[ვიდეო] “მწყობრიდან გამოსული” ლევან შონია გარემოვაჭრეებს არ შეხვდა

„თქვენ ხართ პროვოკატორი“ – ამ სიტყვებით სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარეს ანა წითლიძეს გუშინ, სამხარეო ადმინისტრაციის წინ გარემოვაჭრეების საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას მიმართა. მოვაჭრეები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის ქალაქ ზუგდიდის მერთან და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან შეხვედრას ითხოვდნენ. ადგილზე მისულ რეგიონის პირველ პირს ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმებულები ხმაურით შეხვდნენ. მოვაჭრეებთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძეც იმყოფებოდა. ის დაინტერესდა თუ როგორ აპირებდა ადგილობრივი ხელისუფლება გარემოვაჭრეების საკითხის დარეგულირებას, რაზეც ლევან შონიამ უპასუხა, რომ „თქვენ გაჩერდით, თქვენ ხართ პროვოკატორი. თქვენ სამეგრელო არ გიყვართ, თქვენნაირი ადამიანები აქ არ უნდა არსებობდნენ“ – რასაც მოვაჭრეების მხრიდან ხმაური მოჰყვა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა სიტუაციაში გარკვევა და საკითხის დარეგულირება სცადა, თუმცა ანა წითლიძის კითხვაზე – „რატომ გამოდიხარ წყობილებიდან, სიმართლეს რომ გეუბნები იმიტომ?“ – ლევან შონიამ გარემოვაჭრეებს უთხრა, რომ „თუ გინდათ, რომ მე თქვენ დაგელაპარაკოთ, მაშინ მე ამასთან [ანა წითლიძე] არ ვილაპარაკებ. პასუხად ანა წითლიძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს მიუთითა, რომ წესიერად ელაპარაკა, რაზეც ლევან შონიამ გვერდით მყოფ პოლიციის თანამშრომლებს გადაულაპარაკა – „ვინ არის ბიჭო, [ეს] გააქციეთ აქედან“, ხოლო შემდეგ ტერიტორია გარემოვაჭრეების ხმაურის და შეძახილების ფონზე დატოვა.

https://youtu.be/LlrcsoUW0pc

banner
წინა სტატიაშითბილისის გენგეგმა – „სითი-ინსტიტუტ საქართველოს“ დიდი აფიორა თუ გულგრილთა შეთქმულება დედაქალაქის წინააღმდეგ?
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცოცხალი ძალის გარდა ბორჯომშია შეიარაღებული ძალების სპეციალური ტექნიკა და ცეცხლმაქრი საშუალებები