“ქართული ოცნების” წევრი, გიორგი სოსიაშვილი BBC-ის საგამოძიებო მასალაზე კომენტარს აკეთებს.
საუბარია, საგამოძიებო ფილმზე, რომლის თანახმადაც, გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
“გამოძიება მიდის. რაც შეეხება ვიღაცის ჭორაობას და ვიღაცის ნაბოდვარზე ამხელა სამაუწყებლო კორპორაციის მიერ სიყალბის აგებას, არის აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი და კონკრეტული დანაშაული. სად დავიხიეთ [უკან]? ვისთან დაგვიხევია, რომ ახლა დავიხიოთ? ქართველი ხალხი არავის წინაშე არ იხევს, კარგად დაიმახსოვრეთ. ქართულ ოცნება არის ქართველი ხალხის არჩეული ეროვნული ხელისუფლება”- თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.


















