ვინ და რა ყალბი დოკუმენტი აჩვენა კვირიკაშვილის – კულუარული ომი მმართველ პარტიაში

ocneba„ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები ხალხს ივანიშვილთან მეგობრობით „აბოლებენ“?

 

 

როგორც „თაიმერისთვის“ გახდა ცნობილი, მმართველი პარტია მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას 9 აგვისტოს, კახეთის რეგიონში დაასრულებს, თუმცა ჩვენი წყაროები ამბობენ, რომ მაჟორიტარ კანდიდატთა შერჩევას „ქართული ოცნებისთვი“ უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია და ეს პროცესი შიდა ომის მიზეზიც გახდა.

ზოგადად, ცნობილია, რომ „ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად, ერთ გუნდად შეკრული არასოდეს ყოფილა და იმასაც ამბობენ, რომ სხვადასხვა „ოცნებელზე“ ჭორებს თავად „ოცნების“ წევრები ავრცლებენ.

„ალბათ, გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ, მაშინდელმა პრემიერმა პრესკონფერენციაზე ირაკლი ალასანიას დუბაიში ვიზიტზე  ილაპარაკა, თუმცა პრესკონფერენციის წინ, ამის შესახებ ინფრომაცია სხვადასხვა მედიასაშუალებაში გამოქვეყნდა და, თუ დამიჯერებთ, ჟურნალისტებს ალასანიას ე.წ. დუბაურ ვიზიტზე ინფორმაცია თავად კოალიციიდან მიაწოდეს,“ – იხსენებს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელიც საზოგადოებაში გავრცელებულ ხმებსაც ეხება და ამბობს, რომ დღეს „ოცნებაში“, რეალურად, სამი ბანაკია.

„იმის შესახებ, რომ „ოცნებაში“ თავისი გავლენა კახა კალაძეს ჰქონდა და აქვს, დიდი ხანია ლაპარაკობენ. ვინაიდან კალაძე „ოცნების“ საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს, ალბათ, ვინმეს ჰგონია, რომ მას ისევ განუსაზღვრელად დიდ გავლენა აქვს, მაგრამ ასე არ არის. კალაძის პოზიციები მას შემდეგ შესუსტდა, რაც გიორგი კვირიკაშვილი ჯერ პრემიერი და შემდეგ, „ოცნების“ თავმჯდომარე გახდა.

კვირიკაშვილი, შეიძლება, ინტრიგებში ღიად არ ერევა, მაგრამ როგორც მე მაქვს ინფორმაცია და ეს ინფორმაცია, შეგიძლიათ, სხვებთანაც გადაამოწმოთ, ყველა ე. წ. ახალი სახე, რომელიც „ოცნების“ სარჩევნო კამპანიაში ახლა გამოჩნდა, ზუსტად გიორგი კვირიკაშვილის მიერ არის შერჩეული.

ცალკე ბანაკია ვოლსკი და მისი სამეგობრო. ეს ჯგუფი ბევრს ცდილობდა, რომ საარჩევნო სიაში, ასევე, მჟორიტარებად „ოცნებას“ მისთვის სასურველი კანდიდატები დაესახელებინა, მაგრამ როგორც მე გავიგე, ვოლსკის ბანაკმა მარტო ორი-სამი ადამიანის ლობირება მოახერხა, მაგრამ ეს ორი-სამიც ისეთი ოდიოზური ფიგურა გახლავთ, რომ მათი სიაში ჩასმა არც განხილულა და როგორმე რომ გაეჩუმებინათ, მაჟრიტარობის კანდიდატად დაასახელეს. სხვათა შორის, შემიძლია, ვოლსკის პროტეჟეების გვარებიც დაგისახელოთ, თან ამის შესახებ თქვენმა საიტმა რამდენიმე დღის წინ, უკვე დაწერა, თუმცა მაშინ თემა არ გაშალეთ,“ – აღნიშნა „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენმა კონფიდენციალურმა წყარომ, რომელსაც პოლიტიკური ამბიციები არ აქვს. სამაგიეროდ, მმართველი ვერტიკალის ნაწილთან მეგობრობს და, შესაბამისად, ის დეტალები, რაც კულუარებში ხდება, კარგად იცის.

ერთი სიტყვით, წყარო „თაიმერზე“რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ კულუარულ პუბლიკაციას უბრუნდება და ღიმილით გვეუბნება:

„ეს წერილი რომ წავიკითხე, სიმართლე რომ გითხრათ, გამიკვირდა, რადგან ბევრი დეტალი მეცნო და ამიტომ გადავწყვიტე, რომ ახალი ინფორმაცია მომეწოდებინა, ოღონდ ამას იმ პირობით გავაკეთებ, თუ ჩემს ვინაობას არავისთან არ გაამხელთ.“

„თაიმერმა“ წყაროს, რასკავირველია, კონფიდენციალობის ასპროცენტიანი გარანტია მისცა და, სანაცვლოდ, „ოცნების“ შიდა ომზე დამატებითი დეტალები მოიპოვა.

მაშ, ასე, როგორც ჩვენმა წყარომ გვითხრა, გიორგი კვირკაშვილს არანაირად არ უნდოდა, რომ მცხეთაში და დუშეთ-თიანეთ-ყაზბეგში დიმიტრი ხუნდაძისა და ზაქარია ქუცნაშვილის კანდიდატურები დაესახელებინა, მაგრამ ვოლსკის და მის „საძმოს“ წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია.

„ზოგადად, სიმართლე თუ გინდათ, შეიძლება, ბიძინასაც მაინცდამაინც არ ესიამოვნა, რომ იგივე ხუნდაძე მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელეს. რამდენადაც ივანიშვილის ვიცნობ, წინასწარ რომ სცოდნოდა, ამაზე არავითარ შემთხვევაში არ დასთანმხდებოდა, მაგრამ ახლა არ გამოვა და არ იტყვის, ხუნდაძე იტყუება, როცა ამბობს, რომ ჩემი მეგობარიაო. ზუსტად გეუბნებით, ბიძინას ხუნდაძე, მინიმუმ, ერთი წელი არ უნახავს და მაშინაც, როცა შეხვდა, მიანიშნა, რომ ის ახალ პარლამენტში დეპუტატი აღარ იქნებოდა, მაგრამ ბოლომდე არ გაწირავდა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშნავდნენ. ვიცი ისიც, რომ ხუნდაძემ ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი მოითხოვა და თქვა, რომ მარტო ამ შემთხვევაში იტყოდა დეპუტატობაზე უარს, მაგრამ დავით სერგეენკო კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა, რომ ხუნდაძე მისი პირველი მოადგილე გამხდარიყო.

ზოგადად, ვოლსკის, ხუნდაძის და ქუცნაშვილის ძმაკაცობა იქიდან დაიწყო, რომ ისინი, ირაკლი ტრიპოლსკისთან ერთად, ქუთაისში, ერთ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. არ ვიცი, ხუდაძემ დახმარება ვოლსკის სთხოვა თუ არა, მაგრამ სამაგიეროდ, ვიცი, რომ ყალბი გამოკითხვა გააკეთა და კვირიკაშვილს აჩვენა, აი, ნახე, მცხეთაში ყველაზე გავლენიანი ფიგურა მე ვარო. არადა, ყურმოკვრით ვიცი, რომ იგივე კვირიკაშვილი აპირებდა, რომ მცხეთაში მაჟორიტარად მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე დაესახელებინა, რომელიც ხუნდაძესთან კონფლიქტურ ურთიერთობაშია. მოკლედ, ამ ყალბი გამოკითხვით ხუნდაძემ კვირიკაშვილი აიძულა, რომ კანდიდატად ის დაესახელებინა. ამის პარალელურად, ხალხში ჭორების გავრცელება დაიწყო, რომ აი, ბიძინა ივანიშვილი ჩემი მეგობარია და მხარს მიჭერსო, მაგრამ თვითონაც იცის, რომ ეს ტყუილია,“ – გამოთქვამს თავის მოსაზრებს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელიც ხაზგასმით ამბობს, რომ კვირიკაშვილი ისეთი მეამიტი არ არის, როგორც ჩანს.

„კვირკაშვილი ამ ტყუილებს მიხვდა  და ამიტომ თამაშში ცეზარ ჩოჩელი შემოიყვანა. სხვათა შორის, სწორედ ეს დეტალი მეცნო თქვენი წინა პუბლიკაციიდან, მაგრამ ახლა უფრო მაგარ ამბავს გეტყვით, რაც „ოცნებისთვის“, უფრო ზუსტად, ხუნდაძისთვის ნამდვილად ბობის აფეთქება იქნება: რამდენიმე დღის წინ, ხუნდაძე მცხეთელებს რომ შეხვდა, წინა რიგში ერთი ადამიანი ეჯდა, რომელიც ადრე მცხეთის გამგებლი იყო და რომელიც მოსახლეობას მაგრად არ ევასებ. ეს კაცი ხუნდაძეს არწმუნებს, რომ მისიანია და ამასაც სჯერა, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ის მიუგზავნეს, ანუ ხალხი ამ კაცს ხუნდაძის გვერდით რომ დაინახავს, მისი ისედაც დაცემული რეიტინგი კიდევ უფრო დაეცემა და ამ დროს ჩოჩელი ისეთ ატმოსფეროს შექმნის, რომ ხელისუფლება მხარს მას უჭერს. ერთი სიტყვით, ეს „ოცნების“ შიგნით მიმდინარე ხელჩართული ომის პირველი რაუნდია, მაგრამ ეს ყველაფერი ამით არ დამთავრდება,“ – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელიც განმარტავს, რომ ხუნდაძის მაგალითი „ოცნების“ ეკლექტურობის ერთი მხარეა, თორემ მთელ მმართველ პარტიაში ანალოგიური პროცესები მიდის.

„ეხლა, ხუნდაძეზე მოგიყევით, მაგრამ შემიძლია, სხვებზეც გითხრათ, რომლებიც ხალხს აბოლებენ, აი, ბიძინას მეგობრები ვართო, სინამდვლეში კი ივანიშვილი დიდი ხანია, თვალითაც აღარ უნახავთ,“ – ღიმილით ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელიც ასევე, ამბობს, რომ გამორიცხული არ არის, უახლოეს დღეებში „ოცნებას“ ხობის მაჟორიტარობის კანდიდატის, ბიზნესმენ გოდერძი ბუკიას შეცვლა მოუწიოს.

banner
წინა სტატიაშიThe Wall Street Journal: აშშ-მ ირანს საიდუმლოდ 400 მილიონი გადაუხადა
შემდეგი სტატიაობამამ 67 სამუდამო პატიმარი შეიწყალა