ვინ არის ერმილე, რომელსაც ემზარ კვიციანი ლაივის დროს უხმობს

ემზარ კვიციანის ვიდეოს, სადაც ის ლაივში შემთხვევით ჩაერთო და სიტუაციაში გასარკვევად ერმილეს უხმობდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ ვიდეოს უამრავი ნახვა აქვს და დღემდე ყველა ამაზე საუბრობს.
ამ შთაბეჭდილების ქვეშ არიან დეპუტატებიც. ზოგიერთ მათგანს “კვიციანის სინდრომიც” კი შეეყარა, რადგანაც არ იციან, რა ღილაკს აჭერენ ხელს. 19 მარტის პლენარულ სხდომაზე დავით მათიკაშვილმა ვერ გაიგო, რას დააჭირა.
რატომ ერევათ დეპუტატებს ღილაკები, გახდება თუ არა საკანონმდებლო ორგანოში წითელი თავსაბურავი მოდაში, ვინ არის ერმილე? _ ამის შესახებ “ახალ თაობას” ემზარ კვიციანი ესაუბრება.

_ თქვენს შემთხვევით ლაივთან დაკავშირებით მითქმა-მოთქმა დღემდე არ წყდება. დღემდე კითხულობენ, დეპუტატმა კაცმა არ უნდა იცოდეს, რა ღილაკს დააჭიროსო? ამ დროს პარლამენტის სხდომაზე ვნახეთ, რომ თქვენს კოლეგებსაც ერევათ ღილაკები და მწვანეს მაგივრად წითელს აჭერენ. ეს შემთხვევითი გაუგებრობაა თუ გბაძავენ?
_ შეიძლება, მბაძავენ. ჩემს ვიდეოს ძალიან დიდი ნახვა და გამოხმაურება მოჰყვა. ასეთი პოპულარობა პატარა ამბავი არ არის. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ მიმბაძველებიც გამომიჩნდნენ და ახლა ისინი არკვევენ, რას დავაჭირეო.
ამ ვიდეოს იმხელა რეზონანსი მოჰყვა, არ გამოვრიცხავ, რომ ჩემგან გარკვეული ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშ იყვნენ დეპუტატები. მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოვახდინე (იცინის). აბა, სხვანაირად წითელი და მწვანე როგორ ვერ უნდა გაარჩიონ, არ მესმის.
_ პარლამენტში დეპუტატებმა თუ წითელი თავსაბურავით დაიწყეს სიარული, მაშინ ნამდვილად თქვენი ზემოქმედების ქვეშ ყოფილან.
_ რა ვიცი, აბა, მთლად დარწმუნებული არა ვარ. შეიძლება, ქალებმა დაიხურონ თავზე მანდილი. კაცებს პარლამენტში თავზე წაკვრა მოერიდებათ.
ხომ გახსოვთ ის დრო, ჰიჯაბისა და ბურკას წინააღმდეგ რომ წავედი. ამის აკრძალვაზე ინიციატივით შევედი პარლამენტში. `ახალ თაობასთან~ ინტერვიუში დავაფიქსირე, რომ გამიხარდებოდა, თუ ქალები მანდილებით ივლიდნენ. ცოტა ხანში დეპუტატებმა სპეციალურად მანდილებით დაიწყეს სიარული.
_ იმედია, მარტო ქალებმა მოიხვიეს მანდილი.
_ კაცი მაგას როგორ იკადრებდა. ერთ-ერთი, ვინც მანდილი მოიხვია, თამარ ჩუგოშვილი იყო. ძალიან უხდებოდა მანდილი, ჩემი აღფრთოვანება სოციალურ ქსელშიც დავაფიქსირე და რამდენიმე ინტერვიუშიც ვთქვი.
_ სანამ პარლამენტში მიმდინარე პროცესებზე გკითხავდეთ, გვაინტერესებს,  ვინ არის ერმილე, რომელსაც იმ ლაივის დროს უხმობთ,გესმის ჩემი ხმაო?
_ ერმილე ძალიან კარგი ადამიანია, ჩემი უმცროსი მეგობარია. ძალიან მიყვარს და ძალიან დიდ პატივს ვცემ.
_ ერმილეც სვანია?
_ აბა რა. ერმილე გვარად ნემსაძეა.
_ ნემსაძე რანაირად არის სვანი?
_ როგორ არ არის. ქვემო სვანია.
_ ერმილეს ვინაობაც გავიგეთ და ახლა ის გვითხარით, რა ხდება პარლამენტში?
_ ვერაფერს ვეღარ გეტყვით. ისეთი რამეები მიდის, მეც კი ვერ ვხვდები, საიდან რა სიო უბერავს. არც ის ვიცით, ვინ და რა ბრძანებას მიიღებს. მართვადი სიტუაციაა ამ ქვეყანაში. სააკაშვილი როცა მართავდა, მაშინაც უბედურება იყო, ახლა სხვა მართავს და მაინც უბედურებაა.
სანამ პარლამენტში თავისუფალი და პრინციპული ადამიანების სიმრავლე არ იქნება, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება.
_ გინდათ თქვათ, რომ პარლამენტში პრინციპული ადამიანები არ არიან?
_ როგორ არ არიან, მაგრამ ცოტანი არიან. დეპუტატების უმრავლესობა მაინც ერთი ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული.
ცოტა ხნის წინ პარლამენტში წარვადგინეთ რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო ნაცების დამნაშავეებად გამოცხადება. “ცნების” ნაწილმა მხარი დაუჭირა ამას, მაგრამ რეზოლუცია ჩავარდა. იმიტომ ჩავარდა, რომ უმრავლესობის უმრავლესობამ მხარი არ დაგვიჭირა.
ეს იმიტომ მოხდა, რომ მათ საიდანღაც ჰქონდათ ასეთი მითითება მიღებული. იმედი მაქვს, მომავალში ისინი უფრო მეტ პრინციპულობას გამოიჩენენ.
_ კიდევ აპირებთ ამ რეზოლუციის შემოტანას?
_ რაღაცებს შევცვლით და კიდევ შემოვიტანთ. დამნაშავეები აუცილებლად უნდა გასამართლდნენ და მათ პოლიტიკაში ყოფნის უფლება არ უნდა ჰქონდეთ.
_ როდისთვის აპირებთ ამის გაკეთებას?
_ ზუსტი ვადები არ ვიცი. ახლა მე მთის კანონში შესატან ცვლილებებზე ვმუშაობ. ინიციატივა უკვე წარვუდგინე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, მაგრამ იქ მხარი არ დაგვიჭირეს. განათლების კომიტეტზე 5-მა დეპუტატმა დაგვიჭირა მხარი.
_ ამისთანას რას ითხოვთ?
_ რაც მთას დაცლისგან გადაარჩენს.
_ უარს რატომ ამბობენ?
_ ბიუჯეტს ძვირი დაუჯდებაო. მათი უარის მიუხედავად, ამ ცვლილებებს არ მოვეშვები. ძალიან მინდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დედებს ხელფასი დაენიშნოთ. ეს ჯერ მთაში უნდა გაკეთდეს, შემდეგ _ მთელ ქვეყანაში.
დედები, რომლებიც შშმ პირებს უვლიან, ნამდვილი გმირები არიან. მათთვის არაფერი არსებობს ამქვეყნად, ვერც გარეთ გადიან და ვერც მუშაობენ. სახელმწიფო ვალდებულია, მათ ხელფასი დაუნიშნოს.

შორენა მარსაგიშვილი

გაზეთი “ახალი თაობა”

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის დე-ფაქტო მოქალაქემ რუსული პასპორტი დემონსტრაციულად დაწვა
შემდეგი სტატიასომხეთი საქართველოდან რუსეთში ბირთვული საწვავის გატანის შესაძლებლობას განიხილავს