ვიხილე ერთმანეთისაგან გაყოფილი ოჯახები, თემი, მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე

ჩვენ ყველანი ერთად აღმოვჩნდით ამ რთულ ვითარებაში, ერთად გავდივართ მას და მნიშვნელოვანია, გავაფართოოთ ის მტკიცე ფუნდამენტი, რაც უკვე არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შედეგად შექმნილი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ონლაინპრესკონფერენციაზე განაცხადა.

ელჩმა საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობაზე და იმ დახმარებაზე ისაუბრა, რასაც აშშ უზრუნველყოფს საქართველოსთვის „კოვიდ-19“-ზე რეაგირების კუთხით.

ამასთან, ელჩის თქმით, აშშ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგული რჩება. ასევე ერთგულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

„ამასთანავე, აშშ რჩება სრულად ერთგული საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობისა და, რა თქმა უნდა, ერთგული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. სწორედ ამიტომ ჩემი პირველი გასვლა თბილისიდან ეს იყო ვიზიტი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, სოფელ ოძისში. ამ ვიზიტის ორგანიზება უზრუნველყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და მართლაც ძალიან დამამწუხრებელი იყო, რაც იქ ვიხილე – ერთმანეთისაგან გაყოფილი ოჯახები, თემი, მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა, მიიღოს სიცოცხლისთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარება, ბავშვებს არ აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ სათანადო განათლება.

რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები და შეასრულოს ვალდებულებები, რაც მან აიღო 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, რადგან ეს ხალხი ამ რეგიონებში იმსახურებს იმ ხელშესახებ პროგრესს, რაც უნდა მიოტანოს კონფლიქტის მშვიდობიანმა გადაწყვეტამ“, – განაცხადა ელჩმა.

banner
წინა სტატიაშიკელი დეგნანი – მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, საქართველო მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს
შემდეგი სტატიასაქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს