გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, VII–IX კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო პროგრამა „სატყეო სკოლა 2026“ დაიწყო. პროექტის მიზანი ახალგაზრდებში ტყის ეკოსისტემების, ბიომრავალფეროვნებისა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე ცნობიერების ამაღლებაა.
პროგრამა ერთკვირიან საგანმანათლებლო ბანაკს მოიცავს, რომელიც თეორიულ და პრაქტიკულ აქტივობებს აერთიანებს.
ოფიციალური ინფორმაციით, პროექტის პირველი დღე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე პრაქტიკულ მეცადინეობებს დაეთმო. მოსწავლეები ტყეში უსაფრთხო გადაადგილებისა და ორიენტირების წესებს გაეცნენ. გარდა ამისა, მათ შეისწავლეს ველურ ბუნებაში კოცონის უსაფრთხოდ დანთებისა და ჩაქრობის პრინციპები, რაც ტყეში ხანძრების პრევენციისთვისაა აუცილებელი.
ცენტრის დირექტორის, თამთა დევდარიანის განცხადებით, ბუნების პრაქტიკული შესწავლა მოზარდებს ეხმარება უკეთ გაიაზრონ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა და უსაფრთხოების ნორმები.
პროგრამა „სატყეო სკოლა“ უკვე მეხუთე წელია ხორციელდება.


















