ნავდარაანთკარში, მცხეთის ქუჩაზე, თეთრი ვილა აუზით, გამწვანებული ეზოთი და დიდი გალავნით, საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილის, შალვა ბარელაძის ოჯახის საკუთრებაა. ჩინოვნიკის ყოველთვიური შემოსავალი მხოლოდ 5367 ლარია.
წლების წინ, შალვა ბარელაძის პოსტი, ეკა ყუშიტაშვილის სკანდალს შეეწირა. ბარელაძე თანამდებობიდან მოხსნეს, ჯერ კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს, შემდეგ მომსახურების სააგენტოში დაასაქმეს. სისტემაში 2022 წელს ვახტანგ გომელაურის მინისტრობის პერიოდში დააბრუნეს, ახლა კი საქართველოს საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილედ დანიშნეს.
თანამდებობაზე დანიშვნის პირვისას შალვა ბარელაძეს დიღმის მასივში მხოლოდ ერთი ბინა და “ლიბერთი ბანკის” ანგარიშზე 10 ლარის დანაზოგი ჰქონდა. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი ქონებრივი დეკლარაციით უქონელია. შალვა ბარელიძეს მხოლოდ ერთი, 44 კვადრატული მეტრი ფართის ბინა აქვს დიღმის მასივში. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, არ ჰყავს მანქანა და არ მიუღია არანაირი შემოსავალი გარდა ხელფასისა. თუმცა ბოლო სამი წლის განმავლობაში მისი ოჯახის სახელზე დიდი ქონება გადაფორმდა.
ლისი, დიღომი, წერეთლის გამზირი, მცხეთა – ეს იმ სახლების ჩამონათვალია, რომელიც საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილის შვილების, თათია და ჯეკო ბარელაძეების სახელზე, 2021 წლიდან დღემდე გაფორმდა.
საჯარო რეესტრში დაცული დოკუმენტების მიხედვით, მცხეთაში ამ მდიდრული ვილის ოფიციალური მეპატრონეც ჩინოვნიკის შვილი ჯეკო ბარელიძეა. 700 კვადრატული მეტრი მიწა ჩინოვნიკის 27 წლის შვილის სახელზე 2021 2 ივლისს გადაფორმდა. მიწა შალვა ბარელაძის 27 ვაჟმა ისე იყიდა და სახლიც ისე ააშენა, რომ ბანკიდან სესხი არ გამოუტანია. ეს ქონება ერთადერთი არ არის, რომელიც საპატრულო პოლიციის უფროსის შვილის, ჯეკო ბარელაძის სახელზე გაფორმდა. პეტრე იბერის ქუჩის 30 ნომერში კომპანია კალასის აშენებულ ამ კორპუსში 45 კვადრატული ბინა ჩინოვნიკის შვილმა ორი კვირის წინ, 2025 წლის 11 ნოემბერს გადაიფორმა. ეს ქონებაც ჯეკო ბარელაძემ საბანკო სესხის გარეშე იყიდა. საბაზრო ღირებულება დაახლოებით 65 ათასი დოლარია. მის სახელზეა გაფორმებული 60 კვადრატული საცხოვრებელი სახლი დიღმის მასივშიც. იპოთეკა არც ამ ქონებას ადევს. პოლიციის მაღალჩინოსნის ვაჟს სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ბიზნესი არ აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან მოპოვებული ინფორმაციით, შალვა ბარელიძის ვაჟი ჯეკო ბარელაძე 4 ავტომობილს: პორშე მაკანს, პორშე კარერა ესს, ტოიოტა სიეიჩარ ეიჩს და ვაზ 21 ფლობს. საერთო ჯამში, მხოლოდ ავტომობილების საბაზრო ღირებულება 800 ათას ლარს აღწევს.
ჩინოვნიკის ოჯახი უეცარი გამდიდრების ისტორია ჯეკო ბარელაძის სახელზე გაფორმებული ქონებით არ მთავრდება. სამი საცხოვრებელი სახლია გაფორმებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის 22 წლის ქალიშვილის სახელზეც.
ერთი, 45 კვადრატული მეტრი ბინა პეტრე იბერის ქუჩის 30 ნომერში, ძმის მეზობლად. 50 კვადრატულამდე ბინა ლისზე, ფერმწერთა ქუჩაზე მოდერნს სითი ლისის საცხოვრებელ კომპლექსში 16 კვადრატული ავტოსადგომით, და 44 კვადრატული დიღომი მასივში, თათია ბარელაძეს ეკუთვნის. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 22 წლის სტუდენტმა, რომელიც ახლა პრაქტიკებს სასამართლოში გადის, სახლები ძმის მსგავსად სესხის გარეშე იყიდა.
სითი ლისის საცხოვრებელ კომპლექსში ერთი კვადრატული ბინის ფასი 1,250 დოლარიდან იწყება. ანუ მხოლოდ ამ ერთ ბინაში სტუდენტმა გოგონამ 150 ათასი ლარი გადაიხადა. ამდენივე დაუჯდა ბინა პეტრე იბერის ქუჩაზეც. საჯარო მოხელეების ქონებრივი დეკლარაციების გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შალვა ბარელაძე დეკლარაციას 2005 წლიდან 2015 წლამდე ავსებს. შემდეგ, 2022 წლამდე მონაცემები ქრება.
წყარო: “ტვ პირველი”
















