ვიღაცას შეიძლება გაუჩნდეს კითხვა — ზარქუა?! დიახ, ზარქუა.
მას წალენჯიხელობაში არავისთან შეშლია. სადაც არ უნდა ყოფილიყო და რა თანამდებობაც არ უნდა ეკავოს, საკუთარი კუთხის პრობლემებზე საუბარი არასოდეს შეუწყვეტია და არც ადამინების დახმარება.
სქურის გზა სწორედ იმ საკითხებს შორის იყო, რომელსაც წლების განმავლობაში მუდმივად აყენებდა და მის განხორციელებას ითხოვდა.
თუ ეს პროექტი ბოლომდე განხორციელდება, ეს არ იქნება მხოლოდ გზის დაგება. ეს იქნება სააშვილიშვილო საქმე-პროექტი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მოემსახურება წალენჯიხას, მის მოსახლეობას, ტურიზმის განვითარებას, ეკონომიკურ წინსვლასა და მომავალი თაობების კეთილდღეობას.
კარგ საქმეს აღიარება უნდა, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიებისა თუ განსხვავებული შეხედულებებისა. თუ მრავალწლიანი პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრება, ბუნებრივია, უნდა ითქვას, ვის ჰქონდა ამ საკითხის მუდმივად დაყენებასა და წინ წაწევაში თავისი წვლილი.
სქურის გზა შეიძლება გახდეს იმის მაგალითი, რომ საკუთარი კუთხის ინტერესების თანმიმდევრული დაცვა საბოლოოდ რეალურ შედეგს იძლევა. თუ ეს პროექტი დასრულდება, მისით ისარგებლებს მთელი წალენჯიხა და ეს იქნება გამარჯვება არა ერთი ადამიანის, არამედ მთელი მუნიციპალიტეტის.
წალენჯიხელობა მხოლოდ დაბადების ადგილი არ არის. ეს არის პასუხისმგებლობა საკუთარი კუთხის წინაშე, მისი პრობლემების მიმართ და მისი განვითარების პროცესში მონაწილეობა.
რა თქმა უნდა, პოლიტიკაში ყოველთვის არსებობს განსხვავებული შეფასებები, ირონიული კომენტარები და სხვადასხვა იარლიყები. ამას თან ახლავს კრიტიკაც, რომელიც ხშირად სცდება კონკრეტულ საკითხს და პიროვნულ შეფასებებში გადადის. თუმცა ამ პროცესს უნდა ჰქონდეს ერთი მთავარი საზომი რეალური საქმე და შედეგი.
ზარქუას მიმართაც შეიძლება არსებობდეს კითხვები, შეფასებები და განსხვავებული აზრები, როგორც ნებისმიერი საჯარო ფიგურის შემთხვევაში. მაგრამ ფაქტია, რომ სქურის გზის მსგავს პროექტებზე საუბარი დიდი ხანია არ წყდებოდა და სწორედ ასეთი მუდმივი დაყენება საბოლოოდ ქმნის რეალური განხორციელების შესაძლებლობას.
მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შეფასება იყოს დაბალანსებული. ერთ მხარეს არის კრიტიკა და პოლიტიკური ინტერპრეტაციები, მეორე მხარეს კი რეალური პროცესები და შედეგები, რომლებიც კონკრეტულ მუნიციპალიტეტზე აისახება.
ჩემთვის მთავარი სწორედ ესაა ვთქვა როგორც არის: წალენჯიხის განვითარებაზე საუბრისას უნდა ითქვას ყველაფერი, როგორც მიღწევები, ისე ის სირთულეები და განსხვავებული შეფასებები, რაც ამ პროცესს ყოველთვის ახლავს თან. საბოლოოდ კი ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც შედეგია, რომლითაც სარგებლობს ხალხი.















