ვიდრე ივანიშვილი მოიაზრება არაფორმალურ მმართველად, კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მივიღებთ – ჩვენ კონკრეტულ წინადადებებს წარმოვადგენთ, რა შეიძლება გაკეთდეს – სამადაშვილი

ჩვენი პოზიცია იგივე რჩება – ამ მთავრობის, ამ მინისტრთა კაბინეტის პირობებში არ შეიძლება გვქონდეს მოლოდინი, რომ ქვეყანა წარმატებას მიაღწევს. ამიტომ ისევ და ისევ, მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივას, რომ შეიქმნას ეროვნული თანხმობის კაბინეტი, მთავრობა, რომელიც შეძლებს, ქვეყანამ გადადგას ის ნაბიჯები, რაც გვჭირდება კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტთან ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, ახლა საჭიროა მოქმედება, რისთვისაც წინადადებას დაროულად წარმოადგენენ.

„არავინ შეცდომაში რომ არ შევიდეს , ჩვენი პოზიცია ასეთია: რაიმე კომისიების შექმნა კი არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომელიც მათ შორის უკვე არის შეთანხმებული. მაგალითად, მიშელის შეთანხმების ფარგლებში, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. მე შემიძლია ცალსახად და სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ მმართველი გუნდი რომ არ გასულიყო მიშელის შეთანხმებიდან და შეესრულებინა ყველა ის პუნქტი, რაზეც შევთანხმდით, საქართველოს შესაძლოა უკვე ჰქონოდა მიღებული კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ამიტომ, ჩვენი პოზიციაა, რომ საჭიროა კონკრეტული მოქმედება, კონკრეტულად ნაბიჯების გადადგმა და არა, თვეებით გადავადება , რაღაც კომისიების შექმნა და მერე კომისიებში მსჯელობის გამართვა, რომელსაც არანაირი რეალური შედეგი არ ექნება და მხოლოდ დროის კარგვაა. ამიტომ, ჩვენ უახლოეს მომავალში, მათ შორის, ჩვენს კონკრეტულ წინადადებებს წარმოვადგენთ, რა შეიძლება გაკეთდეს დაუყოვნებლივ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, ეს პირდაპირი განაცხადია, რომ კობახიძეს და მის პოლიტიკურ გუნდს არანაირი დღის წესრიგი არ აქვს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.

„სანამ ივანიშვილი მოიაზრება ამ ქვეყნის არაფორმალურ მმართველად, საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს“, – აცხადებს სამადაშვილი.

წინა სტატიაშიძლიერი წვიმის შედეგად მარტვილის ცენტრალური ნაწილი და მიმდებარე ქუჩები დაიტბორა
შემდეგი სტატიასტიქია გალში – ძლიერი წვიმის შედეგად სახლები დაიტბორა (ვიდეო)