დღეს პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი განიხილა – რეგისტრაცია გაიარა 90–მა დეპუტატმა, 86 პარლამენტარმა ხმა მისცა იმპიჩმენტს, მხოლოდ ერთმა დეპუტატმა მისცა იმპიჩმენტის წინააღმდეგ ხმა და სამმა დეპუტატმა საერთოდ არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა.
“თაიმერმა” გაარკვია, რომ ის ერთი დეპუტატი, რომელმაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის წინააღმდეგ მისცა ხმა, ალეკო ელისაშვილია.
“თაიმერი” დაუკავშირდა ალეკო ელისაშვილს, რომელმაც დაადასტურა, რომ ნამდვილად მისია ის ერთი, იმპიჩმენტის წინააღმდეგ დაფიქსირებული ხმა.
ალეკო ელისაშვილმა დღევანდელ იმპიჩმენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს პრეზიდენტს, გააკრიტიკა ოცნება იმის გამო, რომ უკვე მეორედ, პრეზიდენტად არჩეულ საკუთარ კანდიდატებს ნაციონალურ მოძრაობასთან შეთქმულებაში ადანაშაულებს და თქვა, რომ მისი აზრით, პრეზიდენტი დღეს ყველაზე ნეიტრალური პირია.
ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტს ჰკითხა, რატომ შეიცვალა რამდენჯერმე ფარცხალაძესთან დაკავშირებით მოსაზრება, რა იყო ამის სამართლებრივი საფუძველი. გამომდინარე იქედან, რომ სალომე ზურაბიშვილმა დღეს პარლამენტში არავის კითხვას უპასუხა, მათ შორის არც ალეკო ელისაშვილის კითხვაზეა პასუხი.
უპასუხებს თუ არა პრეზიდენტი იმ ადამიანის კითხვას, რომელიც პარლამენტის დარბაზში ერთადერთი იყო, ვინც მისი იმპიჩმენტის წინააღმდეგ მისცა ხმა და უნდა ავღნიშნოთ, რომ ამ კითხვაზე საზოგადოების დიდი ნაწილიც ითხოვს პასუხს, ეს მალე გამოჩნდება.