ვინ არიან „ქართული ოცნების“ ყველაზე მსხვილი შემომწირველები

CHXEIსახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად , პარტიამ „ ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო “, 2016 წლის ივნისში „ კახური ტრადიციული მეღვინეობისგან “ შემოწირულობის სახით 120 000 ლარი მიიღო , ხოლო ფიზიკური პირის გიორგი ჯაბიძისაგან – 55 000 ლარი.

შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ 2001 წელს დაფუძნდა. მისი დირექტორი და 100 % წილის მფლობელია ზურაბ ჩხაიძე, რომელიც ანსამბლ „ქართული ხმების“ წევრი და სოლისტია. ამ საწარმოს გარდა, ზურაბ ჩხაიძე სხვა არაერთი იურიდიული პირის მეწილე და ხელმძღვანელიც არის. კერძოდ, იგი გახლავთ შპს „არტ-რუსთვის“, შპს „აფიშას“, შპს „სერვის-ბარის“, შპს „ვარციხე გროუფ“-ის, აიპ „ქართული ღვინის მწარმოებელთა კავშირის“, აიპ „თამარ მეფის ფონდის“ დირექტორი, აიპ „ქართული ღვინოს“ და აიპ „ქართული ხმების“ გამგეობის წევრი; გარდა ამისა, იგი ფლობს წილებს საწარმეობში: შპს „ქართული სული“ (34 %); შპს „ასკანელი ძმები“ (25 %); შპს „კიდობანი 2“ (14,4 %); შპს „ზ.გ.გ.ლ კაპიტალი“ (25 %); შპს „გროსს ტურ ჯორჯია“ (55 %) და შპს „გრანდ ცენტრი 2014“ (50 %).

„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 სექტემბრის №1851 განკარგულებით შპს-ს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ მთლიანად გათავისუფლდა 2013 წლის 27 ნოემბერს სახელმწიფო ქონების სააგენტოსთან 20 წლის ვადით დადებული იჯარის ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების ვადის გადაცილებით შესრულებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან.

მთავრობის 2014 წლის 16 მაისის №878 განკარგულებით, იმავე შპს-ს სულ რაღაც 6500 ლარად პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცა სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონება – დუშეთის მუნიციპალიტეტში, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მე-19 კ.მ-ზე მდებარე 1929.00 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 71.63.59.107) და მასზე მდებარე 5 შენობა-ნაგებობა. ხელშეკრულების თანახმად, შპს-ს უნდა აეშენებინა ტურისტული მომსახურების კომპლექსი და განეხორციელებინა 1 მილიონი ლარის ოდენობით ინვესტიცია.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 სექტემბრის განჩინებით აღნიშნულ ქონებას ყადაღა დაედო. 2015 წლის 11 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ ინვესტორთან დადებული ხელშეკრულების პირობები შეცვალა და ვალდებულებების შესრულების ვადის ათვლის თარიღად ქონებაზე დადებული ყადაღის მოხსნა განსაზღვრა. ამასთან, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ სრულად გათავისუფლდა ხელშეკრულებაში შესატან ცვლილებებამდე სამომავლოდ დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან.

საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერით ირკვევა, რომ აღნიშნული ყადაღა ჯერჯერობით გაუქმებული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის მიერ დადგენილი საინვესტიციო პირობები ძალაში არ შესულა, ხოლო შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობას“ პირგასამტეხლო არ ერიცხება.

რაც შეეხება ფიზიკური პირის გიორგი ჯაბიძის მიერ განხორციელებულ შეწირულობას, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოარკვია, რომ გიორგი ჯაბიძე ბიზნესმენია. იგი შპს „ფუნდაშენის“ დირექტორი და მეწილე, ასევე ფლობს წილებს შპს „პალმა“-სა შპს „ტესტერში“. გარდა ამისა, იგი შპს „დამბას“ დირექტორი და 100 % წილის მესაკუთრეცაა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მონაცემებით, შპს „დამბამ“ 2016 წლის მაისში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტთან გააფორმა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება საბავშვო ბაღების მშენებლობის შესახებ, რისთვისაც მას 1.078.270 ლარი უნდა გადაერიცხოს. იგივე შპს-მ 2016 წლის 5 თებერვალს გააფორმა ხელშეკრულება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობის მოწყობის სამუშაობის შესრულებაზე, რითვისაც სახელშეკრულებო თანხამ 1.296.485 ლარი შეადგინა. დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან 2015 წლის 5 ნოემბერს დადებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით კი შპს „დამბამ“ 1.242.890 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის 15 ივლისამდე უნდა დაასრულოს.

2016 წლის აპრილში „ქართული ოცნების“ ყველაზე მსხვილი შემომწირველი ბიზნესმენი გიორგი ბურჭულაძე იყო, რომელიც მმართველ პოლიტიკურ პარტიას 50 000 ლარით დაეხმარა. გიორგი ბურჭულაძე შპს „ბბბ“-ს დირექტორია, ხოლო შპს „აგრო-ქართლში“, შპს „სტიმულში“ და შპს „ივერიაში“ სხვადასხვა მოცულობის წილებს ფლობს.

მაისში ყველაზე დიდი ოდენობით შემოწირულობა ფიქსირდება ნანა ბუხრაშვილისა (58 000 ლარი) და ირაკლი ხიტირის (55 000 ლარი) მიერ.

ნანა ბუხრაშვილი შპს „ანანოს“, შპს „ქირონ +“-სა და შპს „N ქირონ +“-ის დირექტორი და მეწილეა.

ირაკლი ხიტირი ფლობს სხვადახვა ოდენობის წილებს შემდეგ საწარმოებში: შპს „ინტერ +“, შპს „საქართველოს მინერალური ქვები“, შპს „იმმო ჯგუფი“ და შპს „სამშენებლო მასალები“. აღსანიშნავია, რომ „იმმო ჯგუფის“ ერთ-ერთი პარტნიორია გია გეწაძე, – საქართველოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების ყოფილი მოადგილე, რომელიც 2015 წლის 2 თებერვლიდან უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილეა.

წყარო: კახეთის საინფორმაციო ცენტრი”

banner
წინა სტატიაშიაფხაზური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული მიტინგის მონაწილეებმა დე ფაქტო შს სამინისტროს შენობის ღობე შეანგრიეს
შემდეგი სტატია(video) სულხან მოლაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს