინ, იარაღის უკანონო ბიზნესთან სააკშვილის შესაძლო კავშირის შესახებ უკრაინაში ლაპარაკი სწორედ ტიმოშენკომ დაიწყო და მიშამ მის მიმართ გული სწორედ ამიტომ აიცრუა.

ასეა თუ ისე, სახეზე, აშკარად, დიდი პოლიტიკური თამაშია, რომელშიც ყველას, მათ შორის, სააკაშვილს და, აგრეთვე, „ნაცმოძრაობას“ თავისი როლი აქვთ, თუმცა როგორც თეატრალურ სცენაზე ხდება ხოლმე, პოლიტიკური სპექტაკლიც ისე არ დამთავრდება, რომ ვინმემ მაყურებლის ანტისიმპათია არ დაიმსახუროს. ასე რომ, ვინ გახდება ამ პოლიტიკური წარმოდგენის მთავარი ანტიგმირი, ამას დრო გამოაჩენს.

ბერდია კალანდია

 

 

banner
წინა სტატიაშიკი იყო ღირსი, მიტრიალებოდა ვინმე და ჯალათი მამის ფოტო ამოეფრიალებინა
შემდეგი სტატიაპერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ამჯერად Gmail-ის მომხმარებლებს აფრთხილებს