(video)შსს ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძის ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აუტიდის სამსახურის უფორსის ლაშა თორდიასა და ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას აქვეყნებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, მოგაწოდოთ ინფორმაცია 2017 წლის 13 მაისს ღამის კლუბ „ელ ცენტროში“ გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას და საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ.

2017 წლის 13 მაისს, შსს-ს ძველი თბილისის სამმართველოში, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, რომლის თანახმად ლაშა თორდიას ღამის კლუბ „ელ ცენტროში“ მისთვის უცნობმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

საქმეზე მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება: გამოიკითხნენ ინციდენტში მონაწილე პირები და თვითმხილველები, ამოღებულია ყველა მნიშვნელოვანი მტკიცებულება, დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები. გამოძიების მიერ ასევე მოპოვებულია ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა.

საქმეზე გამოკითხული ლაშა თორდიას ჩვენებით, 13 მაისს, ღამის საათებში, იგი ღამის კლუბ „ელ ცენტროს“ ღია ტერასაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მისვლიდან რამდენიმე ხანში, ლაშა თორდიამ მეგობართან ერთად გადაწყვიტა შენობის შიგნით განთავსებულ ბართან მისულიყო. შენობაში შესვლისას მას შეხვდა ოთარ ფარცხალაძე, თანმხლებ პირებთან ერთად. შეხვედრისთანავე ოთარ ფარცხალაძემ ლაშა თორდია გვერდით გაიხმო და აგრესიული ტონით მიმართა, თუ რატომ აგროვებდა მასზე კომპრომატებს და სამსახურებრივი ვადის გასვლის შემდეგ, როგორ აპირებდა ცხოვრების გაგრძელებას. საუბრის დროს ისინი გამოვიდნენ „ელ ცენტროს“ ტერასაზე. ამ დროს საუბარში ჩაერია ოთარ ფარცხალაძის გვერდით მყოფი, იმ დროისთვის თორდიასთვის უცნობი პირი – მიხეილ ჩოხელი. ლაშა თორდია დაინტერესდა, თუ ვინ იყო ეს ადამიანი, რა დროსაც მარცხენა მხრიდან, თვალის არეში მოხვდა ხელი, თუმცა მან არ იცის, ვინ დაარტყა. აღნიშნულს მოჰყვა კიდევ რამდენიმე დარტყმა თავისა და სახის არეში. მისი ცემა გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდა, რის შემდეგაც იქ მყოფი პირები შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ. მომხდარ ფაქტს ლაშა თორდია თავის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ სწორედ ამ ნიშნით დაესხა თავს ოთარ ფარცხალაძე.

გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხნენ ლაშა თორდიას თანმხლები პირები, რომლებმაც გამოძიებას ზოგადი ხასიათის ინფორმაცია მიაწოდეს, თუმცა ისინი ვერ უთითებენ ინციდენტის დეტალებზე, ხოლო მომხდარის მიზეზების შესახებ მხოლოდ ლაშა თორდიასგან იციან.

საქმეზე გამოიკითხნენ ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი პირები, რომლებმაც გამოძიებას შემდეგი სახის ჩვენება მისცეს: 13 მაისს, ღამის საათებში, ოთარ ფარცხალაძე მეუღლესთან, მეგობარ მიხეილ ჩოხელთან და დაცვის თანამშრომელთან ერთად „ელ-ცენტროში“ იმყოფებოდა. დაახლოებით, 02:00 საათისთვის მათ წასვლა დააპირეს, რა დროსაც შენობის გასასვლელ კართან ლაშა თორდია შემოხვდათ. ეს უკანასკნელი მათ მიესალმა, მაგრამ მისალმების ფორმის გამო მათ შორის შელაპარაკება მოხდა, რაც „ელ ცენტროს“ ტერასაზე გაგრძელდა. იქვე მივიდა მიხეილ ჩოხელი და დაცვის წევრიც. კამათის დროს ლაშა თორდია უფრო აგრესიული გახდა, ოთარ ფარცხალაძეს თავი ახლოს მიუტანა და ფაქტობრივად, ყვირილით უთხრა, რომ უნდა სცოდნოდა, ვის როგორ მისალმებოდა. ამის საპასუხოდ ფარცხალაძემ აიქნია ხელი სიტყვებით – „აბა, შენ რა უნდა გელაპარაკო“ და წასასვლელად შემოტრიალება სცადა, რა დროსაც ლაშა თორდიამ ხელი მოიქნია, რომელიც ოდნავ შეეხო ოთარ ფარცხალაძეს და შუბლის არეში მოხვდა მიხეილ ჩოხელს. ჩოხელი შეეცადა, ფიზიკური წინააღმდეგობა გაეწია თორდიასთვის. მომხდარში დაცვის თანამშრომელიც ჩაერია, რომელიც ფიზიკური ძალის გამოყენებით ცდილობდა ლაშა თორდია დასაცავი ობიექტისგან მოშორებით გაეყვანა. მათთან აღმოჩნდნენ „ელ-ცენტროს“ დაცვის თანამშრომლებიც და კონფლიქტი, რომელიც, არაუმეტეს 10-20 წამი გრძელდებოდა, განიმუხტა. მათი შეფასებით, მომხდარი ფაქტი არის პროვოკაციის მცდელობა.

საქმეზე გამოკითხული ნეიტრალური მოწმეების ჩვენებებით დგინდება, რომ ოთარ ფარცხალაძე და ლაშა თორდია, მათთან მყოფ მიხეილ ჩოხელთან და დაცვის წევრთან ერთად, ერთმანეთს კლუბის შენობის გასასვლელთან შეხვდნენ, მისალმებასთან დაკავშირებით საუბრობდნენ, მაგრამ საუბრის დეტალებზე, ბარში არსებული ხმაურის გამო ვერ უთითებენ. აღნიშნულის შემდგომ მათ ტერასაზე გადაინაცვლეს, სადაც საუბარი უკვე დაძაბულ ვითარებაში გაგრძელდა, რა დროსაც ლაშა თორდიამ ხელი მოიქნია და მიხეილ ჩოხელს მოარტყა. დაპირისპირებულმა მხარეებმა ძიძგილაობითა და ერთმანეთში ჭიდილით კლუბის შესასვლელ კართან გადაინაცვლეს. კონფლიქტში კლუბის დაცვაც ჩაერია და ინციდენტი ძალიან მალე ამოიწურა, რის შემდგომ ფარცხალაძემ და მისმა თანმხლებმა პირებმა „ელ-ცენტროს“ ტერიტორია დატოვეს, ხოლო ლაშა თორდია ადგილზე დარჩა. მოწმეთა ჩვენებით, დაპირისპირება რამდენიმე წამი გრძელდებოდა.

საქმეზე გამოკითხული არც ერთი მოწმე, მათ შორის, არც ლაშა თორდია არ მიუთითებს, რომ მას ხელი ოთარ ფარცხალაძემ დაარტყა.

გამოძიების მიერ მოპოვებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, თუ როგორ საუბრობენ „ელ ცენტროს“ ტერასაზე ლაშა თორდია და ოთარ ფარცხალაძე, რა დროსაც მათთან ერთად იმყოფება მიხეილ ჩოხელი და დაცვის წევრი, როგორ ხდება კონფლიქტი, რომელიც ძალიან მალე, დაახლოებით, 20 წამში მთავრდება, რის შემდეგაც ოთარ ფარცხალაძე თანმხლებ პირებთან ერთად მშვიდად ტოვებს „ელ ცენტროს“ ტერიტორიას, ხოლო ლაშა თორდია ადგილზე რჩება.

ვიდეოჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით დანიშნულია ფონოსკოპური ექსპერტიზა, ხოლო ლაშა თორდიასა და მიხეილ ჩოხელის სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის მიზნით დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები. გამოძიების ფარგლებში ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და მათი შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას-ნათქვამია განცხადებაში.

https://youtu.be/lTQJPxCbx9Q

banner
წინა სტატიაში„ყველაფერი, რაც კონსტიტუციაში ჩაიწერება, უნდა იყოს გამოძახილი ჩვენი ისტორიის, ჩვენი პოლიტიკური კონტექსტის, ჩვენი ინტერესების“ – ანა დოლიძე
შემდეგი სტატია(ვიდეო) ლაშა თორდია: სამარცხვინოა ეს ყველაფერი