(Video) სარეკლამო კომპანია “პანდა”, რომელსაც რამოდენიმე დღის წინ Facebook-მა გვერდები დაუბლოკა, ვიდეო მიმართვას ავრცელებს

სარეკლამო კომპანია “პანდა”, რომელსაც რამოდენიმე დღის წინ Facebook-მა გვერდები დაუბლოკა, ვიდეო მიმართვას ავრცელებს. ვიდეოში “პანდა” აცხადებს, რომ მედიაში ინფორმაცია “არასწორი ინტერპრეტაციით” გავრცელდა თუმცა არ უარყოფენ, რომ კომპანია სოციალურ ქსელში “დიდ რესურსებს ფლობს და აქირავებს”.

პანდას განცხადებითვე, მათი მომსახურებით 2 სხვადასხვა ტელეკომპანია, (ფორმულა და “მთავარი არხი”) იყო დაინტერესებული, თუმცა “მათ ვერ მოახერხეს ჩვენი რესურსების სათავისოდ გამოყენება”. ცნობისთვის, “პანდას” მიერ დასახელებული ორივე კომპანიაში ამ ცნობას ტყუილი უწოდეს.

“ჩვენ ბევრი შეცდომა დაგვიშვია. წლებმა და გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ბოდიშის მოხდა უფრო რთულია, სიმაღლე სჭირდება და ჩვენ ეს არ გვიჭირს. ყველანაირად ვცდილობთ არ დავკარგოთ მოვლენების ობიექტურად შეფასების უნარი და კრიტიკულად შევაფასოთ საკუთარი თავები. თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც არ თვლი რომ დამნაშავე ხარ.

უპასუხისმგებლო მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს პირადი ინფორმაცია გადაუმოწმებლად. არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელებულმა ინფორმაციამ ჩვენსა და ჩვენს ოჯახებზე ფსიქოლოგიურად იძალადა. ჩვენი კომპანია ფლობს და აქირავებს დიდ რესურსებს სოციალურ ქსელში შესაბამისად, არაერთი შემოთავაზება გვქონია სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მათი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინათ. არასოდეს, არანაირი ფინანსური სარგებელი არ ყოფილა ჩვენს პრინციპებზე მნიშვნელოვანი” – ნათქვამია ვიდეომიმართვაში.

“პანდა” ასევე აცხადებს, რომ ინფორმაცია მედიაში გადამოწმების გარეშე გავრცელდა და ირწმუნებიან, რომ ფეისბუკს არ დაუდასტურებია კავშირი პანდას ოფიციალურ გვერდსა და დანარჩენ გვერდებს შორის, თუმცა “ფესიბუკის” განცხადებაში წერია, რომ მათმა გამოძიებამ სარეკლამო კომპანია “პანდასა” და აღნიშნულ აქტივობებს შორის, რის გამოც გვერდები წაიშალა, კავშირი დაადგინა. ინფორმაცია თავად შეგიძლიათ გადაამოწმოთ აქ.

შეგახსენებთ, ​Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა.

Facebook-ის ცნობითვე, ეს გვერდები ავრცელებდნენ ძირითადად ადგილობრივ ამბებს. ისინი თავს ასაღებდნენ მედიასაშუალებებად და აკრიტიკებდნენ ოპოზიციურ პარტიებსა და სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებს.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრის დავალებით, ზამთრის სეზონზე მთის კურორტებზე არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად სამოქმედო გეგმა შემუშავდა
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა