ვინ ცდილობს გახარიას მოშორებას?

ვინ აწყობს გახარიას წინააღმდეგ შეთქმულებას, ჩაანაცვლებს თუ არა სოლოლაკელ ბატონს კიკეთელი ბატონი, რას გეგმავენ “ოცნებიდან” წასულები? -ამის შესახებ “ახალ თაობას” ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ესაუბრება.

_ ბოლო დროს აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ლევან ვასაძე აპირებს პოლიტიკაში შემოსვლას და ამაზე ის ივანიშვილს უკვე შეუთანხმდა. შემოვა ვასაძე პოლიტიკაში?
_ ლევან ვასაძე უკვე შემოსულია პოლიტიკაში. ჩემი ინფორმაციით, კიკეთში მდებარე მის სასახლეში ხშირად დადიან სასულიერო პირები და რუსეთიდან კულტურულ ღონისძიებებზე დასასწრებად ჩამოსული პერსონები. კიკეთის სასახლეში დადიან საქართველოს საპატრიარქოსთან დაახლოებული პირები და საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები.
ამ ადამიანთან დაკავშირებით ასეთი მოცემულობა გვაქვს, რა იქნება მის თავს მომავალში, ამას გადაწყვეტს გრუ და არა თავად ვასაძე. ამის მიუხედავად, ის ამ დროისთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეებს აკეთებს რუსეთის სასარგებლოდ, რასაც ქართული პატრიოტული მოტივებით ფუთავს.
_ თუ არის იმის ალბათობა, რომ დროთა განმავლობაში კიკეთის სასახლის ბატონმა, ვასაძემ, სოლოლაკის სასახლის ბატონი, ივანიშვილი, ჩაანაცვლოს?
_ ეს გამორიცხულია. ივანიშვილი და ვასაძე სხვადასხვა წონის ფიგურები არიან. ეს უკანასკნელი იქნება მხოლოდ შემსრულებელი, მიუხედავად იმისა, გარეთ გამოვა თუ კულისებში დარჩება. ვასაძეს იგივე წონა არასდროს ექნება, რაც ივანიშვილს 2012 წელს ჰქონდა.
რაღაც კონკრეტულ ეპიზოდში ის შეიძლება პროცესების ლიდერად მოგვევლინოს, მაგრამ ვერასდროს გახდება იმ დონის ფიგურა, როგორებიც იყვნენ გამსახურდია, შევარდნაძე და სააკაშვილი.
_ ვასაძის ამბები გავარკვიეთ, ივანიშვილთან რა ამბებია? მისგან წასულები ახალ-ახალ მოძრაობებს ქმნიან. მართლა დაუპირისპირდა ეს ხალხი “ოცნების” ლიდერს?
_ მმართველი პარტიის წიაღში მყოფებმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინ დაინახეს, რომ ლიდერს მათ მიმართ დიდი სენტიმენტები არ ჰქონდა.
ხელისუფლებაში “ოცნების” მოსვლის შემდეგ ეს ადამიანები საკმაოდ კომფორტულად გრძნობდნენ თავს. ამ მომენტისთვის ისინი გრძნობენ, რომ 2020 წლისთვის მათი წონა აღარ იქნება ისეთი, როგორც ეს 2012 წელს იყო. შესაბამისად, ყველანაირი ხერხებით ცდილობენ, დაბრუნდნენ პოლიტიკურ სცენაზე.
არ გამოვრიცხავ, რომ ეს განდგომილები სალომე ზურაბიშვილის გარშემო ცალკე გუნდად ჩამოყალიბდნენ. საპარლამენტო არჩევნებზე თუ ისინი საარჩევნო ბარიერს გადალახავენ, არჩევნების შემდეგ ისევ ივანიშვილთან მივლენ. მასთან იმიტომ მივლენ, რომ შემდეგ კოალიციურ მთავრობაში მსუყე ლუკმა დაითრიონ. ისინი საპარლამენტო თანამდებობებსაც უმიზნებენ. ამ ფლანგზე გარკვეული მერკანტილური პროცესი მიდის.
_ არის მოსაზრება, რომ ამ განდგომილების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. `დაიცავი საქართველოს~ წევრებს უკვე შეარქვეს მოძრაობა “დაიცავი ბიძინა”. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
_ მოდით, ცალ-ცალკე განვიხილოთ ბესელია-კვაჭანტირაძისა და “დაიცავი საქართველოს” სეგმენტი.
“დაიცავი საქართველოში” გაერთიანებულებს ხელისუფლების მიმართ აქვთ პრეტენზიები, მაგრამ არც მათ და არც საზოგადოებას არ სურს ნაციონალების დაბრუნება. მათ იხელთეს დრო და დაიწყეს ივანიშვილის კრიტიკა. ‘ოცნების” ლიდერს იმისთვის აკრიტიკებენ, რომ შემდეგ მის კარზე რაც შეიძლება მსუყე ლუკმა დაითრიონ.
განდგომილებს საკუთარი მიზნები აქვთ და ისინი თავიანთ ლიდერად მხოლოდ ივანიშვილს განიხილავენ. ვერც ერთი მათგანი თავად ვერ გახდება ლიდერი. საამისოდ მათ არც პოლიტიკური კაპიტალი აქვთ და არც ფინანსური.
მათი უმეტესობა პოლიტიკურად გაბანკროტებულია, ჩვენი ამომრჩეველი კარგად იცნობს მათ პოლიტიკურ გემოვნებას და კარგად უწყის, ეს განდგომილები როდის სად შეიძლება აღმოჩნდნენ.
მათ უკან არ დგას “ოცნების” ლიდერი. ეს მათი დამოუკიდებელი თამაშია. ეს თამაში ივანიშვილის დასარწმუნებლად იქნა წამოწყებული. მათ ლიდერი უნდა დაარწმუნონ, რომ ქართული პოლიტიკა მათ გარეშე წარმოუდგენელია.
რაც შეეხება ბესელია-კვაჭანტირაძეს, ეს გუნდი დაკავშირებულია სალომე ზურაბიშვილთან. პრეზიდენტი უპარტიო ფიგურაა და ქართულ პოლიტიკაში ობოლი ბავშვივით არის, მიუხედავად იმისა, რომ ის `ოცნებამ~ გააპრეზიდენტა.
ამ ადამიანს ახლა სჭირდება პოლიტიკური დასაყრდენი. იდეების რეალიზებისთვის პარლამენტში თავისი ხალხი უნდა ჰყავდეს. ახლა მთავრობაშიც კი არ ჰყავს მოკავშირეები, თუნდაც საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამ მიმართულებით პრეზიდენტს საკმაოდ წონადი ფუნქციები და ვალდებულებები აქვს.
ამ მიმართულებით ქალბატონი ზურაბიშვილი ძალიან გზააცდენილად დადის. ამას მისი ამიერკავკასიის ტურიც ადასტურებს.
_ რას გულისხმობთ გზააცდენილობაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში გაკეთებულ განცხადებებს?
_ დიახ. სამი ათეული წელია, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ვახერხებთ ურთიერთობების დალაგებას. ქალბატონმა ზურაბიშვილმა ეს ყველაფერი ერთი ვიზიტით არია.
ამიერკავკასიის რეგიონში უსაფრთხოებას ერევანთან და ბაქოსთან კულუარული შეთანხმებები განაპირობებდა. ეს, თავის მხრივ, უზრუნველყოფდა ეთნოსების მშვიდად ცხოვრებას. სალომე ზურაბიშვილმა ამასაც კი საფრთხე შეუქმნა.
ის განცხადებები, რაც მან ბაქოში გააკეთა, კატასტროფა იყო. საქართველოს პრეზიდენტის სიტყვები აზერბაიჯანელი ისტებლიშმენტისთვის სასიამოვნო მოსასმენი კი იყო, მაგრამ ნათქვამით ისინიც კი გაოგნებული დარჩნენ.
მან ძალიან მწვავე განცხადებები გააკეთა ერევანშიც. ეს იმის მანიშნებელია, რომ ის საქართველოს საგარეო პოლიტიკაში დამკვიდრებულ წესებს ასცდა.
_ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წლების წინ ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც იყო, ეს წესები უნდა სცოდნოდა.
_ უნდა სცოდნოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ასცდა. აშკარაა, რომ ამ ადამიანს საკუთარი პოლიტიკური გუნდი სჭირდება. ეს გუნდი საჭიროა იმისთვისაც, რომ სტრატეგიული მიზნები განახორციელოს.
ამ გუნდის გასაკეთებლად ახლა საუკეთესო დროა, ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე კი საუკეთესო კანდიდატურები არიან.
_ რითი არიან საუკეთესოები?
_ ერთთანაც და მეორესთანაც სალომე ზურაბიშვილს კარგი ურთიერთობები აქვს. პრეზიდენტი შეეცდება, რომ 2020 წლისთვის რაღაც გუნდი შექმნას, რომელიც ისევ და ისევ ივანიშვილთან კოლაბორაციონიზმით შეძლებს მიზნების მიღწევას.
ეს იმ შემთხვევაშიც მოხდება, თუ “ოცნება” არჩევნებში მეორე ადგილზე გავა და ზურაბიშვილის გუნდი მესამე ადგილს დაიკავებს. უმრავლესობის შესაქმნელად მათი გაერთიანება აუცილებელი იქნება.
ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტი წონიანი გახდება. მას პრეტენზიები გაუჩნდება მინისტრების დანიშვნაზე და საკუთარი თამაშის წამოწყებასაც შეძლებს. მე მიმაჩნია, რომ მას ეს თამაში უკვე წამოწყებული აქვს.
რამდენად შეძლებს ეს გუნდი თავისი მიზნების რეალიზებას, ვერ გეტყვით. აქ ფინანსები იქნება გადამწყვეტი.
_ “ოცნებაში” დარჩენილებზე რას გვეტყვით, რას იზამენ ისინი?
_ “ოცნების” ახალგაზრდული გუნდი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი მათ დაეყრდნობა. მათ მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მალე გამოვლენ ამ ეიფორიიდან. “ოცნების” ლიდერი ძალიან კარგად ხვდება, რომ მმართველი პარტიის მიმართ უარყოფითი განწყობა ძირითადად ამ ხალხის დამსახურებაა.
პარტიის ლიდერმა ისიც კარგად იცის, რომ “ოცნებაში” დარჩენილ ახალგაზრდების გუნდს თავისი მერკანტილური ინტერესებიც აქვს.
ივანიშვილი ახლა პროცესებს აკვირდება. ვიღაც თავისი ნებით წავა, ვიღაცას გაუშვებს. 2020 წელს ის ამომრჩეველს სულ სხვა `ოცნებას~ შესთავაზებს. სულ სხვა კონფიგურაცია იქნება. ამ შემთხვევაში პერსონებს ვგულისხმობ და არა იდეოლოგიას, რომელიც `ოცნებას~ არც აქამდე ჰქონდა და არც მომავალში ექნება.
_ მმართველ გუნდში სერიოზული ბრძოლა მიდის გახარიას წინააღმდეგ და მოსაშორებლად რაღაცებს უჩალიჩებენ. ისიც კი ითქვა, რომ არჩილ თალაკვაძისა და მინისტრ ქობულიას ბინების გაძარცვა შემთხვევითი სულაც არ ყოფილა.
_ კრიმინალის მატებაზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ, თუ გულწრფელები ვიქნებით, საგანგაშო არაფერი ხდება. თალაკვაძისა და ქობულიას სახლების გაქურდვა ახლა ძალიან გვიკვირს, მაგრამ ჩვენ გვქონდა სიტუაცია, როცა არც ისე შორეულ წარსულში უშიშროების საბჭოს მდივანმა საკუთარ კაბინეტში მოიკლა თავი. არის ასეთი ვერსიაც, რომ ნუგზარ საჯაია მოკლეს.
ნარატივი, რომ დანაშაულმა მოიმატა, სწორედ გიორგი გახარიას წინააღმდეგ არის მიმართული.
ისე, მედიასაც უნდა ესმოდეს, რომ არსებობს მიზანშეწონილობის საკითხი და ხელისუფლების დასუსტება უამრავი რაღაცით არის შესაძლებელი. მაგრამ დასუსტება ერთია და დისკრედიტაცია – მეორე.
ყველა ჩვენგანს კარგად ახსოვს, თუ როგორ ახდენდა დღევანდელი ხელისუფლება ოპოზიციაში ყოფნისას ვანო მერაბიშვილის დისკრედიტაციას. ახლაც თუ იმიტომ ვახდენთ გახარიას დისკრედიტაციას, რომ ხელისუფლება დავაზიანოთ, ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, პირველ რიგში, დავაზიანებთ სახელმწიფოს.
_ სახელმწიფოს რატომ დავაზიანებთ?
_ გამუდმებით თუ იმაზე იქნება საუბარი, რომ აქ მძიმე კრიმინოგენური ვითარებაა, ტურისტები საქართველოში ჩამოსვლას აღარ მოისურვებენ. მათ იოლად ვერც მაშინ ჩამოვიყვანთ, თუ აქ ხელისუფლება შეიცვლება.
ხელისუფლება უნდა ვაკრიტიკოთ, მაგრამ მოზომილი მოქმედებაა საჭირო, რათა სახელმწიფო არ დავაზიანოთ.
გასული წლის ზაფხულში ხადას ხეობაში ამერიკელების ოჯახი დახოცეს და ამას არ მოჰყოლია ისეთი სკანდალი, რაც თალაკვაძის სახლის გატეხას მოჰყვა. აშკარაა, რომ ეს კამპანია გახარიას წინააღმდეგ არის მიმართული.
დანაშაულის პრევენციის საქმეში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს იუსტიციის სამინისტრომ. ამ უწყებას რატომ არავინ აკრიტიკებს ასე მწარედ, იმიტომ, რომ გახარია არ არის იუსტიციის მინისტრი?
მოდით, ისიც ვთქვათ, რომ ახლა სრულად ხდება დანაშაულის აღრიცხვა. გიორგი მღებრიშვილის დროს მსუბუქ დანაშაულს არც აღრიცხავდნენ.
_ მღებრიშვილის პერიოდში შსს დანაშაულის სტატისტიკას არც კი აქვეყნებდა.
_ მღებრიშვილის დროს შსს-ში უამრავი არაპროფესიონალი მუშაობდა. მისი მინისტრობის პერიოდით საგამოძიებო ჟურნალისტიკა თუ დაინტერესდება, ბევრ სკანდალურ რამეს აღმოაჩენენ. ისეთი სახელები და გვარები შეგხვდებათ, გაოცდებით, ამ ხალხს შსს-ში რა უნდოდაო.
ცნობილია ის ფაქტიც, რომ 3-დღიან ვიზიტებში მღებრიშვილი 1 კვირით მიდიოდა და თან ჰარამხანის დირექტორივით ამალა მიჰყავდა,
მისი მინისტრობის დროს კრიმინალსა და მინისტრის ვიზიტებზე ასე ხმამაღლა არავინ ლაპარაკობდა. რატომ? ერთხელ დავსვი ეს კითხვა და გავარკვიე, რომ ის ექსპერტებსა და მედიის ნაწილს ფულს უხდიდა იმაში, რომ ეს ყველაფერი არ დაეწერათ.
_ ასე ძალიან რატომ უნდათ ვიღაცებს გახარიას მოშორება? იმიტომ ხომ არა, რომ მისი გაპრემიერების ეშინიათ?
_ მის შესაძლო გაპრემიერებაზე დიდი ხანია, საუბრობენ. მისი იმის გამო არ ეშინიათ, რომ ის პრემიერი გახდება, მისი ეშინიათ იმიტომ, რომ ის შინაგან საქმეთა მინისტრია. ვიღაცებს ძალიან უნდათ, რომ ის პოლიტიკური ველიდან გაიყვანონ.
_ ეს ვიღაცები “ოცნებაში” არიან თუ ოპოზიციაში?
_ იქაც და იქაც. გახარიას დისკრედიტაციას შეეცადა მამუკა ხაზარაძეც, რომელიც ამტკიცებს, რომ მას შს მინისტრმა მუქარის წერილი მისწერა. მართალია, მან ამით შს მინისტრსა და სახელმწიფოს სერიოზული ზიანი მიაყენა, მაგრამ თავადაც უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი. ამ ამბების შემდეგ მას არც ერთი უცხოელი პარტნიორი წერილს აღარ მისწერს და ყველა მოერიდება მასთან ურთიერთობას, რადგანაც დაინახეს, რომ მას შეუძლია, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე სახელმწიფო უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდოს.

შორენა მარსაგიშვილი

 გაზეთი “ახალი თაობა”

banner
წინა სტატიაშისოციალური მუშაკების პროტესტი დღესაც გრძელდება
შემდეგი სტატიაპირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ მოზარდს დღეს აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ