(Video) საგამოძიებო სამსახურმა სამშენებლო კომპანიის დირექტორი და ხელვაჩაურის მერიის თანამშრომელი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში, სახელმწიფო ქონების დიდი ოდენობით თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულია სამშენებლო კომპანიის დირექტორი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, ხოლო ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ერთი პირის მიმართ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც იყო ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით განახორციელა ახალშენის კულტურის სახლის შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რა დროსაც, უკანონო მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში, ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების მოცულობები, რითაც, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 37 787 ლარს.

გამოძიების პროცესში, ასევე დადგინდა, რომ სამუშაოების შესრულებაზე ზედამხედველობა ევალებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს, რომელიც თავისი მხრივ სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას, დაეხმარა კომპანიის დირექტორს სახელმწიფო თანხის მოტყუებით დაუფლებაში, ხოლო, კერძო საექსპერტო დაწესებულების ექსპერტმა გასცა ყალბი დასკვნა, თითქოსდა ობიექტზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოები შესაბამისობაში იყო დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ სამუშაოებთან“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე და 362-ე მუხლის მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიბერნი სანდერსმა 41 დღის მანძილზე 18,2 მილიონი დოლარი შეაგროვა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით 2 პირი დააკავა