,,ვიდრე საზოგადოებაში კონსენსუსი არ იქნება, კანონპროექტის განხილვას პარლამენტი აჩერებს”

ვიდრე საზოგადოებაში კონსენსუსი არ იქნება, ამ კანონპროექტის განხილვას პარლამენტი ჯერჯერობით აჩერებს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მარიხუანას წარმოების ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე საჭიროა ფართო ჩართულობა.

„ორი კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი იყო ინიციატივაში, რომელიც მთავრობამ პარლამენტში გადააგზავა. აქ საუბარია იმაზე, რომ საქართველოში მარიხუანას მოხმარება უკონტროლოდ ვერ იქნება და ეს საჭიროებდა რეგლამენტირებას, დარეგულირებას, კონკრეტული აკრძალვების შემოღებას. ვფიქრობ, ამ ნაწილში საზოგადოება თანხმდება. აქ არის მთლიანი კონსენსუსი და ამ კანონის მიღებას ალბათ, პარლამენტი გააგრძელებს. რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, რომელიც ეხებოდა მხოლოდ სამედიცინო კანაფის კულტივირებას და საექსპორტო ოპერაციებს, აქ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს და ვიდრე საზოგადოებაში კონსენსუსი არ იქნება, ამ კანონის განხილვას პარლამენტი ჯერჯერობით აჩერებს. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოების ფართო ჩართულობით კონსულტაციები გაიმართოს და მეორე საკითხთან თუ იქნება შეჯერებული პოზიცია, კანონპროექტის მიღება მოხდება“, – განაცხადა დავითაშვილმა.

რაც შეეხება სააგენტოს, რომელიც წარმოების ლიცენზირებას დაარეგულირებს, დავითაშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხზეც იქნება მსჯელობა.

„როგორც წესი, ყველა იმ ქვეყანაში, სადაც სამედიცინო კანაფის წარმოება, მოყვანა და ექსპორტი დაშვებულია, ეს ოპერაციები ლიცენზირებადი, კონტროლირებადი და მკაცრად რეგლამენტირებულია. არსად თავისუფალ წარმოებაში დაშვებული არ არის. შესაბამისად, საქართველოშიც არცერთი ვერსიით არ მოიაზრებოდა თავისუფალი წარმოების დაშვება. რაც შეეხება ორგანიზაციას, ყოველთვის არსებობს ასეთი ტიპის ორგანიზაციები, რომლებიც ზუსტად ამ საკითხებზე არიან პასუხისმგებლები. როგორი ფორმით იქნება ეს ორგანიზაცია, ესეც ფართო მსჯელობის საგანი იქნება“, – განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობას მომზადებული აქვს „კანაფის კონტროლის შესახებ” კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საექსპორტოდ კანაფის მოყვანა-წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

banner
წინა სტატიაშიროცა საზოგადოებასთან მოხდება კომუნიკაცია, ყველასთვის ცხადი იქნება, რომ მედიცინისა და კოსმეტიკის მიმართულებით ეს პრობლემას არ წარმოადგენს
შემდეგი სტატიაკათოლიკოს-პატრიარქი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა