ვინ არის აბუ მოჰამედ ალ-ჯულანი, რომელიც სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობას ხელმძღვანელობდა

აბუ მოჰამედ ალ-ჯულანი, რომელიც სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობას ხელმძღვანელობდა, 1982 წელს საუდის არაბეთში დაიბადა, სადაც მისი მამა ინჟინერ-მენავთობედ მუშაობდა. აბუ მოჰამედ ალ-ჯულანის ნამდვილი სახელია აჰმედ ჰუსეინ ალ შარა.

მისი ოჯახი სირიაში 1989 წელს დაბრუნდა და დამასკოს მახლობლად დასახლდა. ცოტა რამ არის ცნობილი მისი დამასკოში ყოფნის შესახებ 2003 წელს ერაყში გადასვლამდე, სადაც იგი შეუერთდა „ალ-ქაიდას“ შეერთებული შტატების შეჭრის წინააღმდეგობის ფარგლებში.

2006 წელს აშშ-ის ძალებმა აბუ მოჰამედ ალ-ჯულანი ერაყში დააკავეს და მან პატიმრობაში ხუთი წელი გაატარა. მოგვიანებით, გათავისუფლების შემდეგ რადიკალი ისლამისტების ყოფილმა ლიდერმა, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ ალ-ჯულანის დაავალა სირიაში „ალ-ქაიდას“ ფილიალის, „ალ-ნუსრას ფრონტის“ ჩამოყალიბება, რამაც გაზარდა მისი გავლენა ოპოზიციის მიერ დაკავებულ რაიონებში, განსაკუთრებით, იდლიბში.

ალ-ჯულანი კავშირში იყო ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერთან, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადისთან. 2013 წლის აპრილში ალ-ბაღდადიმ მოულოდნელად გამოაცხადა, რომ მისი ჯგუფი წყვეტდა კავშირებს „ალ-ქაიდასთან“ და გაფართოვდებოდა სირიაში, რაც ფაქტობრივად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ფარგლებში „ალ-ნუსრას ფრონტის“ შთანთქმას ნიშნავდა. ალ-ჯულანიმ უარყო ეს ცვლილება და შეინარჩუნა „ალ-ქაიდასადმი“ ერთგულება.

2014 წელს, თავისი პირველი სატელევიზიო ინტერვიუს დროს ალ-ჯულანმა ​„ალ ჯაზირას“ განუცხადა, რომ სირია უნდა იმართებოდეს „ალ-ქაიდას“ „ისლამური კანონის“ ინტერპრეტაციის მიხედვით და ქვეყნის უმცირესობები, როგორებიც არიან ქრისტიანები და ალავიტები, არ უნდა იყვნენ გათვალისწინებული.

მომდევნო წლებში, როგორც ჩანს, ალ-ჯულანი დისტანცირებას ახდენდა „ალ-ქაიდას“ პროექტთან, რომელიც მიზნად ისახავდა „გლობალური სახალიფოს“ დამყარებას ყველა მუსლიმურ ქვეყანაში და, როგორც ჩანს, ფოკუსირებული იყო საკუთარი ჯგუფის შექმნაზე სირიის საზღვრებში. შემდეგ, 2016 წლის ივლისში ალეპოზე კონტროლი ასადის რეჟიმმა დაიბრუნა და შეიარაღებულმა ჯგუფებმა დაიწყეს სვლა იდლიბისკენ, რომელიც ჯერ კიდევ ოპოზიციის ხელში იყო. დაახლოებით იმავე დროს ალ-ჯულანმა გამოაცხადა, რომ მისი დაჯგუფება „ჯაბჰათ ფათეჰ ალ-შამად“ გადაკეთდადა და წყვეტდა კავშირს „ალ-ქაიდასთან“.

2017 წლის დასაწყისისთვის ათასობით მებრძოლი ალეპოდან იდლიბში გაიქცა და ალ-ჯულანმა გამოაცხადა თავისი ჯგუფის რამდენიმე ჯგუფთან გაერთიანება, რის შედეგად ჩამოყალიბდა „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამი“. ახალმა დაჯგუფებამ მიზნად დაისახა სირიის გათავისუფლება ასადის მთავრობისგან, ქვეყნიდან ირანელი მილიციის „განდევნა“ და „ისლამური კანონის“ საკუთარი ინტერპრეტაციის მიხედვით სახელმწიფოს შექმნა.

2017 წელს, ერაყსა და სირიაში დასავლური კოალიციის მიერ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დამარცხების შემდეგ ალ-ჯულანი ამაგრებდა „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამს“ სირიის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე პროვინცია იდლიბში და აყალიბებდა სამოქალაქო ადმინისტრაციას, სახელწოდებით „ხსნის მთავრობა“.

2020 წელს, სირიის ომის ცხელი ფაზა, რუსეთისა და თურქეთის შუამავლობით, დეესკალაციის ზონების შექმნით შეჩერდა. იდლიბის რეგიონზე კონტროლი, თურქეთის შუამდგომლობით, სწორედ ამბოხებულმა ჯგუფებმა შეინარჩუნეს, სირიის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებზე კი კონტროლი ბაშარ ასადმა დაიბრუნა. ალ-ჯულანის მიერ ფორმირებული მთავრობა მართავდა იდლიბის რეგიონს „სირიის ხსნის მთავრობის“ მეშვეობით, რომელიც მან 2017 წელს დააარსა სამოქალაქო სერვისების, განათლების, ჯანდაცვის, სასამართლო სისტემისა და ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფად, ასევე ფინანსებისა და დახმარების განაწილების მიზნით.

ადგილობრივი წყაროების ცნობით, მისი მთავრობა მტკიცე ხელით მართავს და არ ეგუება განსხვავებულ აზრს. დამოუკიდებელი ჟურნალისტური ორგანიზაცია „სირია დაირექთი“ იუწყება, რომ „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამი“ დგას აქტივისტების გაუჩინარების უკან და ტყვიას ესროდა მომიტინგეებს, რომლებიც ჯგუფს ადანაშაულებენ მოწინააღმდეგე თემების ინტერესების უარყოფაში.

როდესაც ოპოზიციის მებრძოლებმა დაიკავეს ალეპო და გადავიდნენ სამხრეთით, ალ-ჯულანიმ, როგორც ჩანს, უფრო დამთმობი პოზიცია დაიკავა სირიის უმცირესობების მიმართ. ალეპოს აღების შემდეგ დაჯგუფებამ წარადგინა გარანტიები, რომ რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები დაცული იქნებიან.

შეერთებულმა შტატებმა აბუ მოჰამედ ალ-ჯულანი ტერორისტად 2013 წელს გამოაცხადა. „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული გაერო-ს, აშშ-ს, ევროკავშირსა და თურქეთს. თავად ალ-ჯულანმა თქვა, რომ ეს განსაზღვრება უსამართლოა, ვინაიდან მისმა ჯგუფმა უარყო წარსული კავშირები ეროვნულის სასარგებლოდ. ამბოხებული ძალების მიერ სირიის დიდი ნაწილის დაკავების შემდეგ აბუ მოჰამედ ალ-ჯულანი დამასკოში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს და მისი ჯგუფი მოწოდებულია, გააგრძელოს გზა, რომელიც დაიწყო 2011 წელს, არაბული გაზაფხულის დროს.

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკი უარყოფს დონალდ ტრამპის განცხადებას უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგების შესახებ და აცხადებს, რომ ბრძოლის ველზე 43 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა
შემდეგი სტატიაჯო ბაიდენი – ასადის რეჟიმის დაცემა სირიელი ხალხისთვის სამართლიანობის ფუნდამენტური აქტია