16 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 104 წლის იუბილეს აღნიშნავდა.
იმავე დღეს განათლების მინისტრი სცენაზე იდგა და უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე, მის ისტორიასა და განათლების სისტემაში მის როლზე საუბრობდა. სიტყვაში არ გაჟღერებულა არც უნივერსიტეტების გაერთიანების იდეა, არც განათლების ხარისხის კრიტიკა და არც ინფრასტრუქტურის პრობლემებზე აქცენტი, რომელიც მოგვიანებით პროპაგანდისტული მედიის მთავარ ნარატივად იქცა.
სულ რამდენიმე კვირაში კი რიტორიკა რადიკალურად შეიცვალა.
გაჩნდა იდეა, რომელიც აკადემიური საზოგადოების ინიციატივას არ ჰგავდა და უფრო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას დაემსგავსა- ორი ისტორიული უნივერსიტეტის გაერთიანება!
ლოგიკური კითხვა გაჩნდა: თუ უნივერსიტეტი რამდენიმე კვირის წინ წარმატების მაგალითად სახელდებოდა, რა შეიცვალა 16 იანვრის შემდეგ- უნივერსიტეტი, თუ პოლიტიკური დღის წესრიგი?!
კიდევ ერთი კითხვა, რომელიც პასუხს ელოდება-რატომ არ გაჟღერდა ეს ინიციატივა უნივერსიტეტის იუბილეზე, მაშინ, როცა სწორედ, იქ იყვნენ შეკრებილი პროფესორები, მეცნიერები და სტუდენტები-ადამიანები, ვისაც ეს გადაწყვეტილება უშუალოდ ეხება?!
შექმნილი შთაბეჭდილება მარტივია: ან პრობლემები, რომლებზეც დღეს საუბრობენ, მაშინ არ არსებობდა, ან საზოგადოებას სრული სიმართლე არ უთხრეს.
ორივე შემთხვევაში ირღვევა სანდოობა,როგორც განათლების სისტემის მიმართ, ასევე, გადაწყვეტილების მიმღებთა მიმართაც.
ამიტომ, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 16 იანვრის გამოსვლის გახსენება,რათა საზოგადოებამ თავად შეაფასოს, რამდენად თანხვედრაშია მაშინდელი სიტყვები დღევანდელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან!
ავტორებო: აკო ქიქავა, ბერდია კალანდია














