„უპრეცედენტოდ გაიზრდება ზოგადი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება. სამართლიანობის პრინციპების გათვალისწინებით, შეიცვლება მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკა და მნიშვნელოვნად გაიზრდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება. 2024 წლის პირველი ივლისიდან სრული დატვირთვის პირობებში, მასწავლებლების ხელფასი, სტატუსის მიუხედავად, საშუალოდ გაიზრდება 500 ლარით და მეტით. საშუალოდ 500 ლარითა და მეტით ანაზღაურების ზრდა მასწავლებელთა კორპუსის 70%-ს შეეხება.“ – ასეთი იყო,
ჯერ კიდევ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატის გიორგი ამილახვარის განცხადება 2024 წლის დასაწყისში.
რა თქმა უნდა, პედაგოგების მოტივაციაც გაიზარდა, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, პედაგოგებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიარეს სხვადასხვა კონკურსები, ტრეინინგები.
,,გამოდიოდა ხმები, რომ რეალურად არანაირი 500 ლარის მატება არ იქნებოდა, ყველას გვყავს თითო ნაცნობი ყველგან, ვიცოდით, რომ წამყვან და მენტორ მასწავლებლებს საბოლოოდ 500 ლარი საბაზო ხელფასის მომატება არ ექნებოდათ. ასეც მოხდა. დღეს მასწავლებლები, ძალიან გულდაწყვეტილები ვართ, განსაკუთრებით დაზარალდნენ ის წამყვანი და მენტორი მასწავლებლები, რომლებმაც ბევრი იწვალეს და იშრომეს ამ წოდებების მოსაპოვებლად. ” – აღნიშნა ჩვენთან საუბარში საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ვაკე-საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მარინა შუბითიძემ.
როგორც ირკვევა, სამინისტრომ არსებული სახელფასო ფორმულით მოახდინა თანხების გადათამაშება. ხელფასების ზრდა კი რეალურად წამყვან და მენტორი მასწავლებლების სტატუსების დანამატის კლებით და საათობრივი ანაზღაურების ზრდით არის გამოწვეული.
მაგალითად – წამყვანი მასწავლებლისათვის 1175 ლარი იყო დანამატი და ხელზე ვიღებდით 950 ლარს, მენტორისთვის იყო 1475 ლარი და ხელზე იღებდნენ 1180 ლარს.
ახლა კი წამყვანის ფუნქციური დანამატი გახდა 150 ლარი, ხელზე აიღებს 120 ლარს. მენტორის ხელფასი კი გახდა 300 ლარი, რომელიც დაქვითვით აიღებს 240 ლარს.
ანუ ადრე აღნიშნული დანამატები უფრო მაღალი იყო რომელიც 15 საათიდან გვეძლეოდა და არ გვქონდა ბევრი საათების აღების ამბიცია, რადგან 15 საათზეც და 25 საათზეც დანამატი არ იცვლებოდა. ხოლო 15 საათის დაბლა პროპორციულად გაიცემოდა.
რამდენჯერმე მოვითხოვე მინისტრ ამილახვართან შეხვედრა, მაგრამ არ გვხვდება. ასევე ოფიციალურად მივწერეთ პრემიერ-მინისტრის აპარატს შეხვედრის თაობაზე, მაგრამ პასუხი და რეაგირება არცერთი უწყებიდან არ გვაქვს. “- აცხადებს 187-ე სკოლის წამყვანი მასწავლებელი თამარ ცანავა.
ის ასევე არის
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი,
საქართველოს განათლების მუშაკთა გაერთიანების დამფუძნებელი.
რა თქვა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა თავის ერთერთ განცხადებაში?
,,მე მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ვმართავ შეხვედრებს ჩვენს პედაგოგებთან როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში, მათთან ერთად ვმსჯელობ ყველა აქტუალურ საკითხზე და ვისმენ მასწავლებლების უკუკავშირებს ამა თუ იმ გამოწვევებთან დაკავშირებით. თითოეული იმ პრობლემის გადაჭრას, რომელიც მათ წინაშე დღეს დგას ახლო მომავალში, მათივე ჩართულობით და პედაგოგების ინტერესების გათვალისწინებით ვაპირებთ.”
,,როგორ, ბატონო მინისტრო, თქვენ არც კი ხვდებით იმ პედაგოგებს, რომლებიც თქვენი ყურმოჭრილი მონები არ არიან. ” აცხადებს თამარ ცანავა.
რა იგულისხმება ყურმოჭრილ მონებში ამის გარკვევა თამარ ცანავასთანაც ვცადეთ და სხვა პედაგოგებთანაც, თუმცა ზოგი ღიად და ზოგი მინიშნებით ხელს ადებს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელს მაია კობახიძეს.
როგორც ,,თაიმერმა” გაარკვია, აღნიშნულ ორგანიზაციას ოფიციალურად 40 ათასი მასწავლებელი ჰყავს გაწევრიანებული. საწევროს ღირებულება თითოეული პედაგოგის ხელფასის 1% გახლავთ. მაია კობახიძის ორგანიზაციის ყოველთვიური შემოსავალი 40 ათას ლარზე ბევრად მეტს შეადგენს.
თუმცა ,,თაიმერს” კულუარულად იმასაც უყვებიან, რომ მაია კობახიძეს მასწავლებლები ხელიდან ეცლება და ორგანიზაციიდან გადიან. ამის მიზეზი, კი მაია კობახიძის არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებაა მასწავლებლების მიმართ.
მაგალითად, თუ ხელფასის 1%-ს პედაგოგები ორგანიზაციაში იმიტომ იხდიან, რომ კვალიფიკაცია გაიზარდოს, მაღალი საფეხურები გაიარონ, წამყვანის და მენტორის წოდება მიიღონ და შესაბამისი ანაზღაურებაც მიიღონ, მაია კობახიძე მხოლოდ სხვადასხვა გრანტების საშუალებით ცდილობს ფონს გავიდეს.
რაც შეეხება საწევროების გადახდას – ამასაც კანონი არეგულირებს, თუმცა როგორც რესპოდენტი მასწავლებლები გვიყვებიან, საწევროების ოქმები არ არსებობს. თუ არ არსებობს, რის საფუძველზე უხდიან პედაგოგები აღნიშნულ ორგანიზაციას ხელფასის 1%-ს და სად მიაქვს მაია კობახიძეს მინიმუმ 500 ათასი ლარი?!
,,თაიმერი” მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გზებით ცდილობდა ხმა მიეწვდინა მაია კობახიძესათვის.
მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ დავრეკეთ მის პირად ნომერზე და აღნიშნულ თემაზე შეტყობინებაც გავუგზავნეთ, მან არ ისურვა კითხვებზე პასუხის გაცემა.
ასევე დავუკავშირდით ორგანიზაცია თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელის მაია კობახიძის მოადგილეს ნათია კორძაძეს. მან თავად უარიგანაცხადა კომენტარის გაკეთებაზე, თუმცა დაგვპირდა, რომ მაია კობახიძეს ჩვენს შეკითხვებს გადასცემდა და თავად დაგვიკავშირდებოდა.
,,თაიმერმა” ასევე დახმარება სთხოვა ვაკის რაიონული ორგანიზაციის უფროსს მარინა შუბითიძეს. ვთხოვეთ ჩვენი შეკითხვები გადაეცათ კობახიძისთვის და ეპასუხა ჩვენს ზარზე, თუმცა ამაოდ. მაია კობახიძე საგულდაგულოდ დაგვემალა.
ვინ არის მაია კობახიძე, ვისი კადრია, საიდან მოხვდა განათლების სისტემაში. რა ეჭვები არსებობს მის საქმიანობასთან დაკავშირებით და რა ბმა აქვს განათლების მინისტრთან გიორგი ამილახვართან? რატომ საუბრობენ სავარაუდო კორუფციული გარიგებაზე მაია კობახიძესა და განათლების მინისტრს შორის, კერძოდ საარჩევნოდ 40 ათასი მასწავლებლის ხმის სრულ მობილიზებაზე?