(video) შსს-მ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტზე შვიდი პირი დააკავა, მათ შორის ოთხი ერთი ოჯახის წევრია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის მასშტაბური სქემა გამოავლინა. დაკავებულია 7 პირი. დაკავებულთა შორის 4 ბრალდებული ერთი ოჯახის წევრია: დედა, მამა და 2 შვილი.

“7-კაციანი ორგანიზებული ჯგუფი წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდა. კერძოდ, ისინი ინტერნეტით ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას. ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად, ორგანიზებული ჯგუფისგან ამოღებულია 2 125 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. შვიდივე დაკავებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

აღნიშნული ორგანიზებული ჯგუფი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მათ მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით დააკავეს.

რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა, ინტერნეტ-პლატფორმა ,,მატანგა’’-ზე დაარეგისტრირეს მაღაზია სახელით ,,MEGASHOP’’, რომლის მეშვეობითაც ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. კერძოდ, ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მცირე შეკვრებად აფასოებდნენ, თბილისში სხვადასხვა მისამართზე, სამალავებში ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და შესაბამისი აღნიშვნებით და კოორდინატებით ნარკოტიკული საშუალების შემძენ პირებს უგზავნიდნენ, ხოლო თანხა ვებ-გვერდ ,,მატანგა’’-ს ანგარიშზე ერიცხებოდათ.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლის და ავტომანქანის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამოღებულია: 2 125 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერება და აბები: „მდმა“, „მეტამფეტამინი“, „ამფეტამინი“ და კოკაინი. გარდა ამისა, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ავტომანქანები, დიდი ოდენობით ფულადი თანხა, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომლითაც ისინი ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. პოლიციამ, ბრალდებულების მითითებით, თბილისში სხვადასხვა ადგილიდან, სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს.” აცხადებენ შსს-ში

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავა
შემდეგი სტატია“არცერთი სფერო არ არის დარჩენილი, სადაც წინსვლა არ არის” – კალაძე