ვიღაცის “ოცნება” დაკავებულია იმით, რომ საქართველოს ისტორიული დედაქალაქიდან წაიღონ პარლამენტი

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი ქუთაისის ამომრჩეველს ხვდება.

გრიგოლ ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას იმ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომელიც ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას ეხება. მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია გააკეთებს ყველაფერს, რომ საკანონმდებლო ორგანო ქუთაისში დარჩეს.

„ე.წ. ხელისუფლება და ვიღაცის “ოცნება” დაკავებულია იმით, რომ საქართველოს ისტორიული დედაქალაქიდან წაიღონ პარლამენტი. პირობას გაძლევთ, რომ არ წავაღებინებთ. თუ იმ საცოდავ ყრუ პროვინციელებს, რომელიც ივანიშვილმა შეყარა პარლამენტში ქუთაისში ცხოვრება ეთაკილებათ და არ მოსწონთ, აი ჩვენ ნეტავი აქ გადმოგვიყვანა საცხოვრებლად,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სიტყვით გამოსვლის დროს გრიგოლ ვაშაძემ ისაუბრა სკანდალურ ჩანაწერებზეც, რომელშიც მირზა სუბელიანი ფიგურირებს. მისი თქმით ამ ჩანაწერებიდან კარგად ჩანს რომ ქვეყანას მართავენ ბანდფორმირებები ფარცხალაძის და სუბელიანის სახით.

„შავი ორშაბათი გათენდა, როდესაც “რუსთავი-2”-ზე გავიდა ჩანაწერები და ამ ფირმა დაგვანახა რა მასშტაბების შეთქმულება არის სახელმწიფო წინააღმდეგ. ჩვენ დავინახეთ, რომ აღარც სახელმწიფო გვაქვს, აღარც კანონი მოქმედებს და ყველა ინსტიტუცია არის მაფიის განშტოებად გადაქცეული,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილიც გააკრიტიკა და მას მარიხუანის დედოფალი უწოდა. საპრეზიდენტო კანდიდატმა მოქალაქეებს მოუწოდა კარგად დაფიქრდნენ არჩევანის გაკეთების დროს, რადგან ეს არ არის კარგ და უკეთეს ცხოვრებას შორის, არამედ ეს არის არჩევანი კარგ და ცუდ ცხოვრებას შორის.

მისი თქმით, პირველივე ტურში უნდა დამარცხდეს „ოცნების“ ხელისუფლება და ქვეყნის სათავეში უნდა მოვიდეს დემოკრატიული კოალიციური მთავრობა.

გრიგოლ ვაშაძემ მოუწოდა ამომრჩეველს, რომ 28 ოქტომბერს მაქსიმალურად ბევრი ადამიანი მივიდეს საარჩევნო ყუთებთან და დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი.

banner
წინა სტატიაშიმოვითხოვე შეხვედრა მირზა სუბელიანთან – ირმა ინაშვილი
შემდეგი სტატიაგამოვითხოვთ მასალებს და ვნახავთ, რამდენად კანონიერად ხდებოდა ჩაწერა – გიორგი ბურჯანაძე